“ეს არის არა მარტო ამ რეგიონის, არამედ მთელ მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევა. პრაქტიკულად, სახელმწიფოები უკვე აღარც ასხვავებენ კონვენციური მეთოდით თავდასხმის საფრთხეს კიბერსაფრთხესთან, იმიტომ, რომ კიბერშემოტევამ შეიძლება იმაზე მეტი ზიანი მოგაყენოს, ვიდრე დაბომბვამ. პირადად ვიმყოფებოდი ესტონეთში და შეხვედრა მქონდა ნატოს კიბერსუსაფრთხოების ცენტრთან. ამ ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა შედგა შიგნით არსებულ ქვედანაყოფთან და მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი ეროვნულ კიბერუსაფრთხოებაზე. გარკვეული ქვედანაყოფი არსებობს იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ რეალურად ის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ვქმნით ჩვენს შესაძლებლობებს თავდაცვის სამინისტროში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მაგრამ ჩვენ გვინდა ქვეყანაში ეროვნული მასშტაბის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოებას და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას სამთავრობო დონეზე მიიღებენ,” _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ “გურია ნიუსის” მიერ დასმულ შეკითხვაზე.
მინისტრმა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მალე ჩაერთვება ნატოს ცენტრში ენერგოუსაფრთხოების საკითხებში: “ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ენერგოუსაფრთხოება, მომავალში ენერგომატარებლების გადაადგილებაზე თავდასხმების პრევენცია, ენერგო ბერკეტების გამოყენება ჩვენი მეზობლის რუსეთის მიერ უკვე ნაცადი მეთოდია, აქედან გამომდინარე ჩვენი პარტნიორების გამოცდილება ჩვენს მიერაც იქნება გაზიარებული,” _ აღნიშნა მინისტრმა.