შესაბამისი წინადადებით პარლამენტს კომპანიებმა – „მაგთიკომი“, „ჯეოსელი“, „ახალი ქსელები“, „ახტელი“, „სისტემ ნეტი“, „სი-ჯი-სი“, „ჯი-ტი-სი“, „საქართველოს ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო კავშირმა“ და არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა „სიტყვა ქართული“ მიმართა. მათ შესაბამისი კანონპროექტიც მომზადებული აქვთ. ცვლილებების შეტანას კი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ითხოვენ. მათი განმარტებით, მომზადებული პროექტის მიზანია, უზრუნველყოფილი და დაცული იყოს მეწარმე სუბიექტების უფლებები, არ მოხდეს მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა და კანონსაწინააღმდეგო კონტროლი, ასევე, დაცული იყოს ადამიანთა უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.
ელექტროკომუნიკაციების სფეროში მოქმედი კომპანიები მარეგულირებელი კომისიის ფორმირების წესის შეცვლის ინიციატივითაც გამოდიან და პარლამენტს ამ მიმართულებით სთავაზობენ წინადადებას, რომელიც მათივე შეფასებით, მიუკერძოებელ, პოლიტიკურ და კერძო პირთა ინტერესებისგან დამოუკიდებელი კომისიის ფორმირებას უზრუნველყოფს.
კომპანიებმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელისგან, ზურაბ ტყემალაძისგან პირობა მიიღეს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომიტეტი იმუშავებს, კანონპროექტი მათთან ერთად გადამუშავდება, დაიხვეწება და პარლამენტში კომიტეტის მიერ იქნება ინიცირებული.