მისი თქმით, ქუთაისს არ აქვს საბინაო ფონდი და არც მისი განკარგვის უფლება _ საბინაო ფონდის განკარგვა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. თოფურიძის განცხადებით, ამის გამო, წლების განმავლობაში მოქალაქეები დადიოდნენ მერიაში და საცხოვრებელ ფართებს ითხოვდნენ. შესაბამისად, ამ სამსახურის დაპირებები, რომ რომელიმე მათგანი ბინას მიიღებდა, დაპირებადვე რჩებოდა. სწორედ საბინაო ფონდის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ სამსახური გაუქმდა .
“გამოდიან და ამბობენ მიტინგებზე, რომ თითქოს ჩვენ ფუნქციები მოვაკელით რომელიმე სამსახურს. საბინაო სამსახური გაუქმდა იმიტომ რომ, ქალაქ ქუთაისის მერიას არ გააჩნია შესაბამისი საბინაო ფონდი და არც ფონდის განკარგვის უფლება. ეს არის ერთპიროვნულად პრეზიდენტის უფლება. ამის გამო შედეგად ვიღებდით იმას, რომ მერიაში მოდიოდა დაახლოებით 1 400 ოჯახი, რომლებსაც სამსახური დაპირებებს აძლევდა რაღაც ეფემერული ბინების თაობაზე და ეს ადამიანები დადიან წლების განმავლობაში მერიაში ბინების მოთხოვნით, რომლის განკარგვის უფლება მერიას არ აქვს და სწორედ ეს არის ამ სამსახურის რეორგანიზაციის მიზეზი,” _ განაცხადა მერიის ადმინისტაციული სამსახურის უფროსმა თენგო თოფურიძემ.
ქუთაისის მერიაში ერთი თვის უკან გამოცხადებული რეორგანიზაცია დღეს დაიწყო, რომლის მიხედვით 4 სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა.