შექმნილი ვითარების გამო, თურქეთში სპეციალურად გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ხმალაძე.
როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, პრობლემა ადგილზე მოლაპარაკების შედეგად დროებით მოგვარდა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები ყოველგვარი საფასურის გარეშე დღესვე გადმოკვეთენ საქართველოს საზღვარს. ეს გადაწყვეტილება თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრომ ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო.
“შეჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტრანზიტული გადასახადის გადახდის გარეშე იქნა გატარებული თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო თავად რეგულაციის თარიღის გადაწევა მოხდა 9 ივლისამდე. შესაბამისად საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე 8 ივლისის შემდეგ ზემოთაღნიშნული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტულად გატარებისთვის ჯერჯერობით კვლავ იმოქმედებს გადასახადი _ 600 ევრო დაუტვირთავი, ხოლო 1200 ევრო დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. საკითხის ბოლომდე დასარეგულირებლად საქართველოსა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის სამუშაო პროცესი კვლავ გრძელდება და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მიმართავს დაინტერესებულ პირებს, რომ მხარეებს შორის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეიკავონ ან ავტომანქანების შემოსაყვანად ისარგებლონ ალტერნარიული მარშრუტებით.”
სამინისტროსვე ცნობით, წლების განმავლობაში მოქმედებდა რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ სატრანზიტო გადასახადს სხვადასხვა ქვეყნებიდან თურქეთის ტერიტორიაზე დროებითი (ტრანზიტული) სანომრე ნიშნიანი ე.წ. “Panel Van” დახურული ფურგონის ტიპის მცირე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარებისათვის, მაგრამ საქართველოს დანიშნულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის არსებობდა შეღავათი, რომელიც პერიოდულად წესდებოდა გარკვეული ვადით. მიმდინარე წლის 1 ივლისს მოხდა მორიგი ასეთი ვადის ამოწურვა, რამაც გამოიწვია თურქეთის საზღვართან ზემოთაღნიშნული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეყოვნება.