ამ უკანასკნელის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა კი დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად და ნაყოფიერად მუშაობენ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა მეტად მნიშვნელოვან ფუნქციურ დატვირთვას ანიჭებს საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებს: ისინი იქმნებიან საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით; ამასთან, ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” პირდაპირ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საკრებულოში არა უმეტეს 5 კომისია შეიძლება შეიქმნას (იხ. მუხ. 28.1). შესაბამისად, კანონის ამ სავალდებულო მოთხოვნის გათვალისწინებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია და ფუნქციონირებს ხუთი მუდმივმოქმედი კომისია: ა) სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისია; გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია; დ) ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია; ე) სოციალურ საკითხთა კომისია.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (დამტკიცებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს #3 დადგენილებით) მთელ რიგ სავალდებულო მოთხოვნებს აწესებს საკრებულოს კომისიებთან მიმართებაში, მათი საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის კუთხით. ეს კი ის მოთხოვნებია, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მოქმედებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 135-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, “საკრებულოს დებულების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია”.
წინამდებარე საგაზეთო სტატიაში გვსურს, მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ იმ სავალდებულო მოთხოვნებზე, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა და თვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება უდგენენ საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებს და რომელთა უპირობო შესრულებასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კომისიების გამართული, ეფექტიანი, ღია და გამჭვირვალე ფუნქციონირებისათვის, ასევე, ზოგადად იქნას მიმოხილული და გაანალიზებული, დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების შესრულების კუთხით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში არსებული სიტუაცია.
მაშ, ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით.
საზოგადოების წინასწარი ინფორმირება კომისიათა სხდომების შესახებ
საკრებულოს კომისიის სხდომის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება პირდაპირ ავალდებულებს საკრებულოს აპარატს, რომ ამ უკანასკნელმა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ. ამასთან, ეს ინფორმაცია საკრებულოს აპარატის მიერ გამოქვეყნებული უნდა იქნას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე უნდა გამოიკრას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის რწმუნებულის შენობასთან (შენობაში) განთავსებულ სპეციალურ სტენდზე (იხ. საკრებულოს დებულება, მუხ. 133).
ის, თუ, პრაქტიკულად, საკრებულოს აპარატის მიერ რამდენად ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ერთეულების (სოფელი, თემი, დაბა) რწმუნებულების ადგილსამყოფელ ადმინისტრაციულ შენობასთან, ან შენობის შიგნით განთავსებულ დაფაზე საკრებულოს კომისიის მორიგი სხდომის შესახებ შესაბამისი ინფორმაციული ხასიათის ცნობის გამოკვრა, აღნიშნულ დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას უკეთ მოეხსენება; ჩვენ კი ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირს” უკვე წლებია, რაც ინტენსიურად მუშაობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბევრ თემთან თუ სოფელთან, თუმცა ამ ხნის მანძილზე რწმუნებულების შენობასთან, ან შენობის შიგნით არსებულ სპეციალურ დაფაზე გამოკრული მსგავსი ტიპის ინფორმაცია ჯერ არ გვინახავს. მკითხველი, მაინცადამაინც, არც ამ სახის ინფორმაციის ადგილობრივ პრესაში ხილვით არის განებივრებული; განებივრებას ვინ ჩივის, ასეთი რამ პრაქტიკაში ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება საკრებულოს აპარატის მიერ საკრებულოს კომისიის სხდომის შესახებ ინფორმაციული ხასიათის ცნობის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, საკრებულოს კომისიები და აპარატი არც ამ სავალდებულო მოთხოვნას წყალობენ. არადა, წესით, ამ ტიპის ინფორმაციული ცნობის ვებგვერდზე ატვირთვა და დადება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული და, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, თუ რატომ არ ხდება საკრებულოს დებულების ამ სავალდებულო მოთხოვნის შესრულება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდი, საერთოდ, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს: საკრებულოს დებულებაში მისი ოფიციალური ვებგვერდის მისამართად მითითებულია _ წწწ.ცჰოკჰატაური.ორგ.გე (იხ., მაგალითად, მუხ. 108), თუმცა ეს ინტერნეტ-მისამართი, კარგა ხანია, არააქტიურია და არ ფუნქციონირებს. პარალელურ რეჟიმში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ოფიციალური ვებგვერდის სახით, ძირითადად, სხვა ელექტრონულ მისამართს (წწწ.ცჰოკჰატაური.გე) იყენებს. ეს დუალიზმი ვებგვერდთან მიმართებაში სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას და გამოსწორდეს საკრებულოს ნორმატიული აქტების დონეზე.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საკრებულოს აპარატი ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს კომისების მორიგ სხდომათა შესახებ შესაბამისი ინფორმაციული ცნობის “დადგენილი წესით” გამოქვეყნებას და, საერთოდაც, ამას მეტისმეტად უსისტემო და ფრაგმენტული ხასიათი აქვს. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ არ არსებობს საკრებულოს კომისიის სხდომებზე ჩვეულებრივი, რიგითი მოსახლეობის წარმომადგენელთა დასწრებისა და მონაწილეობის ფაქტები. აქედან გამომდინარე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სასწრაფოდაა მოსაწესრიგებელი საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის შესახებ, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების საკითხი.
კომისიები,როგორც საკრებულოს ნორმატიული აქტების მიღების პროცესის მნიშვნელოვანი რგოლი
საკრებულოს კომისიები არსებით როლს თამაშობენ საკრებულოს, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს, მიერ ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღების პროცესში (ადმინისტრაციულ წარმოებაში). კერძოდ, კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს საკრებულოში შემოტანილი, მის სფეროს მიკუთვნებული საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტები და მოამზადოს დასკვნები მათთან დაკავშირებით, საკრებულოს სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და დააფიქსიროს კომისიის პოზიცია (დასკვნა) საკრებულოს შესაბამისი (მის სფეროს მიკუთვნებული) გადაწყვეტილებების პროექტებთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი იგი წინასწარ იქნა განხილული საკრებულოს შესაბამისი კომისიის მიერ და თუ ამ კომისიას გამოხატული აქვს (დასკვნის სახით) თავისი პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება პირდაპირ ავალდებულებს საკრებულოს, რომ მან თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე საკრებულოს და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო დაფაზე სისტემატურად გამოაქვეყნოს თავისი ნორმატიული აქტის პროექტები, საკრებულოს აპარატში მათი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში (იხ. საკრებულოს დებულება, მუხ. 108.1). თუმცა ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად, საკრებულო ვალდებულია თავის ვებგვერდზე და საინფორმაციო სტენდებზე გამოაქვეყნოს /გამოაკრას ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნას მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა (იხ. საკრებულოს დებულება, მუხ. 108.3).
დღეისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მსგავსი ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება, როგორც წესი, საერთოდ, არ ხდება; არადა, ამ სახის ინფორმაციული მასალის უპირობო, “დადგენილი წესის” შესაბამისი გამოქვეყნება აუცილებელია იმისათვის, რათა საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს, მუდმივად ინფორმირებული იყოს საკრებულოს კომისიის მომავალი სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ და, დაინტერესების შემთხვევაში, _ წარადგინოს საკუთარი წინადადებები, შენიშვნები თუ მოსაზრებები კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში. შესაბამისად, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შესაძლებლობა ექნება, შეუფერხებლად დაესწროს საკრებულოს კომისიის სხდომებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში, რაც, საბოლოო ჯამში, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოსახლეობის პრაქტიკული ჩართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენს.
კომისიების საქმიანობისამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება
ასევე ძალზე მნიშვნელოვანია საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების დადგენილი წესით გამოქვეყნების საკითხი, რამეთუ სწორედ ამ დოკუმენტებით ხდება მათი საქმიანობის ოფიციალური გაფორმება და გარეგანი შეფასება.
აღნიშნული თვალსაზრისით, ყურადსაღებია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო / საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს ვებგვერდზე, ასევე საკრებულოს და მუნიციპალიტეტის რწმუნებულის შენობასთან (შენობაში) არსებულ სპეციალურ სტენდზე განათავსოს საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში _ მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამისა, საკრებულოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები _ საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში (იხ. საკრებულოს დებულება, მუხ. 133).
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღეისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი, საერთოდ, არ ახდენს საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების საქმიანობის ამსახველი ზემოაღნიშნული დოკუმენტების გამოქვეყნებას “დადგენილი წესის” შესაბამისად. არადა, ეს საკითხი სასწრაფო წესითაა მოსაგვარებელი, რამეთუ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შესაძლებლობა ჰქონდეს, უშუალოდ საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე, ოპერატიულად, რეგულარულად გაეცნოს საკრებულოს კომისიათა საქმიანობის დეტალებს.
მოკლედ, ასეთი გახლავთ საქართველოს კანონმდებლობისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელთა უპირობო დაცვაც ძალზე მნიშვნელოვანია საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების გამართულად, ეფექტიანად, ღიად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებისათვის. წინამდებარე სტატიის დასაწყისში ჩვენ ტყუილად არ გვიხსენებია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 135-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც “საკრებულოს დებულების დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას” ბათილად მიიჩნევს. საქმე ისაა, რომ, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, კომისიები საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოსაცემად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს და, შესაბამისად, საკრებულოზე ამა თუ იმ საკითხის განხილვა მხოლოდ კომისიის შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. კომისიის მიერ დასკვნის მისაღებად კი, როგორც ვნახეთ, საკრებულოს დებულებით გათვალისწინებული მთელი რიგი სავალდებულო მოთხოვნების განუხრელი დაცვაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დარღვევით მიღებული კომისიის დასკვნები ბათილია. თავისთავად ცხადია, რომ საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული კომისიის ბათილი დასკვნის საფუძველზე, მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებაც ასევე ბათილად უნდა იქნას მიჩნეული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია ზუსტად დაიცვას საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებთან მიმართებაში დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები, რომელთა შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით არსებული ხარვეზების გამოსწორება საკრებულოს მიერ, რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს.
ირაკლი პაპავა, “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი