ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია გიორგაძეს ოფიციალური წერილით 26 აპრილს მივმართეთ, რომლითაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის შესყიდვების პირველი კვარტლის ანგარიშს ვითხოვდით თანდართული ხელშეკრულებებით და ანგარიშ-ფაქტურებით. გარდა ამისა, მოვითხოვეთ ბიუჯეტიდან დაფინანსებული არაკომერციული იურიდიული პირების (აიპ) მიერ, პირველ კვარტალში გახორციელებული შესყიდვები.
გამგეობიდან პასუხი 5 მაისს მივიღეთ _ ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არაკომერციული სტრუქტურები არიან დამოუკიდებელი პირები, სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ დამოუკიდებლად და ხელშკრულებებისა და ანგარიშ-ფაქტურებისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის არაკომერციულ იურიდიულ პირს”.
რატომღაც ეს „დამოუკიდებლობა” გიორგაძეს გასული წლის ბოლოს არ გახსენებია, როცა არაკომერციული იურიდიული პირების სახელფასო უწყისები სრულად გამოგვიგზავნა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამგეობის მიერ არაკომერციული იურიდიული პირების მიერ გახორციელებული შესყიდვების მოწოდებაზე უარის თქმა ბევრ ეჭვს ბადებს, მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტის შესყიდვებიც არასრულად მოგვაწოდეს. შესყიდვების ჩამონათვალი წარმოდგენილ ხელშეკრულებებსა და ფაქტურებს არ ემთხვევა. მაგალითად, ი/მ „ომარ ძმანაშვილს” 550 ლარი დარბაზის სცენის მოწყობაში გადაუხადეს, თუმცა 550-ლარიანი არც ხელშეკრულება მოგვაწოდეს და არც სამუშაოს შესრულების დამამტკიცებელი ანგარიშ-ფაქტურა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გათოვლითი სამუშაოები ი/მ გენო ცინცაძემ 13 000 ლარად შეასრულა. ამავე პიროვნებამ გზის თოვლის საფარისგან გაწმენდაში 17 162 ლარი და გზის შეკეთების სამუშაოებში 4 838 ლარი აიღო. გამგეობას არც ერთ ზემოთ აღნიშნულ გახორციელებულ სამუშაოზე ხელშეკრულებები და ანგარიშ-ფაქტურები არ მოუწოდებია.
მოგვაწოდეს გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებები, თანდართული ანგარიშ-ფაქტურებით.
როგორც აღმოჩნდა, პირველ კვარტალში, თანხის უმეტესი ნაწილი საკანცელარიო და ელექტროსაქონელზე დაიხარჯა. საჯარო დაწესებულების მოხელეთა ტერმინოლოგიით თუ ვისაუბრებთ, შეიძინეს: „ვილკა”, „ტრაინიკი ელქტრო”, „დამაგრძელებელი”, „რვეული საერთო”… ასევე იყიდეს „სალფეთქი”, „აეროზოლი”, „ავეჯის საწმენდი” „სუვენირი”, „კომპიუტერის” რაღაც _ რაღაც იმიტომ, რომ ჩამონათვალში მითითებულია მხოლოდ „კომპიუტერის”… ი/მ “ზურაბ მდინარაძისგან” გამგეობას ელექტრონული საქონელი აქვს შეძენილი; მაგალითად, „ელ. პატრონა”, „ატვიორკა”, „დენის დამაგრძელებელი, „ როზეტკა ქვის კედლის” „გამანაწილებელი კაროვკა”, „ელ. ვინტილი”, „დრეკადი შლანგი”. ი/მ “სოლომონ ბერძენიშვილთან” შეძენილია „სტუპიცის პაჩემნიკი”, „სვეჩი”, „ხიდის სითხე”, “რემენის დამჭიმი”, „წინა კალოტკები,” „დამცველები” (მითითებული არაა, რისი). ერთი სიტყვით, რუსულის “გურული დიალექტი” კარგად თუ არ იცი, ამ ოფიციალურ დოკუმენტში ვერაფერს გაარკვევ.
სრულიად გაუგებარია რატომ გვეთქვა უარი იმ არაკომერციული იურიდიული პირების მიერ გახორციელებული შესყიდვების დოკუმენტაციაზე, რომლებიც 100%-იანი წილით სახემწიფო საკუთრებაა და სრულად ფინანსდებიან ბიუჯეტიდან. ჩვენ ამ დოკუმენტების მიღებას სამართლებრივი გზით შევეცდებით და მკითხველს ვუამბობთ, როგორია სახელმწიფო “დამოუკიდებელი” ორგანიზაციების დანახარჯები ამ წლის პირველი კვარტლისთვის.