“იყო მცდელობა, კონფერენცია დაბრუნებოდა იმ ვარიანტს, რომელიც რა თქმა უნდა იყო უფრო სამართლიანი. მაგრამ, კანონი არის კანონი და მოსამართლეები კანონს ვერ გადავლენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახლა რასაც თქვენ ხედავთ, ეს არაფრით არ მოხდებოდა წინა კონფერენციაზე. წინა 9 კონფერენციაზე არცერთხელ მსგავსი ატმოსფერო და გარემო არ ყოფილა. ჩვენ ვხედავთ მოსამართლეთა თავისუფალ გამოხატვას, ალტერნატიულ კანდიდატურებს და წინადადებების ასეთ მოზღვავებას, რაც ამ კორპუსისთვის და ინსტიტუტისათვის არ იყო დამახასიათებელი. ვფიქრობ, ეს ძალიან პროგრესულია. ვნახოთ, შედეგები როგორი იქნება. მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში პროცესი რომელიც დაიწყო, მისასალმებელია.
_ იყო მოსაზრება, რომ მოსამართლეებმა ალტერნატიულ პროექტზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია გააკეთეს…
_ აქ ინტერპრეტაციის საშუალება გამორიცხულია. ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, გარკვეულია, რომ თავმჯდომარეები ცალკე კვოტით გადიან, დანარჩენები _ ცალკე კვოტით. მაგრამ, ალბათ სამომავლოდ ამ ვერსიის ცალკე შეცვლა შეიძლება. ალბათ, პარლამენტი მიხვდება, რომ ეს იყო შეცდომა. ეს კომპრომისი არ იყო გამართლებული.
_ უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნათია წკეპლაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიღება საფრთხის შემცველია. თქვენ თუ ეთანხმებით წკეპლაძის მოსაზრებას?
_ მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა სცადა კომპრომისული ვერსია მიეღო. სწორედ ამის გამო მოხდა, რაც აქ მოხდა. თუმცა, სამომავლოდ ალბათ უმჯობესი იქნება, კანონის ეს ნორმა დაიხვეწოს და არ დაწესდეს თავმჯდომარეებსა და სხვა მოსამართლეებს შორის განსხვავება. თუ მომავალში ეს პროცესი ასევე გაგრძელდება, ეს ნორმა ასე დარჩა, ეს პროცედურა ასე იქნა განმტკიცებული, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. მიუხედავად იმისა, ისინი თავმჯდომარეები არიან თუ ჩვეულებრივი მოსამართლეები, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ამიტომ, მათ შორის განსხვავება არ უნდა არსებობდეს, მით უფრო ასეთ პროცედურასთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათ დასახელებას და არჩევას გულისხმობს.