ისინი 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ თეკლათის თემის ტერიტორიაზე 190 ჰექტარი მიწის გასხვისების დროს საძოვრების გაყიდვას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით მათ რამდენიმე დღის წინ თხოვნით მიმართეს ბიძინა ივანიშვილს, რათა პირად კონტროლზე აეყვანა ეს საქმე. დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე კიდევ ერთი განცხადება შეიტანეს.
“გურია ნიუსს” აქციის მონაწილე გულნარა ლაშქარავა დაუკავშირდა.
_ თქვენ დავით უსუფაშვილთან შეხვედრას ითხოვდით. მოახერხეთ შეხვედრა?
_ არა, უსუფაშვილთან შეხვედრა არ მოხერხდა. აქციის ორი მონაწილე შეიყვანეს. მათ კანცელარიაში შეიტანეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. კანცელარიაში გვითხრეს, რომ განცხადება გატარდა, მერე ჩვენი რაიონის გამგებელს დაეწერება და ალტერნატიული ფართის გამონახვას შეეცდება. გვითხრეს, პასუხი ორშაბათს გექნებათო.
_ რას აპირებთ _ შიმშილობა მაინც დაიწყება სენაკის გამგეობის წინ?
_ დღეს აღარ დაიწყება შიმშილობა. დაველოდებით ორშაბათის პასუხს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავჩერდებით. იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ საძოვრებს არ დაგვიბრუნებენ.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები სენაკში დაბრუნდნენ.