_ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “კავკაზცენტრი”.
სტატიის ავტორის მტკიცებით, ის ესაუბრა კავკასიის იმარატის წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩეჩენი მოჯაჰედების დაღესტანში გადასვლა სააკაშვილის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
“ლოპოტას ხეობაში დაღუპულ მოჯაჰედებს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები წვრთნიდნენ. ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლას ისახავდნენ მიზნად, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ ისინი საკუთარი შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა,” _ ასეთ განცხადებას უმარ იდიგოვი აკეთებს, რომელსაც რუსული მედია საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლად და ჯოხარ დუდაევის ძმიშვილად მოიხსენებს.
“საბურთალოზე ჩვენ 20 ბინა აღმოვაჩინეთ, რომელიც შს მინისტრის პირველმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ დაიქირავა. ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე და მისი მოადგილე სანდრო ამირიძე ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. ახალგაზრდები გადაჰყავდათ სამხედრო ბაზაზე, ყიდულობდნენ მათთვის იარაღს და ტანსაცმელს; მათ მისცეს იარაღის ტარების უფლება და ფალსიფიცირებული საქართველოს პასპორტები; დაჰყავდათ სხვადასხვა რესტორნებში,” _ განაცხადა იდიგოვმა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან. უფრო ადრე კი ამავე იდიგოვმა თქვა, რომ 2012 წლის მარტში, ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენთა შორის გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება მათ ჩრდილოეთ კავკასიაში ჯიჰადის გასახორციელებლად კორიდორს სთავაზობდა.
იდიგოვის ვერსიით, მოჯაჰედები შეპირებულ კორიდორს მარტის თვიდან ელოდებოდნენ, შემდეგ კი გაუჩნდათ ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა (იგულისხმება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა) და მთავრობა მხოლოდ ამის შემდეგ მისცემდა მათ ჩეჩნეთში გადასვლის უფლებას. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი გადადიოდა არა ჩეჩნეთში, როგორც იდიგოვი აცხადებს, არამედ დაღესტანში. იმავე იდიგოვის მტკიცებით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ჩეჩნებს საქართველოში წასვლას ურჩევდა, რუსლან პაპასკირია. ის რამდენიმე თვის წინ თურქეთში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობებისათვის დააკავეს.
კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ პაპასკირი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელშიც ჩეჩენ ბოევიკებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა
მედია გამოცემა «Кавказский узел» წერს, რომ 2010 წელს პაპასკირი ირიცხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დაცვის წევრად და ამავე დროს იყო საქართველოს სპეცსამსახურების აგენტი. სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორის მამუკა არეშიძის თქმით, პაპასკირის ნამდვილი სახელი ალი დაბუევია.
არეშიძემ ასევე განაცხადა, რომ ლოპოტას ხეობაში დაკავებული ახმედ ჩატაევი, შესაძლოა, ყოფილიყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ჩეჩნებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მარტში უშიშროების საბჭომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე მოჯაჰედების მზადების შესახებ ინფორმაცია უარყვეს.
უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, ახმედ ჩატაევი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა _ სასამართლომ ის დარბაზიდან გაათავისუფლა.
“კავკასიის იმარატის” წარმომადგენლებმა “კავკაზცენტრთან” მოკლე კომენტარში განაცხადეს, რომ იდიგოვის ვერსია, თითქოს კავკასიის მოჯაჰედებს საქართველოს სპეცსამსახურები წვრთნიდნენ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
“ეს განცხადება სინამდვილეს არ შეეფერება და კეთდება სააკაშვილსა და ივანიშვილის შორის დაპირისპირების კონტექსტში. საქართველოს ახალი ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სხვადასხვა კომპრომატებს ეძებს, ამიტომაც იდიგოვის განცხადებებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ.
თბილისურ რესტორნებში მოქეიფე მოჯაჰედები, რა თქმა უნდა, საინტერესო ისტორიაა, მაგრამ ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს.
კრიტიკას ვერ უძლებს ვერსია იმის შესახებ, თითქოს, საქართველოს მთავრობა შეიარაღებულ ჯგუფს იმისათვის ქმნიდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ცხვირწინ, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, მინი-ომი მოეწყო. ეს აბსურდია.
სამწუხაროდ, საქართველოს ახალი ხელისუფლების ქმედება, მათ შორის მოკლული მოჯაჰედების ცხედრების ექსჰუმაცია, ეწინააღმდეგება კავკასიის კეთილმეზობლობლობისა და პატივისცემის არსებულ ნორმებს. ეს ძალიან დიდი მინუსია საქართველოს მთავრობისთვის და ნეგატიურად აისახება საქართველოზე. თბილისმა ეს უნდა გაიგოს,” _ განაცხადეს კავკასიის იმარატის წარმომადგენლებმა.
მათი თქმით, ლოპოტას ხეობაში მომხდარი მოვლენა კვლავ გახდა აქტუალური და თვლიან, რომ თემას ხელოვნურად ბერავენ: “მთელ საქართველოს ესმის, რომ ივანიშვილის მთავრობა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ კომპრომატებს ეძებს. სწორედ აქედან მომდინარეობს ინტერესი ლოპოტას ხეობაში მომხდარი ფაქტის მიმართ და მოჯაჰედების ნეშტების გულისამრევი დამცირება.”
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში მოჯაჰედების ჯგუფი დაღესტანში ფარულად აპირებდა გადასვლას . მისი მიზანი რუსული საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებში ჩართვა იყო. დაჯგუფებას საქართველოში არანაირი მიზნები არ ჰქონდა.
ბოლო ეტაპზე ჯგუფის გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით ინფორმაციამ გაჟონა. საქართველოს მთავრობა ვერტმფრენებით და სპეციალური დანიშნულების რაზმით დაუპირისპირდა ჯგუფს, რომელსაც, მცირე საომარი გამოცდილებაც კი არ ჰქონდა.
საქართველოს ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას და იარაღის დაყრას სთავაზობდა მოჯაჰედებს. მოლაპარაკების დროს, რაც 24 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მოჯაჰედებმა იარაღის დაყრაზე უარი თქვეს. მათ საქართველოს მთავრობას სთხოვეს არ გაემწვავებინათ ვითარება, მარშრუტი გაეხსნათ და საქართველოს დატოვების საშუალება მიეცათ. მოლაპარაკების ჩიხში შესვლის შემდეგ, მათ შორის საბრძოლო შეტაკება მოხდა.
შეგახსენებთ რომ კავკასიის იმარატი ლაფანყურში მომხდარ მოვლენებს დამოუკიდებლად იძიებს.
ბევრ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია. გამოძიების მიმდინარეობის შესაბამისად “კავკასიის იმარატი” მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.