მისი სტუმრობის მიზანი კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების _ “გურიასა” და “მანდილის” რეპერტუარის ჩაწერა და ანსამბლებისთვის კონსულტაციის გაწევა იყო.
ნანა ვალიშვილი: “ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა დაიწყო რეგიონებში არსებული ანსამბლების აუდიო-ვიდეო ალბომების გამოცემაზე მუშაობა. ეს ის პროექტია, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ყველასთვის. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფინანსურად და შემოქმედებითად, მხარს უჭერს ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეს. ეს გულისხმობს ადგილზე ჩასვლას ხმის ჩამწერი სტუდიით, ჩანაწერის დამუშავებას, ბიოგრაფიული და შემოქმედებითი მონაცემების დამუშავებას და ბუკლეტის მომზადებას გამოსაცემად. ამჯერად ჩემი ჩამოსვლის მიზანი გახლავთ ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების _ “გურიას” და “მანდილის” რეპერტუარის გაცნობა, გარკვეული კონსულტაციები და რაც ყველაზე მთავარია, ანსამბლ “გურიას” მომზადება სოლო ალბომის ჩასაწერად. ჩვენ ამ ანსამბლებთან წლებია, გვაქვს შემოქმედებითი ურთიერთობა. ეს ის ანსამბლებია, რომლებიც, ვფიქრობ, ჩვენი არქივის მონაცემთა ბაზაში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებენ. შემოსულია თხოვნა, გარკვეული კონსულტაციები გაეწიოს ანსამბლ “დაბლაციხეს”. ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ სოფლის ანსამბლები არსებობდეს. ახლო მომავალში კვლავ ჩამოვალთ კონსულტაციების ჩასატარებლად, შემდეგ კი სიმღერებსაც ჩავწერთ.
მინდა, რეგიონში არსებულ ყველა ანსამბლს ვთხოვო, არ დაივიწყოს თავიანთი კუთხის სასიმღერო ტრადიციები, განავითაროს იგი და დანერგოს თავის რეპერტუარში. რაც უფრო მეტი ანსამბლი იმღერებს ტრადიციულ სიმღერას, მით უკვდავი იქნება ჩვენი ფოლკლორი და ქართული გენი.”