პარლამენტის წევრის, ელისო ჩაფიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, მცირდება სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და ის თხუთმეტის ნაცვლად ცხრა წევრით განისაზღვრება. ასევე, იცვლება სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესი. კერძოდ, პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით აირჩევს, სამს აირჩევს საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ასევე სამს პარლამენტის წევრთა 1/4-ზე მეტის წარდგენით, ხოლო ერთი წევრი არჩეულ იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
შემოთავაზებული კანონპროექტით, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით, რომელიც დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან.
პროექტის მიხედვით, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა და იგი განისაზღვრება სახელმწიფოს წინა წლის მშპ-ის არანაკლებ 0.14%-ით, ნაცვლად დღეს არსებული 0.12%-ისა. პროექტის თანახმად მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ექვსი წლის ნაცვლად სამი წლის ვადით განისაზღვრება.
ელისო ჩაფიძის თქმით, სიახლე არის ის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა საქმიანობას 2014 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება. პროექტის ინიციატორი ახალი კანონპროექტის ინიცირების მთავარ მიზეზად აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულ პროექტს ასახელებს. როგორც იგი აღნიშნავს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ერთიან კონტექსტში განიხილება. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება ფუნქციონირებდეს.
_ „თუმცა, აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია და რადიო კანონის საფუძველზე დაფუძნდება და მას თბილისში მდებარე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ დააფუძნებს“, – აღნიშნავს ელისო ჩაფიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცალკე დაფუძნების საკითხის კანონპროექტში ასახვას დადებითად აფასებს. თუმცა, მას მიაჩნია, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მჭიდროდ დაკავშირებული არ უნდა იყოს. მისი აზრით, აჭარის მაუწყებელი აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს, რაც თავისუფალ სიტყვას წაადგება. ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველად ინიცირებული პროექტი უფრო მისაღები იყო. მისი თქმით, ახალ პროექტში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმის ცვლილების ტემპი დაახლოებით 6 თვით არის შენელებული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან გახელაძემ პროექტის განხილვისას კანონმდებლებს მიმართა წინადადებით, რომ საბჭოს მოქმედმა წევრებმა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ვადები ბოლომდე ამოწუროს და მათი შეცვლა ეტაპობრივად, ჩანაცვლების პრინციპით განხორციელდეს. მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტით არ იკვეთება ვინ და რა ფორმით უნდა წარუდგინოს პარლამენტს ინფორმაცია იმის შესახებ თუ მეურვე არასაპატიო მიზეზით ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მისთვის ასევე მიუღებელია, რომ პროექტის თანახმად, შემოდის მეურვეთა კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ყოველწლიური აუდიტის ვალდებულება უნდა დაეკისროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. კიდევ ერთი შენიშვნა, რომელიც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ლევან გახელაძემ დააფიქსირა არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს სახელწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,2%-ით.
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში კი პროექტში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურნეო საბჭოს კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხის შეტანას მიესალმება.
_ „დიდი ხნის განმავლობაში ვხედავდით, რომ სამეურვეო საბჭო უპასუხისმგებლო იყო და თავის ძირითად მოვალეობებს არ ასრულებდა. ასეთ ვითარებაში ცვლილების არანაირი ბერკეტი არ იყო“, – აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.