“ნუ დაუშვებთ ათწლედის დანგრევას!” “ჩვენ ვართ ქართული მუსიკის მომავალი!” “დაუდექით მომავალს გვერდით!“ “არ დავუთმოთ ქართული მუსიკა “საქმოსნებს!“ _ ასეთი სახის პლაკატების ფონზე მიმდინარეობდა ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი. სადაც ასეულობით ადამიანი ესწრებოდა. აქციას ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
ხელოვნების სკოლის ნიჭიერთა ათწლედის დირექტორის, თამუნა შენგელიას თქმით, სკოლა 1934 წლიდან არსებობს და საქართველოში ყველაზე წარმატებული სკოლაა: “ვინც იცით ქართველი მუსიკოსი, თითქმის ყველა ამ სკოლიდან არის. ეს სკოლა 20 წლის მანძილზე უმძიმეს ვითარებაში იყო. ორი წლის წინ, როგორც იქნა, დაიწყო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. რომელიც, ექვსი თვის უკან დაიბლოკა. ვითხოვთ შეხვედრას კულტურის სამინისტროსთან, თუნდაც, იმიტომ, რომ გავაგებინოთ სამინისტროს გარდა იმ ნახევარი მილიონისა, რომელიც ბიუჯეტიდან შეგვინარჩუნეს _ სკოლის მხარდაჭერა არ არის მარტო ფული. კულტურის მინისტრის მოადგილემ ექვსი თვის მანძილზე შემოიარა საქართველოში არსებული ყველა სკოლა, გარდა ცენტრალური სამუსიკო სკოლისა. პირად საუბრებში ამბობენ, ხომ გინდოდათ ის საყვარელი თქვენი სკოლის დირექტორი_ გყავდეთ. მაგრამ, ჩვენთვის ეს სკოლა არ არსებობს. ჩემს დირექტორობას სკოლას ხომ არ გადავაყოლებდი? საპასუხოდ დავწერე განცხადება წასვლის თაობაზე. ეს პირობა შევასრულე. მიხედონ ახლა სკოლას. ჯერჯერობით ჩემი გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი არ არის მოწერილი. სკოლაში მიდის აქტიური მუშაობა პედაგოგებში განხეთქილების შესატანად, რისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. სწორედ აქედან გამომდინარე დავწერე განცხადება,” _ განაცხადა შენგელიამ.
ნინო ქადაგიძე-ჟვანია: “ეს ის სკოლაა, სადაც ჩვენ და ჩვენი შვილები გავიზარდეთ. იგი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ ამ სკოლის ცხოვრებას, ვიცი, რომ დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებობით იყო მიტოვებული. ბოლო ერთი წელია ბევრი რამ გაკეთდა, რომელიც დირექციის დამსახურებაა.”
ნინო დარასელი: “ბოლო ორი წელია თვალყურს ვადევნებ მუსიკალური ათწლედის მოღვაწეობას, რადგან ამ სასწავლებელში აქტიური ხელმძღვანელი მივიდა. გარდა ამისა სკოლამ ძალიან ბევრი ადამიანი გამოზარდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით მოღვაწეობდნენ. ბოლო ორი წელია აქტიურად ატარებდნენ კონცერტს, რომელზეც დავდივარ და საიდანაც გავიგე, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია და მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ძალიან კარგი მუსიკოსები გვყავს და მათ ხელი უნდა შევუწყოთ.”
პიანისტი დუდუნა მაზმანიშვილი: “ნიჭიერთა ათწლედის კურსდამთავრებულებმა თავისი შემოქმედებით მსოფლიოში დაამტკიცეს, რომ ნიჭიერები არიან. რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ: ელისო ვირსალაძე, ლექსო თორაძე, ლაშა კორსანტია, ელისო ბოლქვაძე, დიმიტრი ბაშკიროვი, ლიზი ლეონსკაია. არ უნდა დაგვავიწყდეს ძველი თაობის მუსიკოსები. მთავარია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა მუსიკოსებს, მომავალ თაობას, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, რომ ყველანაირი პირობები შევუქმნათ იმისთვის, რომ გაგვითქვას სახელი.”