ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბევრმა იცის, რომ ერთ მთიან სოფელ გოგმაჩაურში, ელიას ციხის მახლობლად, ლამის ცასთან ახლოს, მართალიშვილების ოჯახი ცხოვრობს, სადაც ფუტკრის კულტი მეფობს და კეთილი ხუმრობით მათ ოჯახს “თაფლის მდინარის სათავესაც” უწოდებენ.
ვიდრე მასპინძელ ოჯახს მივაღწევდი, მთებში მიმავალ გზას მარტო გავუდექი, რომლის ორთავ მხარეს უფსკრულების სიმაღლე ისე თვალჩაუწვდენი ხდება, შიშისგან მარჯვნივ-მარცხნივ გადახედვაც აღარ მინდა. უმგზავრო შარაზე, აქა-იქ ნისლის “კაცები” მხვდებიან, თითქოს საგანგებოდ დაყოფილი და ტყე-ტყე მოსიარულე. ზოგი შემხვედრი აქაური მკვიდრი კი მიმასწავლის, სამი კილომეტრი თუ დარჩა იქამდეო, მაგრამ კიდევ უფრო მეტის გავლის შემდეგ, ეჭვი ჩნდება _ შეიძლება აქ ადამიანი ცხოვრობდეს?
ვიდრე “მასპინძელოს” დავიძახებდე, ერთხელაც უკან ვიხედები და ზემოდან დანახულის განცდა ჟრჟოლად მესხმის თავს: ღმერთო, რა ლამაზი სამშობლო გვაქვს, შესაშინებლადაც ლამაზი! ვინც ამ საოცრებას ნახავს, მთის წვერზე შეყუჟულ ოჯახს ესტუმრება, ყოველგვარი პათეტიკა შორს დარჩება და მიხვდება, რომ ამ უფსკრულებივით ღრმა და შორეულ წარსულში ფესვგადგმული ჩვენი წინაპარი აგერ, ბილალი მართალიშვილის სახით დგას და მთებს შეხორცებული ფესვს უმაგრებს ჩვენს ტანჯულ ქვეყანას!
ცნობილ მეფუტკრეს უჭირს იმის თქმა, სულ რამდენი სკა ჰყავს. გავრცელებული თვითრწმენა _ სკების დათვლა არ შეიძლებაო, გასაგებია. არადა, სკა იმდენია, თვალის ერთი გადავლებით, ორ ასეულს აჭარბებს და მისი ფოტოობიექტივში ერთად მოქცევა შეუძლებელია.
_ თუ გინდა, ჩემი საფუტკრეთი ერთად გადაიღო, გაღმა მთის ფერდზე უნდა გახვიდე, რომ გამოღმა მთელი ჩემი სამყარო ჩანდეს, _ ჩანაფიქრს მიმიხვდა ბატონი ბილალი, თან რბილად იღიმება _ ადვილი მისახვედრია, გაღმა მთის ფერდზე რომ მოხვდე, ჩიტი უნდა იყო. თუმცა, თვითონ გვარწმუნებს, რომ ეს “მთები თავჩაჩქნიანები” იმდენჯერ აქვს ფეხით შემოვლილი და ფიქრით შემოფრენილი, რომ იქ არსებული წაბლისა და ცაცხვის ასწლოვანი ხეების თუ კორომების სამყოფელი ზეპირად იცის. მის კარმიდამოში ფუტკრის სიყვარული მეფობს და თვითონაც გარწმუნებს, რომ სწორედ ამიტომ ცხოვრობს ღმერთთან ახლოს.
ბატონ ბილალის საკუთარ საქმეზე საუბარს არაფერი ურჩევნია, მაგრამ უპირველეს კითხვაზე, აქ ღმერთმა ნუ გაგიჭირვოთ, მაგრამ რაიმე განსაცდელს რომ გადაეყაროთ, დროულად მშველელი ვინაა,-მეთქი, მოკლედ მპასუხობს: _ იგივე ღმერთი, რომელიც ახლა ახსენე. მის იმედად ვართ, აი, მარჯვნივ, ზემოდან, ელიას ციხე დაგვცქერის, ახლა ნისლი ფარავს და არ ჩანს. ჩვენი გუშაგია. ვართ ასე, აქ ცხოვრობდა ჩვენი წინაპარი და მე სად უნდა წავიდე?
ყველაზე ძალიან ის უხარია, რომ თავისი სამი ვაჟიშვილი: მერაბი, მალხაზი და შოთა მეფუტკრეობის სიყვარულით გაზარდა და ახლა ცალ-ცალკე ოჯახებში ცხოვრობენ, უამრავი საკუთარი სკით.
_ როცა პატარა ვიყავი, ჩემი მშობლების გვერდით სულ ფუტკარს ვხედავდი. 15 წლისამ უკვე ფუტკრის ენა ვიცოდი და მის მოვლა-პატრონობაში მშობლებს ტოლს არ ვუდებდი. ის კი ვქენი, რომ შვილებიც მეფუტკრეებად გავზარდე და უფროს შვილიშვილს _ ჯონისაც თავდავიწყებამდე შევაყვარე ეს ღვთიური მწერი. მას თავისთვის ვაჩუქე 50 სკა. სიცოცხლესავით უყვარს ახლა ფუტკარი, თავს ევლება. გოგმაჩაურში რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ. კარგი მეზობლები მყავს, თუმცა, ყველას არ უყვარს ფუტკარი. ვეუბნები, მოჰკიდეთ ამ საქმეს ხელი,-მეთქი, მაგრამ თუ არ უნდა ადამიანს, დაძალებული საქმე არ გამოვა, _ ამბობს ჩვენი მასპინძელი და ერთი თურქი ბიზნესმენის შემოთავაზების შესახებაც გვიამბობს: თურმე, თაფლის საყიდლად მოსულმა უცხოელმა, როცა გარემოს გადახედა და მართალიშვილების მართალ, უსაზღვრო შრომისმოყვარეობას შეხედა, ბილალის ვაჟს შოთას შესთავაზა, წამოდი თურქეთში, თვეში 1 500 დოლარს გადაგიხდი და იმუშავე, სიროფიც დაუმატე და “მაგარი ფული გაკეთდებაო”. გაბრაზებულან მართალიშვილები _ ან უცხოეთში რა გვინდა, ამ მთების იქით ერთ დღეს ვერ ვიცოცხლებთ და ფუტკრის შებილწვაც როგორ გვაკადრა, სიროფის საჭმელად გავიმეტებთო?
მკითხველი ყოველგვარი ლირიკული წიაღსვლის გარეშე მიხვდება, როგორ მეურნესთან და პიროვნებასთან გვაქვს საქმე _ ათასობით ჩვენი თანამემამულე ხომ სწორედ თურქეთშია გადახვეწილი, შავ-ბედი დროის და და სიმართლე რომ ვთქვათ, საკუთარი უგერგილობის წყალობითაც. სხვისი არ ვიცი და მე, ბილალი მართალიშვილისნაირ მართალკაცების ხილვისას, ასგზის დავსვამ კითხვას: როგორ შეძლო ამ კაცმა ფუტკრის იმპერიის შექმნა? არც სესხითვის ურბენია, არც ვინმეს უბოძებია მუქთად რაიმე და სხვების მსგავსად, ორი ხელი და ფეხი აქვს. ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, “ჩვენი უბედურების სათავე ხომ ჩვენშივე ბუდობს?”
ბატონი ბილალი იხსენებს, რომ მშობლებს ფუტკარი ხის ბუკში ჰყავდათ. ძველ დროში სკა არ იყო და ისე ვუვლიდით, თაფლის მდინარე არც მაშინ გვაკლდა ამ მიუვალ მთებშიო: _ გასაღების ბაზარი ადრე უკეთესი იყო, ჩვენ რომ კომუნისტების დროს ვეძახდით, მაშინ. მშობლები შრომობდნენ და არა თუ თაფლის, რძის მდინარეც მოუდიოდათ. შენ ჟურნალისტი ხარ და კალმის ენაზე გეუბნები… (იღიმება). თაფლის და რძის მდინარე არა, მაგრამ არც არასოდეს მოგვნატრებია და თავზეც გადაგვდიოდა, _ ამბობს მასპინძელი.
კითხვას ვუბრუნებ: _ ბატონო ბილალი, ასეულობით სკა რომ გეყოლება და ხუთი ძროხა, ეს თუ რძისა და თაფლის მდინარე არაა, მაშინ რა სახელს დაარქმევდით?
_ კი, შვილო, ლამაზად ასე ვიტყვით, მაგრამ უპირველესი პრობლემა, რაც გვაწუხებს, ისაა, რომ სწორედ ეს მტკენს გულს _ თაფლის მდინარე გქონდეს და გასაღება გიჭირდეს? თუ რაიმეს ვითხოვთ ახალი მთავრობისგან, ამ საქმეში უნდა დაგვეხმაროს. ჯერ ჩვენამდე სიოსაც არ ამოუქროლია. რაღაც იაფ სესხებზე საუბრობენ, მაგრამ საქმეში არსად ჩანს. მე არც მაგას ვთხოვ ვინმეს, ჩემი თავის იმედად ვარ, მაგრამ თაფლის გაყიდვა რატომ უნდა მიჭირდეს? პირველ რიგში, ნატურალურ ნაწარმზე უნდა ვიზრუნოთ და ერთიანად, თუნდაც ნაკლებ ფასში მოხდეს შესყიდვა. უცხოელი რატომ ვეძებო, არიქა, ჩემი თაფლი იყიდე,-მეთქი?
საუბარში ბილალის ვაჟი შოთა მართალიშვილი ერთვება: _ გაგიკვირდებათ, მაგრამ ძირითადად თურქები მოდიან ჩვენთან თაფლის საყიდლად. ზოგი გადამყიდველიც ამოდის და მერე ვხედავ, კაცს, რომელსაც 10 ლარად მივყიდე კილოგრამი თაფლი და თვითონ თორმეტად გაყიდა, მერსედესზე და ჯიპზე ზის, მე კი ამ საქმის შემოქმედს, დილიდან დილამდე შრომაში, ლამის, ძილის გარეშე მითენდება. ღმერთმა ყველას მისცეს, მაგრამ დღეს რომ ვაჭარს თუ როგორც ადრე იტყოდნენ, ქორვაჭარს მეტი ფული აქვს და თავაუღებლად მშრომელ კაცს ბევრად ნაკლები, ხომ ცნობილი ფაქტია? ამ საქმეს უნდა მიხედოს ხელისუფლებამ. ბევრს საუბრობენ გლეხის დახმარებაზე, მაგრამ საქმე ნაკლები გამოუდით. მაინც იმედით ვართ, ადვილი არაა ქვეყნის მართვა, შრომა ბევრს ეზარება და ვიღაცას ელოდება, რომ გამზადებული ლუკმა მიუტანოს, მაგრამ მასეთი ვინმე არ მოვა, მგონია, _ ამბობს იგი.
გასულ წელს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბილალის ვაჟს თურქმა ბიზნესმენმა შესთავაზა, თურქეთში წამოდი, 1 500 დოლარს გადაგიხდი, ოღონდ ეს საქმე იქ აკეთე და აგაყვავებო:
_ იქ რა მინდა? ეს ფუტკარი, აქ, ჩემს სახლში და ამ მთებში მიყვარს, ეს ჰაერი მაცოცხლებს, თორემ ამის იქით, რაღა მე და რაღა _ უდედო ფუტკარი… _ შორს იმზირება შოთა.
ბილალი მართალიშვილს, სამი წელია, რაც მეუღლე გარდაეცვალა, თუმცა, ოჯახს უქალობა არ დატყობია. მორალური ტკივილი სხვაა. კაფანდარა რძალი _ ქეთევან ყადიძე გვარით და ოჯახით ამაყობს და საგაულდაგულოდ შლის სუფრას, უხვად მოაქვს სქლად და ფართოდ დაჭრილი ყველი, კაიმაღი, თაფლი..
_ ეს ყველია თუ შეშას ნაპობი? _ ვეხუმრები.
თვითონაც ხუმრობს _ აბა, რესტორანში ხომ არ ვართ, რომ კარტოფილის ნათალივით დავდო და შიგ ლანდი გადიოდეს?
ჩვენი საუბრისას, ბილალის სამი წლის შვილიშვილი ლუკა მართალიშვილი სკას თავზე მოექცა და დაკვირვებით მოგვაჩერდა. თითქოს, მისი ქვეცნობიერი გვანიშნებდა, აქაურობის მომავალი ბატონ-პატრონი ვარ და გოგმაჩაურის დაცლა ეჭვადაც არ გაიკაროთო. მართალიშვილების კარმიდამო მხოლოდ ფუტკრის სამფლობელოა, თუმცა, საკმაოდ ჰყავთ შინაური პირუტყვი _ ხუთი სული ძროხა ადვილი მოსავლელი არაა, მაგრამ მათ რომ ჰკითხო, სიძნელე საქმის მიმართ უსიყვარულობა უფროა.
_ ოდნავადაც რომ შეგეზაროს ფუტკრის მოვლა ან დაღლა დაგეუფლოს, ეს ღვთიური მწერი მიგიხვდება და თვითონვე შეგიზარებს, გაგიბრაზდება. მას ადამიანზე უკეთ ესმის საკუთარი არსებობის წესი. საერთოდ, ძველ დროში, ფუტკარს თუთუნის შებოლებით ვმკურნალობდით. დაავადებაც არ იყო ამდენი. ძალიან დიდი ყურადღება და მოვლა სჭირდება. ლამის სკის გვერდით უნდა გეძინოს, რომ წარმატებული მეფუტკრე იყო.
_ ხილვას ივნისის ბოლოს ვიწყებთ და აუცილებლად გვესტუმრეთ, გაგვახარეთ, თაფლიც ჩვენზე იყოს. ჩვენს ოჯახში მოსული უთაფლოდ არავინ გაგვიშვია. გულით მწადია, ყველას პატივი ვცე. როგორც ეს ფუტკარი არ ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ისევე _ ჩვენც. თუმცა, მაინც მიჩივლეს და უცნაური და სახიფათო ამბავიც გადაგვხდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, _ გვიამბობს მასპინძელი: თურმე, მას პაპისეული კარაბინი, როგორც რელიქვია, ისე ჰქონდა ოჯახში შენახული. სამწუხაროდ, გაუფორმებელი. ვიღაცამ პოლიციას ამბავი მიუტანა და იგი ტკივილით იხსენებს გასული წლის 13 დეკემბერს, როცა მის ოჯახს სამართალდამცავთა გუნდი ისე დაადგა თავს, მისივე თქმით, გეგონებოდა ყაჩაღთა ბანდის მეთაურის დასაჭერად აყრილიყო თანამშრომელთა მთელი შემადგენლობა.
_ ჩამომართვეს ბაბუაჩემის ნაქონი ნივთი და რომ არა შინ არსებული 500 კილომდე თაფლი, რის გაყიდვითაც გირაოთი თავი ვიხსენი, 15-წლიანი პატიმრობა მემუქრებოდა… _ სიმწრით ეცინება ბატონ ბილალის.
ახლა პირობითი მაინც მისჯილი აქვს, გირაოს გადახდის შემდეგ. იხსენებს იმ უსიამო წამს, როცა პოლიციელთა შემოსვლისას, ტკივილიანმა ფიქრმა გაუელვა: ნეტა, ფუტკარს ხომ არ შეეხებიან? სკებისკენ ეჭირა თვალი და იმ წუთებში ნაკლებად აღელვებდა რელიქვიად გადანახული და ასე ნალოლიავები კარაბინი. საკუთარ თავსაც იდანაშაულებს: _ ვიცი, რომ იარაღი გაფორმებული უნდა გქონდეს კაცს. მითხრეს კიდეც _ ამ მთებში უთოფოდ როგორ ხარ, იყიდე, გაიფორმე და საჭიროებისას გამოიყენეო.
თუმცა, შეიარაღებაზე, რატომღაც, არასდროს უფიქრია. დათვებისა და ტურა-მგლის სიახლოვეს მცხოვრებს მხოლოდ ერთი მურია ჰყავს, მთის სიმაღლეზე ჯიუტად მყეფარე და უშიშრად მდგომი.
_ ასლან აბაშიძის დროს ავტომატები დაგვირიგეს. ეს ყველამ იცოდა და შემდეგ, როცა მოითხოვეს, იმ წუთშივე ჩავაბარეთ. ბაბუაჩემისეულ კარაბინზე კი განსაკუთრებით არ მიფიქრია _ როგორც სახსოვარს, ისე ვინახავდი. თავის მხრივ, ისინიც მართალი არიან _ იარაღის გაუფორმებლად შინ დადება ხომ არ შეიძლება? კანონს როცა წაგიკითხავენ, სხვა ახსნა-განმარტებას არავინ უსმენს, მაგრამ მორალური, დაუწერელი კანონიც ხომ არსებობს? გულსატკენი ისაა, ჩემს სახლში ათასობით მოსულ სტუმართაგან, ვინ იკისრა ეს საქმე, ადამიანურად ყოვლად გაუმართლებელი და საძრახი, _ ლოგიკა არის მის კითხვაში.
ვემშვიდობები და ვფიქრობ, მთის წვერზე, დათვების თუ მგლის სამფლობელოში, კაი ხელისუფალი თავდასაცავად იქეთ დაეხმარება განსაკუთრებულ მეურნეს, ქვეყნის თვითმყოფადობის შემნახავს. ამ უპრეტენზიო კაცს, რომელიც მხოლოდ გასაღების ბაზარს ეძებს და არავის არაფერს თხოვს, ეს ბაზარიც ესაჭიროება და “კარგი თოფი, კარგი ცხენი და ნაბადი”, არა მხოლოდ პრაგმატული გაგებით.