მისი თქმით, პარტიის ის წევრები, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში, აუცილებლად უნდა გაემიჯნონ ადეიშვილის, მერაბიშვილის და ახალაიების შექმნილ სისტემას.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ამის გარეშე “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების თვალში ნდობას ვერ აღიდგენს.
“სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის მთელი რიტორიკა ისაა, რომ ეს ძალა ყველა დაკავებას აღიქვამს პოლიტიკურ დაკავებად და დევნად იმის ნაცვლად, რომ გაემიჯნონ იმ სისტემურ დანაშაულებს, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა და რომელსაც, სამწუხაროდ, მათი გუნდის წევრები ჩადიოდნენ. თუ ისინი არ გაემიჯნებიან ახალაიებს, მერაბიშვილებს, ადეიშვილებს და ა. შ., რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობრივ სისტემას ამკვიდრებდნენ, თუ ისინი ისევ იმ რიტორიკას გააგრძელებენ, რომ მათი დევნა, თურმე, არის პოლიტიკური, რა თქმა უნდა ვერასდროს აღიდგენენ ნდობას საზოგადოებაში,” _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ის ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც მიმართავს: “მივმართავ ყოფილი მმართველი პარტიის _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ ყოფილან იმ აღმაშფოთებელი დანაშაულებრივი სისტემის მონაწილე, რომლის ფორმაც და არსიც უკვე ყველასთვის აშკარაა, _ გამოიყენეთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც უკანონობასთან გამიჯვნისა და ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი.”