ამბობენ, რომ შიხიაშვილი, რომელმაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაში დიდი როლი ითამაშა, საკრებულოს თავმჯდომარეობის ყველაზე რეალური კანდიდატია.
“გურია ნიუსს” თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც სამსახურის დაკარგვის შიშით, გვთხოვა არ გაგვემხილა მისი ვინაობა. წყარო ამბობს, რომ შიხიაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობას “ქართულ ოცნებაში” სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს, თუმცა, მას შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი ლობირებს. ჯანყარაშვილი თამაზ თამაზაშვილის დისშვილია და არჩევნებამდე “ქართული ოცნების” სიღნაღის ორგანიზაციას ხემძღვანელობდა.
“ამ წერილს გწერთ, რადგან ვიცი თქვენი მედიასაშუალების სიმართლისმოყვარეობის შესახებ. თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნება” აპირებს შსს-ს გენინსპექციის უფროსის – ვინმე ჯანყარაშვილის ლობირებით, თავმჯდომარედ დაინიშნოს ყოფილი ნაციონალი ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც არის ყოფილი მხედრიონელი, ნაცებზე წარსულში გადამკვდარი.
ადამიანმა, რომელიც მონაწილეობდა “ქართუ ბანკის” გაკოტრებაში, ახალი ხელისუფლების სიმპათია იმით დაიმსახურა, რომ “ქართუ ბანკის” საქმის მონაწილეები დაასმინა; არადა, თვითონაც მონაწილეობდა გაკოტრების საქმეში. შიხიაშვილთან ერთად ” ნაციონალური მოძრაობიდან” წამოვიდნენ და მასთან ერთად ფრაქცია შექმნეს საკრებულოში ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც “ნაციონალების” ცნობილი ზონდერები იყვნენ; მაგალითად, მიშა ქავთარაძემ. ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ შიხიაშვილის უახლოესი წარსული, რომ ის მართლაც იყო ფანატიურად შეყვარებული ნაცმოძრაობაზე და ყველა იმ ბინძური გადაწყვეტილების მონაწილე და მოთავეა, რომელიც თბილისს უკავშირდება. გაერთიანებულ ქვითარზე თუ ბიუჯეტიდან გამქრალ თანხებზე დუმილზე რომ არაფერი ვთქვათ, “ქართუ ბანკის” გაკოტრებაში ის მონაწილეობდა და სხვების დასმენის შედეგად აღწევს ახლა იმას, რომ მას თავმჯდომარედ ასახელებენ. მის ფრაქციაშიც ის ხალხია, ვინც უშუალოდ ზონდერობდა აქციების დარბევების დროს.
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შსს-ს, საკრებულოს, “ქართულ ოცნებას”, მერიას და ნახავთ თუ უარყოფენ იმას, რაც მე მოგწერეთ. ეს საშიშროება რეალურია. ის უკვე დაასახელეს ოფიციალურად ერთ-ერთ კანდიდატად საკრებულოს დეპუტატებმაც, მაგრამ ეს ფარსია _ აგუებენ ხალხს ჯერ ერთ-ერთია ვითომ და მერე ერთადერთი გახდება. ის არავისაც არ უნდა, მაგრამ შსს-საც ვერავინ უწევს წინააღმდეგობას; ამიტომ, იძულებულნი არიან დაასახელონ. გარდა ამისა, შიხიაშვილი სამგორის მაჟორიტარია და გარწმუნებთ, ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია სამგორელებისთვის”.
შიხიაშვილი ” ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეში
რამდენიმე თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქართუ ბანკის”გაკოტრების საქმე გახსნილად გამოაცხადა. განცხადებაში, რომელიც უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა, ნათქვამია: “2011 წელს, სააქციო საზოგადოება “ეკრანმა” “ბანკ ქართუში” აიღო კრედიტი, დაახლოებით 4 000 000 დოლარის ოდენობით. იმავე წლის ნოემბერში, კომპანიის მფლობელი, ირაკლი შიხიაშვილი დაიბარა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯაბა ებანოიძემ და გაანდო “ბანკ ქართუს” გაკოტრების სქემა, რომელიც იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის იდეა იყო. მოსთხოვა არარსებული საგადასახადო ვალდებულების ნებაყოფლობით აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ზურაბ ადეიშვილის სახელით. ირაკლი შიხიაშვილი დათანხმდა ჯაბა ებანოიძის წინადადებას და სახელმწიფოს წინაშე ნებაყოფლობით აღიარა 4 000 000 ლარის ოდენობის დავალიანება. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნატურით გადაეცა “ბანკ ქართუს” სასარგებლოდ ვალდებულებებით დატვირთული ქონება, რომელიც პირდაპირი მიყიდვის ფორმით, კვლავ შეისყიდა მის მიერ კონტროლირებადმა კომპანია “კოლოსმა”.
“გურია ნიუსმა” გაარკვია, რომ დღეს ირაკლი შიხიაშვილს აღნიშნულ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს.
“იმ საქმეში, რომელიც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება, შიხიაშვილს მოწმის სტატუსი აქვს. ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ამ საქმის ერთი ნაწილი, სადაც ჯერ-ჯერობით არ გარკვეულა შიხიაშვილის სტატუსი,” _ ამბობს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე.
“გურია ნიუსი” საკრებულოს წევრ ირაკლი შიხიაშვილს დაუკავშირდა. რომელიც ამბობს, რომ ამდენ აბსურდულ ბრალდებაზე პასუხს გაცემა უჭირს.
_ ნიკა მელია ამბობს, რომ “ქართუ ბანკის” საქმეში თქვენ მთავარი ფიგურანტი ხართ და საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეთ…
_ ადეიშვილის კარის ლაქიის ბოდვაზე კომენტარს არ ვაკეთებ.
_ ამბობენ, თითქოს პროკურატურასთან გარკვეული შეთანხმება გაქვთ და ამიტომაც ასცდით პასუხისმგებლობას.
_ რა სისულელეა, არანაირი შეთანხმება პროკურატურასთან არ მაქვს. მეტსაც გეტყვით, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მე განცხადება გავაკეთე 27 სექტემბერს, როდესაც კაციშვილმა არ იცოდა 1 ოქტომბერს არჩევნები რა შედეგით დამთავრდებოდა. ანუ როგორი ტვინით ავადმყოფი უნდა ვყოფილიყავი, რომ “ქართუს” გადაგდების სურვილი მაქვს და მერე მივდივარ და ვდგები დანის პირზე ჩემი ოჯახით და ჩემი მეგობრებით. კარგად გახსოვთ, რა რეჟიმი იყო, რას იკადრებდნენ და რას გაგვიკეთებდნენ გამარჯვების შემთხვევაში. ან რა საკრებულოს თავმჯდომარეობის სურვილზე იყო მაშინ საუბარი? აქ იყო მარტო ერთი თემა _ სამარცხვინო და საზიზღარი რეჟიმი, რაც ქვეყანას რამდენიმე სულიერად დაავადებულმა ადამიანმა დაატეხა თავს, მოგვეცილებინა. ამაში ბოლომდე დავრწმუნდი, როდესაც 12 ათასსერიიანი ფილმიდან სამი წუთი ვნახე მხოლოდ, მეტს ვეღარ გავუძელი და გარეთ გამოვვარდი. თუ ოქტომბერს სხვა შედეგი დადგებოდა, ამ სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი შეიძლება მეც ვყოფილიყავი. ახლა ესენი სრულ აგონიაში არიან, ქვიშასავით ეშლებათ ხელისუფლება და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ბინძურ ავანტიურაზე მიდიან. გიგი უგულავა იმაზეც კი მიდის, რომ საკუთარი თანამებრძოლები გაწიროს, ყველანაირ პირობას უქმნის მათ, რომ დააჭერინოს და წამებულის მანტია მათ ხარჯზე მოირგოს.
_ რატომ არ იღებდით ხმას იმ უკანონობებზე, რაც წლების მანძილზე ხდებოდა მერიაში? მაგალითად, რატომ არ აპროტესტებდით დენის და ნაგვის ერთმანეთზე მიბმას?
_ კიდევ ერთი უმარტივესი პასუხი უნდა გაგცეთ ამასთან დაკავშირებით: ირაკლი შიხიაშვილი თავისი შინაგანი სამყაროთი, თავის ბუნებით უსამართლობას ყოველთვის ებრძვის დაწყებული 90-იანი წლებიდან, როდესაც ვიბრძოდი სამაჩაბლოში, აფხაზეთში. ორ რამესთან არ შევდივარ გარიგებაში _ ჩემს სამშობლოს არ ვღალატობ და ჩემი ოჯახის წესებს. არც ერთ წესში არ იჯდა მათი უზნეო ქცევა. უბრალოდ, იყო უნაპირო ზღვა. საზოგადოებას არ ჰქონდა სამართლის პოვნის საშუალება. ირაკლი შიხიაშვილმა როგორც კი დაინახა ერთი რამ, რომ ბრძოლაში სადაც ღირდა თავის გაწირვა და სიკვდილიც თუ საჭირო იქნებოდა, უყოყმანოდ ჩაერთო.
_ თქვენზე ამბობენ, რომ შევარდნაძის დროს “მხედრიონელი” იყავით, სააკაშვილის დროს _ “ნაციონალი” , ივანიშვილის დროს კი, “მეოცნებე”…
_ მე ეროვნული მოძრაობის წევრი ვიყავი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ნაცმოძრაობის პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა. რაც მთავარია, ფრაქციის წევრი ვიყავი და დავტოვე ეს ფრაქცია მაშინ, როდესაც დავინახე, რომ მას სურვილი ჰქონდა დაემარცხებინა ჩემი ქვეყნის მომავალი და მაქსიმალურად დავუპირისპირდი მას.
_ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “ქართუ ბანკის” საქმეზე ნაყოფიერად ითანამშრომლეთ გამოძიებასთან და ამის სანაცვლოდ გათავისუფლდით პასუხისმგებლობისგან.
– ჩემს ცხოვრებაში არავინ არ დამისმენია, დასმენა ჩემთვის ყველაზე დიდი უზნეობაა; ვინც ამას ლაპარაკობს, დამსმენიც არის და სრული იდიოტიც. მე არ ვარ ადამიანი, ვინც სხვის უბედურებაზე აშენებს თავის ბედნიერებას.
_ ადასტურებთ თუ არა, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ თქვენს არჩევას შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი ლობირებს?
_ აბსურდია ესეც. ზვიად ჯანყარაშვილი ჩემი მეგობარია დაახლოებით 10 წელიწადია და იმ პერიოდში, როდესაც პირველ ოქტომბრამდე ზვიადი ებრძოდა ნაცმოძრაობას და კარგად იცით რა მდგომარეობაშიც იყო მათი ოჯახი და შესაბამისად, რა მდგომარეობაში მოხვდებოდა ჩემი ოჯახი. არანაირი სხვა ფორმის დამოკიდებულება ჩვენს შორის არ არსებობს და ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ.
_ “ქართუ ბანკის” საქმესთან არანაირი კავშირი არ გაქვთ? არასოდეს გქონიათ ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი?
_ არასდროს არ ვყოფილვარ ბრალდებული და არც ვაპირებ ვიყო ბრალდებული იმაში, რაც არ ჩამიდენია. არანაირი კავშირი არ მქონია ბანკთან, არც არაფერი გამიტანია და არც არაფერი გამიფლანგავს. მინდა გიგი უგულავას ვუთხრა, რომ მალე ფრაქცია ბოლომდე დაეშლება და ახლი უმრავლესობა აირჩევს ახალ ხელმძღვანელობას.
თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები
“გურია ნიუსის” კორესპონდენტი ქეთი მიქაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას დაუკავშირდა:
_ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება ნამდვილად იგეგმება, რადგან “ნაციონალურმა მოძრაობამ” უმრავლესობა დაკარგა და ახალი უმრავლესობის შექმნის პარალელურად, თავმჯდომარეც შეიცვლება. ირაკლი შიხიაშვილი ნამდვილად არის ერთ-ერთი კანდიდატი, მაგრამ იმ ქალბატონის წერილში მოყვანილ ფაქტებზე მე ვერაფერს გეტყვით. ვერც კომენტარს გავაკეთებ, რადგან არ ვფლობ ასეთ ინფორმაციას.
_ კიდევ ვინ არიან კანდიდატები?
_ ჯაბა სამუშია, გიორგი ტყემალაძე, გულიკო ზუმბაძე, გიორგი მუსხელიშვილი.
_ დაახლოებით როდისთვის არის შესაძლებელი ახალი თავმჯდომარის არჩევა?
_ ამის შესახებ მიმდინარეობს კონსულტაციები. დრო და თარიღი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.