გოკა გაბაშვილის განცხადებით ეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაგეგმილი მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც რატომღაც საქართველოში ნატოს ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა და მსგავსი ქმედებები ყველაზე უარყოფით გავლენას ქვეყნის ომიჯზე ახდენს. გაბაშვილის განცხადებით ამის დამკვეთი მაღალი თანამდებობის პირები არიან და ეს არის მცდელობა, რომ ქვეყანაში ოპოზიცია აღარ არსებობდეს.
_ “მინდა ფრაქციის სახელით გამოვეხმაურო იმ უცნაურ და უკანონო სპეცოპერაციას, რომელიც დღეს თბილისში განხორციელდა. თქვენ იცით, რომ ეს სპეცოპერაცია საკრებულოს ოცდაათამდე წევრის, თბილისის ,,ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული, რაიონული ორგანიზაციის წევრების წინააღმდეგ განხორციელდა. სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულმა ადამიანებმა, მანქანებით გადაუკეტეს გზები ,,ნაც მოძრაობის“ წარმოამდგენლებს, დაადეს ხელბორკილები და ზოგიერთი მათგანი წაიყვანეს რაღაც უწყებებში. ზოგი მათგანი ქალაქში ატარეს. ეს იყო პირდაპირი თავდასხმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე. ეს იყო თავდასხმა ოპოზიციურ ძალაზე და ჩვენ ამაში ვხედავთ გაგრძელებას, იმ განცხადებებისა, რომ ხელისუფლებას ასეთი ოპოზიცია არ უნდა ყავდეს და უნდა წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან. ეს არის ძალიან საგანგაშო და ძალიან უარყოფითი რამ საქართველოსთვის. ძალიან საგანგაშოა, რომ ეს ემთხვევა ნატოს ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში. ნიშანდობლივია და ძალიან უცნაურია, რომ თვეების წინ, გახსოვთ თქვენ, სამხედრო კომიტეტის ვიზიტის წინ, მოხდა გენშტაბის ხელმძღვანელის და მისი თანამშრომლების დაკავება. ახლა, ნატოს ვიზიტის დროს ხდება ეს ამბავი, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე. ეს შეიცავს რათქმაუნდა პოლიტიკური პროვოკაციის ნიშნებს და დასადგენია, რატომ ხდება ასე მიზანმიმართულად უკანონო, ამაზრზენი სპეცოპერაციის ჩატარება. ვინ დაგეგმა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მსგავსი სპეცოპერაცია“ _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა.