ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
_ ბრძანება ჯერ დაწერილი არ არის, თუმცა, გადაწყვეტილია, _ გვითხრა გიორგობიანმა.
ჩუბინიძემ ამ პოსტზე ზურაბ გამეზარდაშვილი შეცვალა, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსად გადაიყვანეს.
როგორც გავარკვიეთ, ზაზა ჩუბინიძე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამეზარდაშვილის პირველ მოადგილედ მუშაობდა.
უწყებაში მუშაობა კი, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ _ 1 ოქტომბრის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო.
უცნობია, როგორ დააბრუნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში პირი, რომელსაც გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, სისტემაში მUშაობა, ჯერ კიდევ, 2006 წელს აეკრძალა.
ამის მიზეზი კი “გურია ნიუსის” სტატია გახდა. 2006 წლის ნოემბერში, ზაზა ჩუბინიძემ, რომელიც იმ დროს ოზურგეთის პოლიციის უფროსის სავარძელს იკავებდა, ჩვენს გამოცემასთან საუბარში ოზურგეთელებს შეურაცხყოფა მიაყენა:
_ ვინმეს თუ ჰგონია მაგით ძირს გამომითხრის, ძალიან შემცდარა. ამ დამპალ ოზურგეთში დამპალმა ოზურგეთლებმა არაფერი იციან. უამრავი ძებნილი დავიჭირე და ძებნის მაჩვენებლით რესპუბლიკაში პირველი ვარ. ეტყობა ვიღაცას მაგრად აეწვა ტრ….. თანამდებობის პირები იფარავენ დამნაშავეებს(?!). ოზურგეთში თანამდებობის პირებს იმათ ვეძახი, ვისაც განყოფილებები თუ სამმართველოები აბარია, ოზურგეთს მოვუტყ… ამ დამპლებს არაფერი არ უნდა გაუკეთო, ღორები არიან, არ მოსწონთ საქმეს რომ ვაკეთებ და იმიტომ მებრძვიან. ჩემი დედის მტყ… ვიყო, აგერ წმინდა გიორგის ხატია და იმაზე დავიფიცებ, მე რომ აქედან წავალ, ვინმე თუ დავტოვო. ყველაზე მაქვს კომპრომატები. დეკემბრამდე მაცადეთ და ნახავთ, რაც მოხდება. მე წავალ და ბოზისშვილი ვიყო, აქ ამბებს დავატრიალებ, არავის რომ არ გაუგია! მე თუ წავალ, არავის არ დავტოვებ აქ, ყველას მოეტყ… დედები და ცოლები!” _ ამბობდა მაშინ ჩუბინიძე.
პოლიციის უფროსის ეს “კომენტარი” “გურია ნიუსის” 2006 წლის 2 ნოემბრის ნომერში სრულად გავიდა. იმავე წლის 7 ნოემბერს კი, საქართველოს პარლამენტის წევრმა, კოტე ბერიძემ ოზურგეთის საკრებულოს მიმართა და ამ სტატიის განხილვა მოითხოვა:
_ პოლიციის უფროსის თანამდებობრივი შეთავსების თუ შეუთავსებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, საკრებულოს კომპეტენციას არ განეკუთვნება, მაგრამ თქვენ ხართ ხალხის მიერ არჩეული საკრებულო, რომელსაც ენდობა საზოგადოება ოთხი წლის განმავლობაში და თქვენ პასუხისმგებელი ხართ ოზურგეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომ, გთხოვთ, ეს საკითხი განიხილოთ. მე არ გეუბნებით მიიღოთ რაიმე გადაწყვეტილება, მაგრამ კარგი იქნება თუ ამ სიტუაციაზე იმსჯელებთ. თუმცა, ჩვენ აქ ერთი მხარის _ ჟურნალისტის მოსაზრება გვაქვს და მან, რამდენადაც ვიცი, ამ პიროვნების გამონათქვამები მოიყვანა გაზეთში. ამ საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება, ჩემი აზრით, არ შეიძლება. მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენ, მე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვაცხადებ, რომ ამას მივცემ შესაბამისს რეაგირებას. აქ ის საკითხი კი არ დგას როგორია ან როგორი არ არის პოლიციის უფროსი, აქ დგას პირდაპირ ვიტყვი _ ხელისუფლები ავტორიტეტის საკითხი, რომლის ნაწილსაც ჩვენ წარმოვადგენთ. მინდა ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, _ ამბობდა ბერიძე.
პოლიციის უფროსის აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს წევრებიც გამოეხმაურნენ:
_ პრესაში თითოეული ოზურგეთელი მოქალაქის მიმართ ასეთი შეურაცხყოფისთვის, პოლიციის უფროსს, ვფიქრობ, სერიოზული პასუხი უნდა მოეთხოვოს. ჩვენ ჯერჯერობით ბეჭედი არ გაგვაჩნია, რომ მიმართვა გავუგზავნოთ შინაგან საქმეთა მინისტრს. მინდა თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ამ თემაზე, ანუ იმაზე, რა გააკეთა ამ ადამიანმა და საერთოდ, რაც ხდება ჩვენს რეგიონში ძალოვნებთან დაკავშირებით, _ აღნიშნა საკრებულოს იმდროინდელმა თავმჯდომარემ ვლადიმერ სურგულაძემ.
_ ჩემთვის შეურაცხყოფაა, რაც “გურია ნიუსში” წავიკითხე. ერთი რამ მაინტერესებს _ თუ არსებობს ამ მასალის აუდიო ჩანაწერი. ძალიან საინტერესოა ასევე, ჟურნალისტის და პოლიციის უფროსის მოსვლა საკრებულოში და მათთან გასაუბრება. თუ ის დადასტურდა, რაც გაზეთში წერია, ჩემი აზრით, ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, რომლითაც შეურაცხყოფილი იქნება თითოეული ჩვენთაგანის ოჯახი. აჯობებს, ჯერ მოვისმინოთ ეს ყველაფერი და შემდეგ გავაკეთოთ განცხადებები, _ აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა, ოთარ რევიშვილმა.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ საკითხზე განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, ოპოზიციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე იყო:
_ ძალიან კარგია, როდესაც ვეხმაურებით ასეთ წერილებს, მაგრამ “გურია ნიუსში” პირველი არ არის ასეთი შემთხვევა. მე არ ვამართლებ იმ პიროვნებას, ვისი პირიდანაც ასეთი სიტყვები წამოვიდა და ეს აუცილებლად განსჯის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ საკრებულოს, მე მგონი, არ აქვს ამის უფლება. პოზიცია დავაფიქსირეთ და გამოძიებისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გასარკვევი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც პიროვნებებს, რაიონს ეხებიან. მაპატიეთ, ბოლომდე არ წამიკითხავს და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში, გაზეთ “გურია ნიუსში” იწერება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც ნამდვილად არ არსებულია და რომელიც მოგონილიც არის. აუდიო ჩანაწერები წაღმა რომ აქვთ, უკუღმა ბეჭდAვენ ამ გაზეთში. ამიტომ, ჩვენ თუ მივყევით ყველა ჟურნალისტის და განსაკუთრებით, ნატო გოგელიას კალამს, საკრებულოსა და რაიონის საქმეს ვერ გავაკეთებთ ნაღდად, _ მიაჩნდა ნაცვალაძეს.
თუმცა, ასე არ უფიქრია იმ დროინდელ უმრავლესობას. კოტე ბერიძემ ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზეც დააყენა და გამოიძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. როგორც ყოველთვის, “გურია ნიუსმა” გენერალურ ინსპექციას, რომელიც პირადად ვანო მერაბიშვილის დავალებით ჩამოვიდა ოზურგეთში, ჩუბინიძის სრული ჩანაწერი გადასცა. ამ ჩანაწერს სხვა ფაქტებიც დაემატა _ კერძოდ ის, რომ ნასვამი ჩუბინიძე თანამშრომლების გინებით ირთობდა თავს (არსებობდა პოლიციელების შესაბამისი ჩვენებები) და გაბრაზებულ გულზე, კაბინეტშიც კი ისროდა (მაშინ, გენერალურმა ინსპექციამ მის კაბინეტში იარაღის ნატყვიარებიც გადაიღო).
“ნაციონალური” ხელისუფლების დროს, ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფაქტი, როცა გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ამ ჩანაწერის და ფაქტების წარდგენიდან ათ დღეში, ზაზა ჩუბინიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გენერალური ინსპექციის დასკვნით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მUშაობა აეკრძალა.
როგორ მოახერხა სისტემაში დაბრუნება ჩუბინიძემ, ჩვენთვის უცნობია. ჩვენთან სატელეფონო საუბარში, ქუთაისის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსობის 100%-იანი კანდიდატი ამაზე არ საუბრობს:
_ ბატონო ზაზა, თქვენი თანამდებობაზე დანიშვნა გავიგეთ და გაგვიკვირდა; თქვენ ხომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა აკრძალული გქონდათ?
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ოზურგეთლებს ცოლებს და დედებს აგინებდით, იმუქრებოდით, თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდით…
_ არა, გამორიცხულია.
_ ჩანაწერები რომ არსებობს, დაგავიწყდათ? გენერალური ინსპექციის დასკვნაც ხომ არის?
_ არა.
_ ქუთაისელებს ხომ არ აგინებთ?
_ რატომ მირეკავთ?
_ გითხარით რატომაც გირეკავთ. თქვენ აკრძალული გქონდათ შსს-ში მუშაობა და გვაინტერესებს, როგორ მოახერხეთ დაბრუნება.
_ კარგით, კარგად იყავით, _ გვითხრა ჩუბინიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
აღსანიშნავია, რომ ჩუბინიძის ოზურგეთში მუშაობის პერიოდში, მისი უწყების მიერ წარმოებულ ძალიან ბევრ სისხლის სამართლის საქმეში კითხვის ნიშანი არსებობდა.
სწორედ იმ პერიოდში ჩაატარა “გურია ნიუსმა” ჟურნალისტური გამოძიებების სერია სათაურით “მოწმე განათხოვრებით“. მოპოვებული მტკიცებულებებით და ფაქტებით, ასევე გამომძიებლების კაბინეტში გადაღებული ფოტოებით ირკვეოდა, რომ ჩუბინიძის მმართველობის დროს, პოლიცია იყენებდა მოწმეს, ვინმე გიორგი გაბიტაძეს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით, 38 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა პოლიციის მოწმედ _ ხან ოზურგეთში, ხან ლანჩხუთში, ხან კიდევ ჩოხატაურში! ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე კი, ბევრ ადამიანი დაისაჯა. რამდენად კანონიერად თუ უკანონოდ მიესაჯათ ამ ადამიანებს რამდენიმეწლიანი პატიმრობა, ეს მხოლოდ ნორმალური, სამართლიანი გამოძიების პირობებში შეიძლება დადგინდეს. თუმცა, ეს ეჭვს იწვევს _ როცა ამ საქმეებში მონაწილე პირები მაღალ თანამდებობებს იკავებენ, რთულია, გქონდეს სამართლის პოვნის იმედი.