უმცირესობა კანონპროექტს აკრიტიკებს, თუმცა სხვა მოსაზრებები აქვთ უმრავლესობის წევრებს. ეკა ბესელიას განცხადებით, ცვლილებები კანონის მეტი ჰუმანურობისთვისაა საჭირო. ბესელია უმცირესობის გამოსვლებს ისტერიულს და პოლიტიკურ დემაგოგიას უწოდებს.
“დღეს მთელი დღე დაიწყება მორიგი ისტერიული გამოსვლები და მთელი დღე გადაიქცევა პოლიტიკურ დემაგოგიის შოუდ, რაც უკვე ყველა ზღვარს გადადის იმიტომ, რომ ამ ცვლილებებს მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირი, ევროპის საბჭო და ჩვენი პარტნიორები დასავლეთში. რაც მთავარია ეს კეთდება კანონისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით და მეტი სამართლიანობის დატვირთვის მისაცემად. კავშირი არ აქვს ამ ცვლილებას იმასთან, რომ შემცირდება და შესუსტდება მხარდაჭერა დეოკუპაციის პროცესისადმი. ეს არის პოლიტიკური დემაგოგია,” _ განაცხადა ეკა ბესელია
პარლამენტში წარდგენილი “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ შეტანილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, დაპატიმრების ნაცვალად 400 ლარიანი ჯარიმა შეეფარდება ანუ სუბიექტის მიერ პირველად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციულით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ეს ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის განმეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.