ეს ინფორმაცია ამ წუთებში ვრცელდება, თუმცა, ჯერჯერობით, მას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ჩიქოვანის გადადგომას წინ უძღოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიიის მიერ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. 12 ივლისს, ხსენებული კომისიის სხდომაზე, რომელსაც მიწვევის მიუხედავად, არ ესწრებოდნენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ხიდაშელმა განაცხადა:
“ირაკლი ჩიქოვანთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს სამი საკითხი: ის 2 თვეზე მეტია, არ ესწრება სხდომებს, ეს “მაუწყებლობის შესახებ კანონის” დარღვევასთან პირდაპირ კავშირში არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ ჩიქოვანი არა თუ არ ესწრება სხდომებს, არამედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოშიც არ არის. ფუნდამენტური საკითხია მისი ბიზნესინტერესები, კერძოდ, ირაკლი ჩიქოვანი სარეკლამო კომპანიების “მაგი სტილის” და “მედია ჰაუსის” მეწილეა, შევეცდებით, კომისიის შუალედურ დასკვნაში დავუმტკიცოთ პარლამენტს, რომ ის, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეობის დროს, დაინტერესებული იყო ამ კომპანიის მოგებით. ჩიქოვანი, როგორც კომისიის თავმჯდომარე, არეგულირებდა ტელერეკლამის ბაზარს. ჩვენ დოკუმენტურად დავამტკიცებთ, რომ ტელეკომპანიებში “რუსთავი 2”-სა და “იმედში” ჩიქოვანს გააჩნდა რეკლამის განთავსების ექსკლიუზიური უფლება, შესაბამისად, ფინანსური დაინტერესება”, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
დროებითი საპარლამენტო კომისია მომავალ კვირას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასაც აპირებს.
“მაუწყებლობის შესახებ კანონში” ცალსახად წერია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე პარტიის წევრი. კვიტაიშვილი კი კომუნიკაციების კომისიის წევრობის პარალელურად იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.