აჭარის მთავრობის სახლში ეკომიგრანტებთან შეხვედრა დასრულდა. სამწუხაროდ, აჭარის მთავრობა და ეკომიგრანტები ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ.
აჭარის მთავრობა ეკომიგრანტებთან შეხვედრისას ძირითად აქცენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე აკეთებდა. კერძოდ, აჭარის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს პრემიერ-მინისტრისგან ეკომიგრაციის საკითხებზე მუშაობის დავალება მიეცა. შესაბამისად, აჭარამ გამოსახლებულებს პროცესში ჩართვის პირობა მისცა და ყველა ინსტანციაში შუამდგომლობას დაპირდა.
თუმცა, გამოსახლებულებმა ვერ მიიღეს პასუხი მთავარ კითხვაზე: “სად წავიდეთ?”
თემურ მგელაძე, შეხვედრის მონაწილე, ეკომიგრანტი სოფელ ავრანლოდან: “თბილისში პასუხის მიღება კი არა, კითხვის დასმის საშუალებაც არ მოგვეცა. ამიტომ, როგორც აჭარლებმა და ეკომიგრანტებმა, აჭარის მთავრობას მივმართეთ. აქცია მანამდე არ დაიშლება, სანამ ჩვენს ხმას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს არ მივაწვდენთ. ჩვენ არც სახელმწიფოს წინააღმდეგ ვილაშქრებთ და არც პოლიტიკაში ვერევით. უბრალოდ, გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ხალხს სახელმწიფო ღია ცის ქვეშ ტოვებს. არც ტენტი გვაქვს, არც თავშესაფარი. როგორც წუხანდელი ღამე გავათიეთ, ამაღამაც ისე ვიქნებით. ჯერ–ჯერობით ვერ ვხედავთ, რომ ჩვენი ტკივილი გულთან ახლოს ვინმეს მიჰქონდეს. არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. არადა, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია”.
ეკომიგრანტების ჯგუფი წალკის სხვადასხვა სოფლებიდან (ავრანლო, ედიქილისა, თეაქილისა, არწივანი) აჭარაში გუშინ საღამოს 16 მიკროავტობუსით ჩამოვიდა. აქედან რვა სამარშრუტო ტაქსი ხულოში დარჩა, დანარჩენი კი ბათუმში მთავრობის სახლთანაა გაჩერებული. ეკომიგრანტები ღამეს მიკროავტობუსებში ათევენ.
“ათი წელია, რაც ყურადღებას ვითხოვთ. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყველა ინსტანციას მივმართეთ. ვითხოვდით, რომ შეგვხვედროდა ვინმე, ვინც ჩვენს პრობლემებს მოისმენდა და გადაწყვეტილებას მიიღებდა. ერთადერთი, პატრიარქი შეგვხვდა და დახმარება აღგვითქვა. ამის მერეც თვეები გავიდა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ისევ სრული იგნორირებაა. აქციების გარდა სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ისედაც ქუჩაში ვართ დარჩენილები და მანამდე ვიდგებით, სანამ არ მოგვხედავენ,” – აცხადებენ აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ეკომიგრანტები.
ეკომიგრანტების განცხადებით, გასული წლის ზაფხულიდან წალკაში ბერძნების დაბრუნების პროცესი დაიწყო. მათი ინფორმაციით, დღეისთვის უკვე 700-მდე ბერძნული ოჯახია დაბრუნებული. შესაბამისად, ამდენივე ეკომიგრანტ ოჯახს სახლის დატოვება მოუხდა.
თემურ მგელაძე: “მხოლოდ ჩემი სოფლიდან 55 ოჯახია ღია ცის ქვეშ დარჩენილი. დამატებით 15 კომლი მეზობელს შეუსახლდა. კიდევ ხუთი ოჯახი შესახლებულია სკოლა-ინტერნატის გაუქმებულ შენობაში. წალკაში მთლიანად 3300 აჭარელი ეკომიგრანტია. აქედან სახლი მხოლოდ 350 ოჯახს აქვს დარეგისტრირებული”.
ეკომიგრანტები ცალსახად აფიქსირებენ, რომ არსად შეჭრას არ აპირებენ და დახმარებამდე მიკროავტობუსებში დარჩებიან.”