ბრიფინგს ესწრებოდნენ ზესტაფონის დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებიც. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა:
“ბოლო, რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ადამიანებს ბევრი პრობლემა დაუგროვდათ. ამჯერად, ყურადღებას შევაჩერებ ზესტაფონის რაიონის, კერძოდ, ზესტაფონის ბაზრის გარშემო არსებულ საკითხებზე. ეკონომიკური აქტივობის ეს მნიშვნელოვანი ცენტრი, რამდენიმე საეჭვო პირის ხელში აღმოჩნდა. აქ მომუშავე ადამიანებზე ძალადობენ. ისინი განიცდიან დამცირებას და შეურაცხყოფას. მათ, ძალის გამოყენებით, ატოვებინებენ საკუთრებას და სამუშაო ადგილებს.
ზესტაფონში კოჰაბიტაციის მახინჯი ფორმა დაინერგა, ნაციონალების ყოფილ სახეებსა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. მათი ეს კომფორტული თანაცხოვრება დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. ვერც ზესტაფონის ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ ადამიანების ცემა და კერძო საკუთრების ხელყოფა დანაშაულია.
მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, დაინტერესდეს ზესტაფონის ბაზრის საკითხით, არ ენდოს მხოლოდ ერთ მხარეს და აუცილებლად მოუსმინოს ამ მოვლენებით დაზარალებულ ადამიანებს.
ყველას, ვისაც ეს ეხება, მოვუწოდებ პატივი სცენ როგორც საკუთრების, ასევე ადამიანის უფლებებს და საკითხი სამართლიანად და გონივრულად გადაწყვიტონ. არ შეიძლება ხალხის სამუშაო ადგილებიდან გამოყრა და მათი საკუთრების ხელყოფა.
უსამართლობა ზესტაფონში ძველი ხელისუფლების პერიოდიდან არსებობს. ხალხმა იმიტომაც აირჩია ახალი, რომ გააჩნიათ ცვლილებების იმედი. სამართლიანობის აღდგენა მათი მთავარი მოთხოვნა იყო.
ზესტაფონის რაიონს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, აუტანელი პირობები ფეროს ქარხანაში, სასოფლო-სამეურნეო ბარათების არასამართლიანი განაწილება, ონკოლოგიური დაავადებების ზრდა მოსახლეობაში.
მოვითხოვ ხელისუფლებისგან, ნუ შექმნიან კიდევ ერთი უსამართლობის კერას ქვეყანაში. ჩვენ, ყველამ ერთად, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ და არ შევუწყოთ ხელი ახალი უკანონობის დამკვიდრებას. თვალის დახუჭვა ამ საკითხების მიმართ არავის მოუტანს სიკეთეს. კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს, სამართლიანობა უნდა აღდგეს!”