სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მოძრაობა “პატრიოტებმა” მერაბიშვილის თავდებში გამოშვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ვანო მერაბიშვილის დაკავებას და ქვეყანაში დღეს შექმნილ ფონს უამრავი შეფასება მოჰყვა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოებრივი სექტორის მხრიდან.
“გურია ნიუსმა” რამდენიმე კომენტარი ჩაიწერა:
ვალერი ხაბურძანია: “ვფიქრობ, სასამართლომ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა. რაც შეეხება “სამშობლოზე დარტყმებს”, ამის არ უნდა შეგვეშინდეს, ვინც ამ პროცესის გამო ზურგს შეგვაქცევს, ჩვენი ქვეყნის ინტერესის ღირსიც არაა.
რაც შეეხება მოძრაობა “პატრიოტებს”, ეს თუ ბუჩქებიდან გამომძვრალი პატრიოტები არიან, მაგათგან მსგავსი მოთხოვნა რა გასაკვირია?!”
არჩილ წაქაძე, არასამთავრობო სექტორი _”ჩვენ საქართველოს მოქალაქენი”: “სახალხო ზეიმია ქვეყანაში! ფართოდაც რომ არ მიმოვიხილოთ, მხოლოდ სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით შეიძლება ამ ფაქტის შენიშვნა. გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებას ეჩქარებოდა სამართლის აღსრულება და გარკვეულ იმედგაცრუებასაც კი მიეცა, მაგრამ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი ბურჯის ბრალდებულის სკამზე დასმით, პროკურატურამ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკულ ნაწილზე გადასვლა ამცნო. აღსანიშნავია სასამართლოსაგან მსგავს საქმესთან მიდგომის აშკარა ცვლილება, რაც უდავოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და კანონში, სასამართლოს შესახებ, ცვლილებების დამსახურებაა.
საზოგადოება დაწყებული პროცესის გაგრძელებას და ბოლომდე მიყვანას ითხოვს, რამდენადაც მხოლოდ მერაბიშვილი, ახალაია და ჭიაბერაშვილით არ შემოიფარგლება იმ დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედთა სია, რომელიც უკანონობით, ძალმომრეობითა და უტიფარი სიამოვნებით 9 წლის მანძილზე დეკლარირებული წინსვლის მაგივრად, რეალურად უფსკრულისკენ მიაქანებდა ქვეყანას.
უტიფრობის თვალსაჩინო მაგალითია ამ გუნდის ლიდერი, სამწუხაროდ, ჯერაც ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის რეაქციამაც არ დააყოვნა და გუშინდელი მოვლენები საქართველოს წინსვლის, განვითარების, მიღწეული წარმატებების გასამართლებად მონათლა. თურმე, დღისით, მზისით ჩადენილი მკვლელობები, ბიზნესების თუ სხვა საკუთრების ხელყოფა, კონსტიტუციის საკუთარ ტყავზე მორგება, ბიუჯეტის უაზრო ფლანგვა, ქვეყნის და სამართლის სახელით ჩადენილი ათასობით დანაშაული, საქართველოს წარმატება და აღმასვლა ყოფილა. ხოლო ადამიანი, ვისაც ამ დანაშაულების აღკვეთა კანონით ევალებოდა, ამის მაგივრად კი კანონდარღვევაში აქტიურად მონაწილეობდა, თუ გასამართლდა, ეს ქვეყანას დარტყმას მიაყენებს და ცუდად წარმოაჩენს.
თუმცა, მეჩვენება, თუ ასე ძალიან ზედაპირულია პრეზიდენტი მისგან ხერხემლად წოდებულისადმი?! ამის განვრცობა ძალიან შორს წაგვიყვანს და თავს შევიკავებ.”
გიორგი ლაღიძე, პარტია “მომავალი საქართველო“: “მიმაჩნია, რომ მერაბიშვილის დაპატიმრება ნამდვილად რეზონანსული საქმეა და მას საერთაშორისო რეაქცია მოჰყვება. საქმე იმაში გახლავთ, რომ მერაბიშვილი აღიქმება, როგორც პროდასავლური პოლიტიკოსი, მას ასევე ბევრი პირადი მეგობარი ჰყავს დასავლეთში, რომელთაც სერიოზული გავლენა აქვთ საერთაშორისო არენაზე. აუცილებლად გაჩნდება კითხვები და პროტესტი დასავლელი გავლენიანი პოლიტიკოსების მხრიდან. რაც შეეხება სასამართლოს მხრიდან მერაბიშვილისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას, ვნახოთ _ ეს არ არის ბოლო ვერდიქტი, რა მტკიცებულებები ექნება ბრალდებისა და დაცვის მხარეს და ბოლო ჯამში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.”
სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი: “ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია და იმედი მაქვს ამით სამართლიანობის აღდგენის პროცესი განივრცობა. რაც შეეხება სააკაშვილის გამონათქვამებს, ვფიქრობ, რომ მას სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, რადგან სააკაშვილი უკვე ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რომ მისი განცხადებები და ქმედებები არაადეკვატურია.”