კოალიციასთან ერთად პრესკონფერენციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ლელა ნაცვალაძე ესწრებოდა. მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ოზურგეთში სამართლიანობის აღდგენის დრო უნდა დაიწყოს. კოალიციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე საერთო წერილი გაავრცელეს, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი კვერღელიძემ გაგვაცნო.
_ გუშინ შედგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საკრებულოში კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების ერთადერთ წარმომადგენელს ბატონ დიმიტრი კვერღელიძეს და თავმჯდომარედ აირჩია ბატონი ავთანდილ სურგულაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში (საპარლამენტო არჩევნებისას კოალიციის ცუდი საარჩევნო შედეგი სწორედ ავთანდილ სურგულაძის მხრიდან აქტიური წინააღმდეგობის გამოც იყო).
საკრებულოს თავმჯდომარის გუშინდელი არჩევანის შედეგებმა მოახდინა იმ პროცესების ლუსტრაცია, რომელზეც ჩვენ უკვე თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. კერძოდ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ადგილობრივი ლიდერების (განსაკუთრებით კოტე შარაშენიძის) მხრიდან ხდება კოალიციური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის იგნორირება. მეტიც, ადგილი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებთან ინტერესთა სრულ თანხვედრას (ანუ შეხმატკბილებულ თანაცხოვრებას ე.წ. კოჰაბიტაციას) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ხელისუფლებაში. თუკი აქამდე ეს პროცესები ნაკლებად იყო შესამჩნევი საზოგადოების ფართო ფენებისთვის და მხოლოდ ჩვენთვის, პროცესებში ჩართული ადამიანებისთვის იყო ხილული, გუშინდელმა არჩევნების შედეგებმა ის ზედაპირზე ამოიყვანა.
ეჭვგარეშეა, რომ ეს ფაქტი უარყოფითად მოქმედებს კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერ ელექტორატზე, რასაც პირდაპირი ასახვა მოყვება კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
კოტე შარაშენიძე უკვე ფლობს რა სერიოზულ ბერკეტებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგნელობით ხელისუფლებაში, იგი შეიძლება სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს საპრეზიდენტო არჩევნებში._ ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვკარნახობს, რომ მივმართოთ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” და კოალიციის ხელმძღვანელებს და ვთხოვოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ შექმნილ მდგომარეობას და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კოალიციაში მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.