ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა. შსს-ს მიერ ინიცირებული “პოლიციის შესახებ” ახალი კანონპროექტის თანახმად, პირის “გონივრული ეჭვის” საფუძველზე გაჩერების საპოლიციო ღონისძიება ადამიანის გამოკითხვით იცვლება.
“დღეს განვიხილეთ “პოლიციის შესახებ კანონპროექტი”, რომელიც მოწონებულ იქნა. ერთ-ერთი სიახლე ამ კანონპროექტში არის ის, რომ კონკრეტული საპოლიციო ღონისძიება დეტალურად იქნა რეგლამენტირებული და ის მოქმედ კანონში არ იყო. პოლიციის ზოგადი უფლება-მოვალეობები იყო განსაზღვრული, მაგრამ კონკრეტულად რა შემთხვევაში როგორ უნდა ემოქმედა პოლიციას, არ იყო გაწერილი. მაგ: მოქმედი კანონის მეცხრე პრიმა მუხლის თანახმად, გონივრული ეჭვის საფუძველზე პოლიციას შეეძლო შეეჩერებინა მოქალაქე, თუ ჰქონდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ ეს შევცვალეთ იმით რომ, პირველი _ პოლიციას ვუთხარით, კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია შეაჩეროს მოქალაქე და არა ზოგადად, ე. წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე. მეორე _ ასევე განვუმარტეთ, თუ რისთვის აჩერებს. ესეც არ არის მოქმედ კანონში. მეტი განსაზღვრულობა შევიტანეთ, ერთის მხრივ, მოქალაქეების დაცულობის კუთხით და ასევე პოლიციელების დაცულობის თვალსაზრისით, რადგან პოლიციას ამ განუსაზღვრელი ე. წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე, თვითნებური ქმედებების და თვითნებური საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისთვის ძალიან ფართო არეალი ჰქონდა. ჩვენი კონკრეტული რეგლამენტაციით კონკრეტიკა შევქმენი, ადამიანის უფლებების დაცვისთვის,” _ განაცხადა ლევან იზორიამ.