დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ სკოლის მოსწავლეები მიიღებენ და “მომავლის ბანაკში” სტუდენტები აღარ დაისვენებენ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, სკოლის მოსწავლეთათვის პროგრამის ხანგრძლივობა 7-დან 10 დღემდე გაიზარდა.
“ბოლო რამდენიმე დღეა, ამ საკითხთან დაკავშირებით მიზანმიმართული, პოლიტიკურად მოტივირებული, ცილისმწამებლური და უპასუხისმგებლო კამპანია მიმდინარეობს, რომელიც შესაძლოა, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას, არსებული რეალობის დამახინჯებასა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის დაწყებულ ცვლილებათა დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად. ბანაკი 7-ის ნაცვლად, 10-დღიანი იქნება, რაც პროგრამის მონაწილეებს ხარისხიანი განათლებისა და დასვენების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, მონაწილეთა შერჩევის გასულ წლებში დამკვიდრებული ბუნდოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, შემოღებულია სამართლიანი წესი _ კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეგზავნა მოთხოვნა, სკოლებმა წარმოადგინონ თითო წარჩინებული მოსწავლე 14-15 წლის ასაკამდე, ხოლო მათ შორის სოციალურად დაუცველების ან დევნილების არსებობის შემთხვევაში პრიორიტეტი სწორედ ამ კატეგორიის ბავშვებს მიენიჭოთ. სულ ბანაკებში 2 000-მდე ბავშვი დაისვენებს. კვების მენიუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კვალიფიციური ექსპერტის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა, რათა გარანტირებულად იქნას დაცული ახალგაზრდების ჯანმრთელობა და თავიდან იქნას აცილებული ის გაუგებრობები, რომელსაც ადგილი ჰქონდა წარსულში. ასევე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მიმდინარეობს ბანაკის ტერიტორიის დასუფთავება იმისთვის, რომ გამოგვესწორებინა ის მძიმე სურათი, რომელიც ადგილზე დაგვხდა”, _ განაცხადა ლევან ყიფიანმა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო დროს ანაკლიის მოსახლეობაზე დაყრდნობით სოციალური ქსელით ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთად მოუყარეს თავი და დაწვეს მაისურები, კეპები, სუვენირები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები წარწერით _ “პატრიოტები”. ანაკლიელების თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს მოსახლეობის თხოვნა _ მაისურები და კეპები დაწვის ნაცვლად ადგილობრივებისთვის დაერიგებინათ, თუმცა აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში და არც დამადასტურებელი ფოტო თუ ვიდეო მასალა არსებობს.
პატრიოტთა ბანაკის სახელის და სიმბოლიკების შეცვლას უკვე გამოეხმაურა საზოგადოების ერთი ნაწილი. საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქციაც დააანონსა სოციალური ქსელით:
“მიგვაჩნია, რომ პატრიოტული სიმბოლოს განადგურება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინეტერსებს და საგარეო იმიჯს. მსგავსი რამ გააკეთეს მხოლოდ რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს როდესაც გადაწვეს პატრიოტთა ბანაკი და ამით შეეცადნენ პატრიოტული სულისკვეთების განადგურებას.
18 ივნისს საღამოს 17:00 საათზე, ვიკრიბებით ანაკლიაში ანაკლიის პატრიოტულ ბანაკთან და ერთად გავაპროტესტებთ ამ ვანდალურ ფაქტს.
ასევე ვითხოვთ სამინისტროსგან შეგვიშვან ბანაკის ტერიტორიაზე და დაგვათვალიერებინოს რა ხდება ბანაკში, რომ პირადად ვნახოთ ბანაკში არსებულის სიტუაცია.
აქცია იმართება ერთდროულად თბილისში და ანაკლიაში”.
ლევან ყიფიანის დღეს გაკეთებულმა განცხადებამ უარყოფითი ემოცია გამოიწვია სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფშიც. როგორც სტუდენტები ამბობენ, აპირებენ შეკრებას და საპასუხო განცხადების ტექსტის შემუშავებას.