_ პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ძალიან ვაფასებ ჟურნალისტის პროფესიას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ჟურნალისტი და მაქვს გამორჩეულად კარგი ურთიერთობა მედიასთან. ეს არის ჩემთვის წლების განმავლობაში ის, რაც მე მომყვება და პატივს ვცემ ამ პროფესიას. თუმცა, აქ არის ერთი საკითხი, როგორც ყველა პროფესიაში და სისტემაში არსებობს პრობლემა, რომ არიან პროფესიონალები, კეთილსინდისიერი ჟურნალისტები და არის პრობლემა, როდესაც რომელიმე პროფესიას იყენებენ ძალიან ცუდად. ასეთი პრობლემებისგან შორს არც მედია დგას. თქვენს რიგებში საჭიროა გარკვეული ტიპის პრობლემების დანახვა. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტი, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს, არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ პროფესიას და თავად აყენებს შეურაცხყოფას ზოგჯერ გადაუმოწმებელი ინფორმაციით. ზოგჯერ, ინფორმაციის გავრცელება და მიწოდება ეთიკური ნორმების დარღვევით ხდება და ეს პრობლემა ჩანს მედიაში. პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულად პატივს სცემს მედიას და ამის დასტურია მისი ასეთი მასშტაბით შეხვედრები და ღია დისკუსია ჟურნალისტებთან.
_ პრემიერ-მინისტრს კრიტიკული კითხვები ხომ არ აღიზიანებს?
_ არა, ნამდვილად არ არის ასე, დამერწმუნეთ.
_ თუმცა, ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრი გაღიზიანდა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე.
_ მესმის, შეიძლება იქ ვერ მოხერხდა კონკრეტული მასალის შემოწმება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ყურადღებას აქცევს ყველა კრიტიკულ მოსაზრებას და შენიშვნას, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, ასეთი ფაქტები გადავამოწმოთ. ჟურნალისტი როდესაც გვაწვდის რაღაც ინფორმაციას, რეაგირება უნდა გავაკეთოთ შესაბამის ორგანოებთან ერთად და შევისწავლოთ. ახლა, მე მგონი, ძალიან გახსნილია ხელისუფლება მედიასთან ურთიერთობაში. ასეთი შეხვედრები არის ძალიან კარგი. მე პირადად მივესალმები და საერთოდ ღია ურთიერთობა მაქვს მედიასთან. _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ეკა ბესელიამ.