თეა წულუკიანი ლიტველ ჟურნალისტს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და იუსტიციის სისტემის რეფორმაზე ესაუბრა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას რთული მემკვიდრეობა დახვდა − კორუფცია მმართველ გუნდში და პოლიტიზებული პროკურატურა, რომელიც პირდაპირ შედიოდა იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში; ამდენად, ემორჩილებოდა პოლიტიკური თანამდებობის პირს − იუსტიციის მინისტრს.
პროკურატურის დეპოლიტიზებისათვის საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრი, ამავე დროს, აღარ არის მთავარი პროკურორი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგამოძიებო პროცესში.
“ჩვენ არ მოგვწონდა ე. წ. ზურაბ ადეიშვილის ეპოქა. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტიც კი იყო. ეს ეპოქა დასრულდა”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა სააგენტოსთან საქართველოში ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების დაკავებაზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, არცერთი თანამდებობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნა კი შეიძლება დაიწყოს როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ჩინოსნების მიმართ. ამის მაგალითად თეა წულუკიანმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მოიყვანა.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, ლიტველი ბიზნესმენის, ვაიტკაბიჩიუსის, დაკავებას. იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ ლიტველი ბიზნესმენის დაკავებისას დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი. მას მიეცა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის, ადვოკატისა და თარჯიმნის ყოლის უფლება.
თეა წულუკიანის თქმით, დღეს ბიზნესმენი თავისუფალია და ყველა პირობა აქვს, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.