ქართულ ფეხბურთში დიდი სკანდალია _ კლუბებსა და ფეხბურთელებს თამაშების ჩაწყობაში ედებათ ბრალი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოდან წერილი მივიდა, სადაც უეფა რეკომენდაციას იძლევა, სფფ-მ და ქართულმა საგამოძიებო ორგანოებმა გამოიკვლიონ ის საეჭვო თამაშები, რომელთა შესახებაც პლატინის უწყებას გარკვეული ეჭვები გაუჩნდა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაწყობილ-გაყიდული მატჩებისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ფეხბურთელების გამოაშკარავება, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სკანდალად იქცა.
იმ ჩაწყობილი მატჩების რიცხვს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა (2011 წლის 15 აპრილს გამართული მატჩი “სამტრედიასა” და ბოლნისის “სიონს” შორის, რომელშიც სამტრედიელებმა აიღეს 15 ათასი ლარი. 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული მატჩი თბილისის “დინამოსა” და ზუგდიდის “ბაიას” შორის, რომელშიც “ბაიამ” 12 ათასი ლარი აიღო და 2011 წლის 30 აპრილის კალენდარული მატჩი “ვიტ ჯორჯიასა” და ბოლნისის “სიონს” შორის, რომელშიც “ვიტ ჯორჯიამ” 20 ათასი ლარი აიღო), უეფა-ს მიერ საეჭვოდ მიჩნეული თამაშებიც დაემატა. ესენია: 2010 წლის 21 ნოემბერს გამართული შეხვედრა “ვიტ ჯორჯიასა” და ცხინვალის “სპარტაკს” შორის. ამავე კლუბებს შორის, 2010 წლის 1 დეკემბერს ჩატარებული სათასო მატჩი და 2011 წლის 12 თებერვალს, ფოთის “კოლხეთისა” და “სამტრედიას” დაპირისპირება. უეფა-ს წერილს თან ახლავს სათანადო დოკუმენტაცია და მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორი ფსონები იდებოდა ზემოთ ხსენებულ მატჩებზე, ერთ-ერთ აზიურ ტოტალიზატორში. სფფ-ის ოფიციალურ განცხადებაში მინიშნებული არ არის, რომელ ტოტალიზატორზეა საუბარი და კონკრეტულად რა ხდებოდა. ჩვენ საკუთარ წყაროებთან ვცადეთ ამის გარკვევას და სანამ გაუხმაურებელ დეტალებს გაგაცნობთ, მანამდე წლის მთავარი საფეხბურთო სკანდალის ყველაზე საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.
მას შემდეგ, რაც გაყიდული თამაშების სკანდალი გახმაურდა, ფეხბურთის ფედერაციაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, გადაწყდა, რომ 3 მაისს, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები შეიკრიბებოდნენ და ერთად იმსჯელებდნენ მსგავსი სამარცხვინო ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და კორუფციულ გარიგებებში ჩართული ფეხბურთელების დასჯის მეთოდებზე.
წარმომადგენლობითი შეხვედრა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, დღის 3 საათზე დაიწყო. შეხვედრას სფფ-ს ხელმძღვანელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები, საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები, ვეტერანი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სფფ-ს პრეზიდენტმა საზოგადოებას უეფა-დან მოსული წერილის შინაარსი გააცნო და ამის შემდეგ, სიტყვა დარბაზში მსხდომთ გადასცა.
კამათი საკმაოდ ემოციური გამოვიდა: ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რევაზ ძოძუაშვილმა ზვიად სიჭინავას სულ “ცირკაჩი” ეძახა და ფეხბურთის პროფესიონალებისთვის დაბრუნება ურჩია.
ძოძუაშვილი: _ უარესი ეკუთვნით, აგენმა უნდა იწვალონ,
სიჭინავა: – ვინ უნდა იწვალოს, ბატონო რევაზ? ვის გულისხმობთ?
საუბარში ლადო ვარძელაშვილი ჩაერთო: _ ალბათ, მე მგულისხმობს!
ძოძუაშვილი: _ “ცირკაჩებმა”!
სიჭინავა: – ვინაა “ცირკაჩი”, ხურცილავა და ჩივაძე?
ძოძუაშვილი: – ხურცილავასა და ჩივაძეს რომ ამბობთ, ძოძუაშვილი რატომ არ დაიყენეთ გვერდით? ჰოდა, იწვალეთ, ღირსები ხართ! ასე არ მოდის დიდი ფეხბურთი _ დიდი ფეხბურთი მოდის ცოდნით, დიდი ფეხბურთი მოდის პროფესიონალიზმით.
სიჭინავა: _ ჩვენ სხვა რაღაცაზე მოვედით აქ და…
ძოძუაშვილი: _ შენ სხვა რაღაცაზე რო ხარ აქანე მოსული, მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა.
სიჭინავა: _ რა?
ძოძუაშვილი: _ რა და დუროვის ცირკი!
სიჭინავა: _ ბიჭო, მე იქაც პროფესიონალი ვიყავი და აქაც.
ძოძუაშვილი: _ გეტყობა!
სიჭინავა: _ 6 წელი ვიყავი იქ და…
ძოძუაშვილი: _ შენ ფეხბურთში ნუ მედავები!
სიჭინავა: _ შენ ნუ მებლატავები ეხლა მე!
ძოძუაშვილი: _ …
სიჭინავა: _ გადი, ბიჭო… თორემ…
ძოძუაშვილი: _ თორემ რა? კიდევ გითქვია!
სიჭინავა: _ ბიჭო!
ამ სკანდალური საუბრის შემდეგ, სიჭინავასა და ძოძუაშვილს შორის ყოფილი ფეხბურთელები ჩადგნენ, მათ შორის ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაიაც იყო. მან ვეტერანები უმოქმედობაში დაადანაშაულა და ქართული ფეხბურთის დღევანდელი ვითარების გამო პასუხისმგებლობა მათაც დააკისრა.
_ დამსწრე ვეტერანი ფეხბურთელებიდან რამდენიმემ, პროვოკაციულად მოინდომა საკუთარი პირადი პრობლემების მოგვარება, პირადი ანგარიშსწორებები, რის გამოც, საბოლოოდ, დარბაზში ხმაური ატყდა. როგორც ჩანს, ის ძალიან სამარცხვინო და მტკივნეული პრობლემა, რაზე სალაპარაკოდაც ამ დღეს საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ზოგიერთი ვეტერანისთვის მეათეხარისხოვანია (იყო და იქნება!) და მათ მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებთ. ასე რომ, ლოგიკურად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, აღმოიფხვრება თუ არა ეროვნულ ჩემპიონატში მსგავსი მანკიერებები, იქნება კორუფციული გარიგებები თუ არა, ამ ადამიანებისთვის სულ ერთია და უამრავი დამსახურებული ადამიანისგან განსხვავებით, მათ მხოლოდ ხმაურის ატეხვა და მყვირალა განცხადებების კეთება ეხერხებათ, _ ფეხბურთის ფედერაცია ამ კომენტარით მიანიშნებს, რომ უკან დახევას არ აპირებს.
მიუხედავად დაპირისპირებისა, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დააკვირდებიან ჩემპიონატის მატჩებს და საეჭვო ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა ეჭვმიტანილი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. სპორტის მინისტრის თქმით, სამინისტროც აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს მსგავსი ფაქტები და ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განვითარების სწორ გზას დაადგეს. რაც შეეხება უკვე გამოაშკარავებულ გაყიდულ მატჩებსა და ამ გარიგებაში მონაწილე ფეხბურთელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უეფა-ს და ფიფა-ს რეკომენდაციების მიღების შემდეგ, იმსჯელებს და მათ შესაბამის სანქციებს დაუწესებს: _ მომხდარი ფაქტი სცილდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციას. მეორეს მხრივ, ყველამ უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი ამ მართლაც უმსგავსო ფაქტზე, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. სწორედ ასეთი ადამიანები უშლიან ხელს ქართული ფეხბურთის განვითარებას. გამოძიება დაადგენს კონკრეტული ადამიანების ბრალეულობას, რის შემდეგაც, ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს შესაბამის სანქციებს. დაისჯება ყველა, ვინც დამნაშავე იქნება _ ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ კლუბის პრეზიდენტი, _ თქვა ვარძელაშვილმა.
ყველაფერი კი მას შემდეგ აირია, რაც ორშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შსს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოსო თოფურიძემ გააცნო საზოგადოებას, რომ ოპერატიულად წარმოებული გამოძიების საფუძველზე, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დააკავეს.
_ ჩვენს მიერ გამოვლენილ იქნა ს/კ “სამტრედიის” კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის “ბაიას” კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა, თბილისის “ვიტ ჯორჯიას” კაპიტანი გიგა ბეჭვაია, რომლებიც სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელ დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობით თანხების სანაცვლოდ, ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებს. ამგვარად, გამოვლენილ იქნა შემდეგი თამაშები: 2011 წლის 15 აპრილს გამართული “სიონი” _ “სამტრედია” (5:0), რომელშიც სამტრედიელებმა აიღეს 15 ათასი ლარი; 2011 წლის 19 აპრილს გამართული “დინამო” _ “ბაია” (2:1), რომელშიც სტუმრებმა აიღეს 12 ათასი ლარი; 2011 წლის 30 აპრილს გამართული “ვიტ ჯორჯია” _ “სიონი” (3:0), რომელშიც თბილისელთა კაპიტანმა 20 ათასი ლარი აიღო, _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე თოფურიძემ.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ოპერატიული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ “ბაიას” ფეხბურთელი გაბედავას ჰპირდება, თუ საჭირო გახდა, შეცვლა მე-10 წამზეც იქნება. მეორე ზუგდიდელი იქვე ამატებს: _ პრობლემა არაა, ორ პენალტსაც ავიკიდებთ, თუ პირველში არა, მე-2 ტაიმში აუცილებლად იქნება პენალტი.
როგორც გავრცელებული მასალებიდან ჩანს, დავით გაბედავასთან ზემოთ დასახელებულ ფეხბურთელთა გარიგება მხოლოდ მატჩის შედეგებზე არ ხდებოდა _ მხარეთა ძირითადი დაინტერესების საგანი, ე.წ. “ცოცხალი ფსონები” იყო. გთავაზობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ კომენტარებს:
გიგა ბეჭვაია, “ვიტ ჯორჯია”: _ ამ ფულში, პირველსავე ტაიმში შეცვლას გიკეთებთ, პირველ ყვითელს გიკეთებთ და ჩვენი მეტი აუტი იქნება. თავი რომ დავიზღვიოთ, სადღაც თხუთმეტ აუტს ჩავაწვდით.
სპარტაკ გოგია, “სამტრედია”: _ რა გინდა ამ 15 ათასში გავაკეთო? ტრენერი ამბობს, შეცვლას პირველ ტაიმში გავაკეთებო, ჩვენ კი პენალტს ავიკიდებთ.
_ ერთი წელია, ვებრძვით სამსაჯო კომიტეტს, რომ ასეთი ფაქტები აღმოიფხვრას. მივმართავთ უეფას და ფიფას _ რაც უნდა სასტიკი გადაწყვეტილება მიიღონ ამ დანაშაულის შესახებ, მას აღვასრულებთ. ვინც თავისი გუნდის მატჩებს ყიდის, ის სამშობლოსაც ადვილად გაყიდის, _ განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
გთავაზობთ ამ ინციდენტის გაუხმაურებელ დეტალებს: აშკარაა, რომ გაყიდული თამაშები ყველაზე მეტად ეროვნული ჩემპიონატის ჩამტარებელ ორგანიზაციას _ ფეხბურთის ფედერაციას “ურტყამს”. თუ გავიხსენებთ, რომ სიჭინავა იანვარში მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის სავარძელში უალტერნატივოდ “დასვა”, გამოდის, რომ სიჭინავაზე შეტევა ხელისუფლების ინტერესში არ იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ყველაფერი სფფ-ის თავკაცის სახელისუფლო ლობის ასევე სახელისუფლო ოპონენტებმა მოაწყვეს, თუმცა, ეს ვერსია არადამაჯერებელია _ სიჭინავას თვით სააკაშვილი ლობირებს და ამ შემთხვევაში, თითქმის გამორიცხულია ასეთი ალბათობა. ისე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერთ-ერთმა სახელისუფლო გუნდმა სიჭინავას განეიტრალება მოინდომა და ფეხბურთელები დაუპატიმრა, სიჭინავამ კი საქმეში “პირველი” ჩართო და საქმე ჩაიფარცხა. აბა, სხვანაირად ვერ აიხსნება, რომ ფულის ამღები ფეხბურთელები იმავე დღეს სახლში გაუშვან. განცხადება, რომ ეს ჭკუის სასწავლებელია და დაპატიმრება თვითმიზანი არ არის, საფუძველს მოკლებულია _ ჯერ ერთი, კუდ-მა “ჭკუის სწავლება” ასე არ იცის და, მინიმუმ, საპროცესო თანხას მოთხოვდა დამნაშავეებს და მეორეც _ სასამართლო დადგენილების გარეშე თვით პრეზიდენტსაც არ აქვს ეჭვმიტანილთა გაშვების უფლება. მით უფრო, დანაშაულში ბევრი მონაწილის არსებობა იკვეთება და სამართალდამცველებისთვის “ზემოდან” რომ არ ეკარნახათ, მათ არ გაუშვებდნენ. თუმცაღა, ამ ვერსიასაც აბათილებს ინფორმაცია, რომლის მიხედვით სიჭინავას ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ვანო მერაბიშვილია; შს სამინისტროს ექვემდებარება ფეხბურთელთა დამჭერ-გამშვები კუდ-იც. თუ სიჭინავაზე სახელისუფლო შეტევაა, მინიმუმ უნდა ჩავთვალოთ, რომ შესუსტდა ნიკა გილაურის ძალაუფლება _ ცნობილი ფაქტია, სიჭინავას მთავარი სახელისუფლო მხარდამჭერები სწორედ პრემიერი და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი რომ არიან. სწორედ გილაურის სახელს უკავშირებენ სიჭინავას “უალტერნატივობას” _ წყაროს თქმით, ამ პოსტზე დავით ნამგალაურს მოიაზრებდნენ, მაგრამ გილაურმა მოახერხა და ფეხბურთზე კონტროლი შეინარჩუნა.
მეორე კულუარული ვერსიის მიხედვით, სავარაუდოდ, ფედერაციაში ყველამ ყველაფერი იცოდა და ვერ ან არ რეაგირებდა. როცა საუბარია 20 ათასის გადახდაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტოტალიზატორებში სერიოზული ფული იდებოდა, რომლებმაც იმდენი წააგეს, რომ ეჭვები ფიფა-უეფას გაუზიარეს. საეჭვო კი ნამდვილად იქნებოდა _ როგორ შეიძლება ყველამ გამოიცნოს ქართული ყვითელი, აუტი, შეცვლა და ა. შ.? თუ დიდი ფულია, უნდა ჩავთვალოთ, რომ საქმეს დიდი სახელისუფლებო ლობი ჰყავდა.
საინტერესოა, სად იდებოდა ეს ფული? ცნობილი ტოტალიზატორები ქართულ ჩემპიონატზე ფსონების მიღებისას ლიმიტს აწესებენ, ზოგი 50 დოლარზე მეტს არ იღებს, ზოგს კი გარკვეული ზღვარი აქვს. ყვითელ-წითლები, აუტები და პენალტები არც ერთ პოპულარულ ტოტოკანტორას არ ჰქონია შეყვანილი ფსონებში. აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ ფსონები იდებოდა აზიურ ტოტალიზატორებში. გარდა ამისა, არის ეჭვი, რომ უცხოეთში ხელზე “გამაზვაც” ხდებოდა.
ჰოდა, რაც ტოტალიზატორებმა სკანდალი ატეხეს, საქმით უეფა დაინტერესდა. მან საქმის გარკვევა ფეხბურთის ფედერაციას დაავალა და ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ სიჭინავამ ჩართო საქმეში ქართველი სამართალდამცველები. თუმცა, საქმე იქითკენ მიდის, რომ სკანდალში ათეულობით მობურთალი აღმოჩნდება. დღეის მდგომარეობით, თუ გახმაურებული ფაქტები დადასტურდა, მინიმუმ 5 გუნდს დააქვეითებენ, ეს კი ეროვნული პირველობის ლამის დაშლის ტოლფასია. არ არის გამორიცხული, სიჭინავამ გადადგომის განცხადება გააკეთოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
ჩვენ გვაქვს საკმაოდ სანდო წყაროს ინფორმაცია, რომ ფედერაცია თადარიგის დაჭერას აპირებს და მომავალი სეზონიდან “გურიისა” და “მერცხალის” უმაღლეს ლიგაში აღზევებას გეგმავს სხვა რამდენიმე კლუბთან ერთად, რომ სამომავლოდ მთავარი პირველობა დაიწყოს. “გურიისა” და “მერცხალის” შერჩევა კი სპონსორის შესაძლო დაინტერესებით და ოზურგეთში სტადიონის გაკეთებით აიხსნება.
ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე გაუხმაურებელი ინფორმაცია. ერთის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი სკანდალში გახვეული კლუბის ხელმძღვანელი პირი დააკავეს, რომელსაც ფსონი საკუთარი გუნდის წაგებაზე ჰქონდა დადებული. მეორე ინფორმაციის მიხედვით კი, ზაქათალაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა საფეხბურთო ინციდენტში გახვეულმა კიდევ ერთმა კლუბმა _ ბოლნისის “სიონმა” მიიღო. მაშინ ქვემო ქართლელებმა “თავი გაიგიჟეს”, ჩვენ საინგილოში არ გვითამაშიაო. მართლაც, კლუბმა მეორე დღეს საჩემპიონატო შეხვედრა გამართა და ზაქათალაში გადასვლასა და დაბრუნებას ვერ მოასწრებდა. მით უმეტეს, საზღვარი ამ გუნდის ფეხბურთელებს არ გადაუკვეთიათ. როგორც ირკვევა, მისი სახელით ვიღაცამ ისარგებლა და ამხანაგური მატჩი “გამართა”, რომელიც ტოტალიზატორში ყოფილა დადებული. ახლა გამოძიების დასადგენია _ შედგა თუ არა შეხვედრა საერთოდ და თუ შედგა _ ვინ ისარგებლა ქართული კლუბის სახელით.
P.შ. ბოლო დღეებში, ქართულ ტელესივრცეში, უცხოურ ტოტალიზატორებში პირველი ლიგის თამაშების დადების შესახებ ინფორმაცია აგორდა. ბევრმა ეს მთავარი და გახმაურებული სკანდალის გადაფარვად ჩათვალა. ჩვენთვის ყურადსაღები იყო ის ფაქტი, რომ ტელესიუჟეტების მიხედვით, ტოტალიზატორში მოხვედრილ თამაშებს შორის ერთში “გურიაც” მონაწილეობდა _ ეს იყო ხონის “იმერეთისა” და “გურიის” შეხვედრა. ის მატჩი ჩვენებურებმა მოიგეს, არც პენალტი ყოფილა და არც წითელი ბარათი და შესაბამისად, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მოგების გამო კი ვერავის გაეკიდებიან. რატომღაც ჟურნალისტებმა სიუჟეტები არაპროფესიონალურად და ზერელედ მოამზადეს _ თუ “გურია” თავიდან, უბრალოდ იმ მატჩების ჩამონათვალში იყო, რომელიც საიტებზე დაიდო, შემდგომ დღეებში ლანჩხუთური კლუბი ლამის გახმაურებული სკანდალის მონაწილეთა შორის გამოაცხადეს. არადა, ჩვენ გავარკვიეთ, რომ “გურიას” თამაში ევროპულ თუ აზიურ ტოტალიზატორში მხოლოდ ერთხელ დაიდო, მაქინაციებში გასვრილი გუნდი კი ერთი თამაშით არ დაკმაყოფილდებოდა.
ჩვენ “გურიის” ადმინისტრაციაში მაინც ვიკითხეთ ამის შესახებ, სადაც ამბობენ, რომ “გურიას” არანაირი შეხება არ აქვს დარღვევებთან, თამაშების ჩაწყობასთან; ისინი დარწმუნებული არიან ფეხბურთელთა და სხვა პერსონალის კეთილსინდისიერებაში და მათ ქმედებებზეც პასუხისმგებლობას კისრულობენ:
_ ცუდია თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, რადგან ამ დროს მაინც ეჭვები ჩნდება. თუმცა, ჩვენ თავის გასასამართლებელი არაფერი გვაქვს, იმდენად სუფთები ვართ ამ საქმეში. სამწუხაროდ, არასწორად მოხდა თემის გაშუქება _ უბრალოდ, სკანდალური თემის გაგრძელება სურდათ ჟურნალისტებს და ტყუილად გავიჭყლიტეთ, _ ამბობენ “გურიის” მესვეურები.