2013 წლის 8 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა სკოლის მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის შესახებ.სარჩელზე ხელმომწერი გამომცემლები აღნიშნული ინიციატივის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის არ უნდა განხორციელდეს მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 25 თებერვალს გამოცემული ბრძანებით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი. აღნიშნული წესის თანახმად, გამომცემლებს დაეკისრათ ვალდებულება წინასწარ განეცხადებინათ თანხმობა მათ მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს საავტორო უფლებების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ, ხოლო სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლება ხელშეკრულებით გადაეცათ სამინისტროსთვის. ამავე ბრძანებით, სამინისტროს მინიჭებული აქვს შესაძლებლობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საავტორო უფლების გამოყენების უფლება გადასცეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
როგორც გამომცემლები აცხადებენ: “აღნიშნული ბრძანებით სამინისტრომ გამომცემლებს შეუზღუდა საკუთრების უფლება (თავისუფლად განკარგონ საკუთრება) და ფაქტობრივად უსასყიდლოდ მიითვისა მათი საავტორო უფლებები. ზოგადად მსგავსი უფლებები (ლიცენზია) წარმოადგენს საკუთრების უფლებით დაცულ სიკეთეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და კომისიამ რამდენიმე საქმეში განსაზღვრეს, რომ ლიცენზია წარმოადგენს საკუთრების უფლების საგანს, თუკი პირს გააჩნდა იგი და ჰქონდა შემოსავლის მიღების გრძელვადიანი მოლოდინი.კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტრომ საკუთარი ბრძანებით შეზღუდა გამომცემელთა საკუთრების უფლება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 23-ე მუხლის მოთხოვნებთან, რომელთა მიხედვითაც საკუთრების უფლების შეზღუდვა შესაძლებელია კანონის მიერ და არა კანონქვემდებარე აქტით”.
მოსარჩელეები სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იმის გათვალისწინებითაც, რომ დაწესებული შეზღუდვა არღვევს საკუთრების უფლების არსს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.”
“სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა, საავტორო უფლების მფლობელად აქცევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, სამინისტრომ თავად გადაწყვიტა რა, ესარგებლა ამ უფლებით, ფაქტიობრივად საავტორო უფლების სხვა მფლობელთა მიერ საკუთარი უფლებით სარგებლობას საფუძველი დაუკარგა, რადგან ხსენებული ნაწარმოებები ზოგადსაგანანათლებლო პროცესისთვის იყო განკუთვნილი და მათი სხვა სახით გამოყენება შეუძლებელია.
სამინისტრო თავის საჯარო განცხადებებში ცდილობს, აღნიშნული პროცესი წარმოაჩინოს როგორც ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო (კერძო) ურთიერთობა, რითაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. რომ არა გამომცემლობებისათვის სადავო ბრძანებით დაწესებული ნორმატიული ვალდებულება, ლიცენზიის ხელშეკრულება დაგვედო სამინისტროსთან, გამომცემლები, ბუნებრივია, საკუთარ საავტორო უფლებებს სამინისტროს არ გადავცემდით.
დღეისათვის სამინისტრო თავისივე არაკონსტიტუციური აქტის საფუძველზე მოპოვებული საავტორო უფლებების გამოყენებით ახდენს სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვას და გეგმავს მათ გავრცელებას, რაც, ბუნებრივია, იწვევს გამომცემელთა საკუთრების უფლების დარღვევას.
ხელმომწერი გამომცემლები მიმართავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ხსენებული ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თ.ა) და თ.ბ) ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის ბ) ქვეპუნქტი და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 23-ე მუხლების მოთხოვნებს.
გამომცემლთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) დაიცავს. განცხადებას ხელს აწერენ: შპს “გამომცემლობა ინტელექტი”; შპს “გამომცემლობა არტანუჯი”; შპს გამომცემლობა “დიოგენე”; შპს “ლოგოს პრესი”; შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”; შპს “ტრიასი” ფიზიკური პირი – ირინა რუხაძე.