სხდომა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა:
“მოხარული ვარ, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობთ. საქართველო ნატოს განსაკუთრებული პარტნიორია, რომელსაც სურს ალიანსის წევრი გახდეს. საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მნიშვნელოვანია. საქართველო ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატოს ოპერაციებში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, ასევე მწუხარებას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლისთვის. მნიშვნელოვანია ის რეფორმებიც, რომელიც თავდაცვის სექტორში მიმდინარეობს, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ნატო საქართველოსთან რეფორმების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს, მოკავშირე ქვეყნები კი გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ საქართველოს და მას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.
ჩვენ ასევე, დიდი ინტერესით ვაკვირდებით საქართველოს ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პროცესს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს. ასევე, მოვუწოდებთ განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს. ჩვენ ასევე, ურყევ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში.
სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევრო-ატალნტიკურ საზოგადოებაშია. მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს”.
ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებს მიმართა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ. გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე და საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ალიანსის მისიაში წვლილის შეტანით საქართველო ადასტურებს, რომ არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყანა, არამედ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პროცესში.