აქცია გორში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში 14 საათზე დაიწყო.
აქცია გაიმართა ზუგდიდშიც, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან. “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა დამენიას განცხადებით, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს რეპრესიები და დაკავებულები გაათავისუფლოს. დამენია ამბობს, რომ “მერაბიშვილის დაკავება “ნაცმოძრაობისთვის” დიდი დარტყმაა”.
ჩვენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომელს ანი წითლიძეს დავუკავშირდით.
_ ანი, ვინ იყო აქციის ორგანიზატორი და საიდან იყვნენ მხარდამჭერები ჩამოსულები?
_ აქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაგეგმა, ჩვენ ახალგაზრდები შევუერთდით. აქ მე ვნახე ფოთიდან, მარტვილიდან, წალენჯიხიდან ჩამოსული ადამიანები.
_ რა ძირითადი დატვირთვა ჰქონდა ამ აქციას და რატომ მიხვედით, როგორც მხარდამჭერი?
_ ვფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება _ ომის გამოძიება, პროდასავლურად მოაზროვნე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების დაპატიმრება, პირდაპირ კავშირშია რუსული ოკუპაციის გეგმასთან საქართველოში, რომელსაც წარმატებით ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება და მათ მოუწევთ ძალიან ბევრი ჩვენთაგანის დაჭერა, რადგან ჩვენ არასოდეს შევურიგდებით მცოცავ ოკუპაციას საქართველოში. ვანო მერაბიშვილს გაქცევა რომ ნდომოდა, 4-ჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში და მანამდე გაიქცეოდა. ასე რომ, ის ნამდვილად პოლიტპატიმარია.
_ თუ არ ვცდები, დღეს ბაჩო ახალაიას თავისუფლების მოთხოვნის პლაკატებიც იყო აქციაზე.
_ კი, იყო. ბაჩო ახალაიაც პოლიტპატიმარია. კაცს, რომელსაც წამებაში ადანაშაულებდნენ, წიწაკის სროლის ბრალდებით იჭერენ. თქვენ ფიქრობთ ეს ნორმალურია? ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას შექმნილი სამხედრო და საპატრულო ტექნიკით იწონებდა 26 მაისს თავს ხელისუფლება და ამაყად აძლევდა ინტერვიუს.
_ აქციაზე თუ იყვნენ საპირისპირო აზრის მქონე ადამიანები? რაიმე პროვოკაციას ხომ არ ჰქონდა ადგილი?
_ არა, ვერავინ გაბედავდა ვერაფერს.
აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან კონჯარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, თენგიზ გუნავაც იმყოფებოდნენ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.