“სამწუხაროდ, საკანონმდებლო ნორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ადგენს განსხვავებულ საარჩევნო პირობებს, რაც თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფაა და შესაბამისად, არასამართლიანია. ამ კანონით, სასამართლო კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს ეძლევათ საშუალება, კენჭი იყარონ სრულიად არაკონკურენტულ გარემოში, მაშინ, როდესაც რიგით მოსამართლეებს არ ეძლევათ საკუთარი კანდიდატურების დასახელების უფლება.
ამგვარი “პოლიტიკურიკომპრომისის” საფუძველზე, განისაზღვრა უთანასწორო საარჩევნო გარემო, რაც თავად არჩევნების არსს ეწინააღმდეგება. ეს კი შეურაცხმყოფელი უნდა იყოს თავად კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეთათვის, რომლებიც თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, უნდა გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ კვალიფიკაციით, არამედ, სამართლიანობის მაღალი განცდითაც, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ ნათია წკეპლაძემ და თეიმურაზ თოდრიამ გაავრცელეს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მოსამართლეების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. ის ამბობს, რომ თუ მოსამართლეები საკანონმდებლო ხარვეზს ხედავენ, ამაზე პასუხი ვენეციის კომისიას უნდა მოსთხოვონ და არა პარლამენტს, რომელმაც მხოლოდ კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა.
საპარლამენტო უმრავლესობის სამი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა შავგულიძე და ვახტანგ ხმალაძე, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრები არიან, მოსამართლეების პრეტენზიებს იზიარებენ და აცხადებენ, რომ იუსტიციის საბჭო კანონის არასწორ ინტერპრეტაციით რიგით მოსამართლეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.
“იუსტიციის საბჭოს ბოლო სხდომაზე საბჭოს წევრთა უმეტესობამ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის” და ასევე მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტის ნორმების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. ისინი აცხადებენ, რომ სამი კვოტა გარანტირებულია მხოლოდ პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებისთვის და ამ ადგილებზე რიგით მოსამართლეებს არ შეუძლიათ საკუთარი კანდიდატურების წამოყენება. ეს ეწინააღმდეგება არჩევნების სამართლიანობის და თანასწორობის სტანდარტს. გამოდის რომ სამ ვაკანსიაზე კენჭისყრის უფლება ეძლევა იმ 11 მოსამართლეს, რომლებსაც უკავიათ ადმინისტრაციული თანამდებობები, 229 მოსამართლე კი კენჭს იყრის დარჩენილ 4 ადგილზე. სინამდვილეში კი ეს კანონი ადგენს ლიმიტს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს არაუმეტეს სამი მოსამართლისა, რომლებსაც უკავიათ ადმინისტრაციული თანამდებობები. ეს არ ნიშნავს რომ კონკრეტულად მათთვისაა ეს ადგილები განკუთვნილი. ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ამ სამ ადგილზეც”. – ამბობს შალვა შავგულიძე.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მოსამართლეთა კონფერენციას მონიტორის სტატუსით დააკვირდება. ის ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დათმობა მართლმსაჯულებას ძალიან ცუდად შემოუბრუნდება.
“ჩვენ არასამთავრობოები მუდმივად ვადევნებდით თვალს როგორ მოხდებოდა პარლამენტში ამ ცვლილებების მიღება და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, როგორ მოხდა კვოტების დაწესება და რა გარიგება მოხდა პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს დარჩა ჩვენთვისაც და შესაბამისად საზოგადოებისთვისაც უცნობი. ჩვენ არ მივესალმებით ასეთი მეთოდებით საკითხების გადაწყვეტას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დათმობა, რომელიც შეიძლება ძალიან სერიოზულად შემოუბრუნდეს მთლიანად მართლმსაჯულებას.“
ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ თუ მოსამართლეები კონკრეტულ კანდიდატებზე წინასწარ არიან გარიგებულნი, მონიტორები იქ ვერაფერს გახდებიან.
“არ ვფიქრობთ, რომ მონიტორინგს შევეცდებით და ჩავატარებთ. იქ შეიძლება წინასწარ ისეთი შეთანხმება და შეთქმულებები იყოს დაგეგმილი, რომ მონიტორინგით მათი გამოვლენა შეუძლებელი იქნება. თუ შეთანხმებით და შეთქმულებით დაუჭერენ ვიღაცას მხარს და ეს იქნება კარგად ორგანიზებული, იქ მონიტორინგი ვერაფერს შეცვლის”. _ აცხადებს ლია მუხაშავრია.
მოსამართლეთა კონფერენცია 9 ივნისს, 11:00 საათზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.