კოტე შარაშენიძე: _ ზის აგერ, მესამე სართულზე (საუბარია გურიის გუბერნატორზე, ავტ) და ხელფასს იღებს. ისე კი, ერთ საქმეში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. იქ იმიტომ ზის, რომ ჩასაფრებულია, რაღაცაში ხელი შეგვიშალოს, რომ მერე ფეხი წამოვიკრათ.
_ კონკრეტულად, რაში გიშლით ხელს?
_ მე ვერაფერში შემიშლიან ხელს, უბრალოდ, ცდილობენ.
_ თქვენ ხომ გამგეობას და საქმის კეთებას გულისხმობდით?
_ ხელს გვიშლიან რა, რასაც ვამბობ, ვიცი.
_ არც თქვენს ორგანიზებულ ღონისძიებებზე დადიან?
_ არ დადიან, ეს მათი პრობლემაა.
_ თქვენ თუ შეგითავაზებიათ გუბერნატორისთვის კონკრეტული საქმის გაკეთება და რა პასუხი მიიღეთ?
_ ჩვენ გვქონდა ერთი შეხვედრა, როდესაც ოზურგეთში იმყოფებოდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი . იყო საუბარი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების შესახებ. შემდეგ, რეკომენდაციები უნდა წამოსულიყო ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, მოვამზადეთ რეკომენდაციები. პირდაპირ მინდა გითხრათ, ეს ადამიანები დღეს დაკავებულები არიან არა საქმის კეთებით, არამედ რაღაც ჩასაფრებული პოზიციით.
_ ანუ გამგეობას და გუბერნიას შორის კოაბიტაცია არ შედგა?
_ კოაბიტაციას ნამდვილად ვერ დავარქმევ ამ ურთიერთობებს. ისინი დაინტერესებულები არიან ფრაქციების შექმნით, ადამიანების გადაბირებებით და ამ ყველაფერს პოლიტიკური საბოტაჟის სახე აქვს.
გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, განცხადება, რომელიც კოტე შარაშენიძემ გააკეთა, უცოდინარობის ბრალია. მისივე განცხადებით, არანაირ გადაბირებებში და ფრაქციების შექმნაში არ იღებენ მონაწილეობას და არც ამის მცდელობა ყოფილა.
ვალერი ჩიტაიშვილი: _ როგორც ჩანს, ის ვერ ერკვევა კანონმდებლობაში თუ ასეთი რამ თქვა. ის ვერ ერკვევა ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის და ვერც სხვა სტრუქტურების კანონმდებლობაში. აზრზე არ არის, რა უფლებამოსილება გააჩნია სამხარეო ადმინისტრაციას. თუ საქმიანობას შევხედავთ, შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექვსი თვე გავიდა და რეალურად არაფერი დაწყებულა, მხედველობაში მაქვს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.