ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან განაცხადა:
“შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შესახებ თებერვლის თვეში საჯარო განცხადება გააკეთა. ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად იქნებოდა ჩართული საზოგადოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ ეს პერიოდი დაგვჭირდა დახარისხებისთვის. მოგეხსენებათ, დღემდე სისტემატიზირებული არ იყო აღნიშნული მასალები, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო დანაშაულის გამოძიების თვალსაზრისით.
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უმეტესი მათგანი სწორედ უკანონოდ მოპოვებულია. დანაშაულის გამოვლენასთან, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პირდაპირ მიმართულია იმისთვის, რომ ეს ინფორმაციები პოლიტიკური მოწინააღმდეგის მაკომპრომიტირებელი მასალა იყოს. ეს სამწუხარო რეალობა გვინდოდა საქართველოში დასრულებულიყო. მოვიწვიეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირის წარმომადგენელი ბატონი ჰამარბერგი. შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო სექტორი, რომლებსაც შევთავაზეთ შეიქმნას კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები: შს მინისტრი, მთავარი პროკურორი და საზოგადოების წარმომადგენლები. სწორედ მათი მონაწილეობით მოხდება აღნიშნული მასალების განადგურება და ეს მასალები საბოლოოდ ჩაბარდება ბინძურ წარსულს. ბუნებრივია, არსებობს საშიშროება, ეჭვები და კითხვები იმისა, რომ შეიძლება ვიდეო მასალების ასლი კერძო პირებთან ინახებოდეს. იმისთვის, რომ ვიდეო მასალა კერძო პირის მიერ არ იქნას გამოყენებული, ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან, რათა მათი ინიციატივით პარლამენტში მოხდეს ამნისტიის კანონპროექტის მიღება, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ დროში (ერთ თვე. მაქსიმუმ ორი თვე) ამ მასალების კერძო პირებისგან საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარებას. იმ შემთხვევაში, ვინც ვალდებულებას თავს აარიდებს და ამ მასალებს შეინახავს, ან გამოამჟღავნებს, მათ მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბატონო ჰამარბერგი აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებას, რომ უკანონოდ მოპოვებული მასალები დაუყონებლივ უნდა განადგურდეს. დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ერთ მიზანს, შეიქმნას კომისია, სადაც საზოგადოების ჩართულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.”
“გურია ნიუსის” კითხვაზე რა რაოდენობის გასანადგურებელ ვიდეომასალაზეა საუბარი, მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა: “ყველაფერი აღრიცხული იქნება აქტში. ინფორმაცია ამის შესახებ გაცხადდება.”