“საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა საჯარო განცხადებით მივმართეთ საქართველოს სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და გამოკვეთილად გამოვხატეთ საკუთარი პოზიცია საქართველოში სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის უალტერნატივო აუცილებლობასთან დაკავშირებით.
ჩვენ გვჯერა, რომ მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა მკაფიოდ უჭერს მხარს და იზიარებს მიდგომას, რომ სასამართლო ხელისუფლების რეალური ავტონომიურობა უპირველესად სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირებასა და დისციპლინურ წარმოებაში უშუალოდ მოსამართლეთა სრულფასოვანი ჩართულობით, რეალური სასამართლო თვითმმართველობის დაფუძნებითაა შესაძლებელი. ამ პოზიციის გარშემო შემოკრებით ჩვენ დასახული მიზნების მიღწევას შევძლებთ.
მიგვაჩნია, რომ წინა წლებში სასამართლო სისტემაში მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, სასამართლო რეალური დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის მქონე ხელისუფლებად საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოყალიბდა. ამის მიზეზი, ალბათ, მრავლად იყო. დღეს მოსამართლეებმა ბოლომდე უნდა ვირწმუნოთ, რომ არავის აქვს უფლება, პირდაპირ თუ ირიბად ზეგავლენა მოახდინოს მართლმსაჯულებაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი სამართლიანი, პროფესიული განსჯა, ხარისხიანი და სრულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს ჩვენი მთავარი იარაღი, ეს კი, განაპირობებს ჩვენი დამოუკიდებლობის ხელშეუვალობას.
უნდა ითქვას, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბება არ უნდა იქცეს მხოლოდ მოსამართლეთა ზრუნვის საგნად. ამ საქმეში კომპენტენციის ფარგლებში მონაწილეობას უნდა იღებდეს ხელისუფლების დანარჩენი ორი შტოც. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში აკისრია საკანონმდებლო ხელისუფლებას. დამოუკიდებლობის აღმავალ გზაზე მიმავალ სასამართლო ხელისუფლებას დაბრკოლებებს არ უნდა უქმნიდეს საკანონმდებლო რეგულაციები. აუცილებელია ამ საკითხებზე მოსამართლეთა მოსაზრებების გათვალისწინება.
არჩევანი ერთ-ერთი უდიდესი პასუხისმგებლობაა ადამიანისათვის, რადგან შესაძლებელია, რომ ის არასწორი აღმოჩნდეს. არასწორი არჩევანი მხოლოდ ჩვენ, პერსონალურად კი არ გვაზარალებს, აზარალებს ქართულ სახელმწიფოს, მის მომავალს. მოსამართლეთა არჩევანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა აქციოს თითოეული მოსამართლის დამცველ ორგანოდ. სამწუხაროდ, დღეს არასწორი არჩევანის გაკეთებისკენ სრულიად შეგნებულად და წინასწარ განზრახვით გვიბიძგებს ის, ვინც უსაფუძვლოდ ხმებს ავრცელებს სასამართლო სისტემის შიგნით, რომ, თითქოსდა, არსებობს გარკვეული რაოდენობის მოსამართლეთა სია, რომელთა მიმართ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობით ფორმირების შემდეგ, სხვადასხვა ფორმით განხორციელდება რეპრესიები, რომ – დაიწყება მოსამართლეთა დისციპლინური დევნა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ კონიუნქტურას და უჩინარი შემკვეთების სურვილებს მოერგება. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ სწორედ ჯანსაღი სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა აგვარიდებს იმ მეთოდებს, რომლებმაც ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება, სასამართლო საქმიანობაში ჩაურევლობა, პროფესიონალიზმის განუხრელი ზრდის უზრუნველყოფა, მოსამართლეთა დაუმსახურებელი სანქციებისა და დევნისგან თავის არიდების მიზნის მიღწევა სწორედ ჩვენს ხელშია. ჩვენ ერთად უნდა გამოვიყენოთ, სწორედაც რომ, ისტორიული შანსი და საფუძველი დავუდოთ მოსამართლეთა თვითმართველობას, რისი მეშვეობითაც მიიღწევა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო.
გვწამს, რომ ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას, სწორ ანალიზს, თავსმოხვეული შიშისა და ეჭვების დაძლევას და საბოლოოდ მივიღებთ სასამართლოსათვის, ქართული სახელმწიფოს სწორი განვითარებისათვის ყველაზე საჭირო გადაწყვეტილებას.
მიმართვას ხელს აწერენ მოსამართლეები:
მაია ბაქრაძე, ბესარიონ სისვაძე, დურმიშხან ჟორჟოლიანი, ალექსანდრე იოსელიანი, მანანა ჩოხელი, დავით ღიბრაძე, ლელა ცანავა, ირაკლი ადეიშვილი, თამაზ ურთმელიძე, ივანე ყიფიანი, ნანა კობახიძე, მარინა ხოლოაშვილი, ნათია გუჯაბიძე, ქეთევან დუგლაძე, მურთაზ კაპანაძე, ხათუნა არევაძე, დავით ერქვანია, თეა ხამხაძე, მანუჩარ კაპანაძე, ქეთევან კუჭავა, თინათინ ეცადაშვილი, გოდერძი გიორგიშვილი, შორენა გუნცაძე, თეიმურაზ სიხარულიძე, მურთაზ მეშველიანი, თამარ სვანიძე, მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი, თეა ბერაია, ლილი ტყემალაძე, ლელა ნოზაძე, ეკა გაბრიჩიძე, ბადრი კოჭლამაზაშვილი, ანა ჩოგოვაძე, მიხეილ ბებიაშვილი.