“2013 წლის 6 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორი დაუკავშირდა ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს. ბრალდების მხარის წარმომადგენელი დაინტერესდა აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის პოზიციით, კერძოდ, ხომ არ დაუფიქსირებია მოსამართლეს თავისი აზრი საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასაკმარისობასა და სისუსტესთან დაკავშირებით. პროკურორი, ასევე დაინტერესდა, საქმეზე გამომსვლელი პროკურორის კომპეტენციით, კერძოდ, თუ რამდენად ართმევდა იგი თავს დაკისრებულ მოვალეობას.
მთავარი პროკურატურის პროკურორმა თავისი დაინტერესება ახსნა იმ გარემოებით, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ”უჭირდა” და საქმეზე გამომსვლელი პროკურორი იყო სუსტი.
თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის მხრიდან მოსამართლესთან კომუნიკაციის სტანდარტის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული ქმედება მიჩნეულ იქნა სასამართლოს საქმიანობაში არაპირდაპირ (ირიბ) ჩარევად. სასამართლო ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავონ და სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას,” _ნათქვამია განცხადებაში.