“ინა გუდავაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის დავა სულ უფრო კომიკურად დრამატულ სახეს იძენს და საკითხების ცივილიზებულად მიუკერძოებელ ბრიტანულ სასამართლოში განხილვის სანაცვლოდ ჯერ საეჭვო ინტერესების შუამავლების, ხოლო შემდეგ ქუჩის კარიერის გენერლების აქციებამდე დავიდა.
ჩვენმა მხარემ ქალბატონ ინას სადაო საკითხების გასარკვევად მსოფლიოში აღიარებული 5 აუდიტორული კომპანია შესთავაზა, სანაცვლოდ კი მელორ ვაჩნაძეს გვიგზავნიან. რამდენად ადექვატური პასუხია, საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზით სიარულს და დავრჩებით სამართლებრივ სივრცეში, მათ შორის მოქალაქე მელორ ვაჩნაძის მიმართაც, რომელმაც ,”ფეისბუქზე” გავრცელებულ მიმართვაში გამიზნულად და პროვოკაციულად შეურაცხყო ვანო ჩხარტიშვილი და შელახა მისი პატივი და ღირსება.
ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, რომ ბიზნესმენის ადვოკატებს სარჩელი შეაქვთ სასამართლოში მოქალაქე მელორ ვაჩნაძის წინააღმდეგ.
სამართალი ყველას ეხება, არავის აქვს უფლება შეურაცხყოს სხვისი პატივი და ღირსება ანგარების, საქმეში ჩაუხედაობის თუ არაკომპეტენტურობის გამო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული მართლმსაჯულება თავის პირუთვნელ სიტყვას იტყვის.
მელორ ვაჩნაძის და მისი რაზმის გამოხტომა კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ადგილი აქვს კარგად ორგანიზებულ და დაფინანსებულ შავი პიარის კამპანიას, რომელსაც გავლენიანი დირიჟორი და ორგანიზატორები ჰყავს. საკითხავი მთელს ამ ამბავში ის არის, თუ რა უღირთ საკუთარი რეპუტაცია მელორ ვაჩნაძესა და ამ ბინძურ კამპანიაში მონაწილე სუბიექტებს”. _ ნათქვამია განცხადებაში.
(R)