მისი განცხადებით, თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე მან მოისმინა ისეთი დეტალები, რაც აუცილებლად საჭიროებს, რომ თითოეული ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა, კანონის სრული სიმკაცრით იყოს დასჯილი.
“შეხვედრის დეტალებს რაც შეეხება, ამის შესახებ ვერ ვისაუბრებ. ერთ შეფასებას გავაკეთებ _ ის, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, იყო ამაზრზენი და თითოეული ადამიანი, რომელიც ამას აკეთებდა, უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ამას უშუალოდ აკეთებდა, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც იოტისოდენადაც კი ხელს უწყობდნენ მსგავს საქციელს. ჩემთვის ეს კადრები განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ეს ხდებოდა ჩემს მშობლიურ კუთხეში _ სამეგრელოში. მე ყველანაირად გვერდით დავუდგები გამოძიებას, რომ თითოეული დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით იყოს მიცემული პასუხისგებაში,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის დახურული სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც ამ წუთებში დასრულდა. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს ის ფარული ჩანაწერები უჩვენეს, რომელიც სამეგრელოს სამალავებში აღმოაჩინეს. ჩანაწერებში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრებია ასახული.