სხდომას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ალიანსის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რამდენიმე კვირაში ავღანეთის ეროვნული ძალები ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას გადაიბარებენ. ამავე დროს, ISAF-ის ოპერაციის არსებული ფორმატი დასრულდება და საბრძოლო მისიას მხარდამჭერი მისია ჩაანაცვლებს.
ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში ნატოს ახალი როლის შესახებ ისაუბრა: “2014 წლის შემდეგ ავღანეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სრულიად ახალ და განსხვავებულ მისიას გავაგრძელებთ, რაც ადგილობრივი ძალების წვრთნასა და მხარდაჭერას გულისხმობს. მისია მასშტაბით შედარებით პატარა იქნება, საბრძოლო კომპონენტის გარეშე”.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მომავალი ოპერაციის კონცეფციაზე შეთანხმება მოხდება.
როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, ავღანეთის უსაფრთხოების ადგილობრივი ძალებისთვის გადაცემის პროცესი წარმატებით ხორციელდება. პროგრესი ნათელია. თუმცა, კვლავ რჩება გამოწვევები – ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ავღანეთის უსაფრთხოებაში. პოსტ-ISAF-ის პერიოდში, მისიის კონცეფციის ცვლილებასთან ერთად, ქართული კონტინგენტის მონაწილეობის ფორმატიც შეიცვლება: “ეს ოპერაცია აღარ იქნება ძველებური. ჩვენ არ ვიქნებით ჩართული პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში. ბუნებრივია, შეიცვლება ჩვენი სამხედროების რაოდენობა. თუმცა, დეტალები დაზუსტდება, როდესაც ნატო საკუთარ გეგმას, კონცეფციას წარმოადგენს _ თუ, როგორ შეიცვლება ეს ოპერაცია ნატოს მხრიდან და სად იქნება კონკრეტული ადგილი ქართველი სამხედროებისთვის”.