_ ყველა სამართლებრივი გზა დამოუკიდებელ სასამართლომდე მიდის, რომლის დამოუკიდებლობაში ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს დიდი ხანია, ეჭვი ეპარება. თქვენ “ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი გზით გასამართლებაზე საუბრობდით. ამ დროს, სასამართლოს თავმჯდომარე ისევ კოტე კუბლაშვილია, მისი ძმა კი “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და გამწევი ძალა, პავლე კუბლაშვილი და ეს ჯაჭვი ძალიან გრძელია. თქვენ გაქვთ ამ სასამართლოს იმედი? და საერთოდ, როგორ შეაფასებდით როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ამ უმნიშვნელოვანესი რგოლის მუშაობას?
_ მე პირდაპირ გეტყვით, რომ პირადად ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენია, რაც მე მესმის დღევანდელ სასამართლოსთან დაკავშირებით. თურმე, დღევანდელ მოსამართლეებს ჩვენ ხელფასები უნდა გავუზარდოთ, მანქანები უნდა მივცეთ, გარანტიები შევუქმნათ, დასასვენებლად გავუშვათ სადმე, მაგალითად კანში ან ნიცაში და უვადო მოსამართლეებად დავნიშნოთ ის ადამიანები, რომელთა წყალობით 200 პოლიტპატიმარი გვყავდა ქვეყანაში. მაშინ ვაღიაროთ, რომ მართალი იყო “ნაციონალური მოძრაობა და ქვეყანაში არანაირი 200 პოლიტპატიმარი არ გვყოლია.
ეს ორი რამ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია. ან პარლამენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და ჩვენ არანაირი პოლიტპატიმრები და უკანონო პატიმრები არ გვყოლია. ან ეს ყველაფერი ტყუილია, ან ახსნა არ აქვს იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ახლა მოსამართლეებზე გვეუბნებიან.
რომელი მოსამართლეები წავახალისოთ? კოპი-პეისტით გადატანილი ჩვენებებით რომ გამოჰქონდათ განაჩენები? დალეწილი, დამტვრეული, დალურჯებული ხალხი რომ შეჰყავდათ პროცესებზე და თვალს არიდებდნენ, ვითომ ვერ ხედავდნენ, ეს მოსამართლეები წავახალისოთ?
_ ერთ-ერთმა საკმაოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკმა ჩემთან საუბრისას განაცხადა, ამერიკის რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეებს არ შევეხოთო. თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის და როგორ ფიქრობთ, აქვთ მსგავსი მოთხოვნების წამოყენების უფლება? მართლა ხელშეუხებელია მოსამართლე?
_ გამორიცხულია, რომელიმე ამერიკელ პოლიტიკოსს დაუდო შენ უკანონო განაჩენი და იმ ადამიანმა შენ გითხრას, ამაზე რეაგირება არ გააკეთოო.მე ვიცი აშშ-ში რამდენიმე საქმე მოსამართლეების იმპიჩმენტის. რაზეა ლაპარაკი? მართლა ველურები ხომ არ ვართ? ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თურმე არ შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ, რომ ეს დემოკრატიული არ არის. რას ლაპარაკობთ? იმპიჩმენტს ეძახიან დემოკრატიის სასწრაფო დახმარებას. ეს არის ცნობილი ტერმინი. როგორ, ამერიკა დემოკრატიული ქვეყანა არ არის თავის პრეზიდენტ ნიქსონს იმპიჩმენტი რომ მოუწყო? კლინტონი, ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი ჯვარს აცვეს, ცოლს რატომ უღალატე და ტყუილი რატომ თქვიო. ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი რომ დაეკარგა, ხომ წარმოგიდგენიათ რას უზამდნენ.
2008 წლის აგვისტო არ არის საკმარისი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად? სტრასბურგის დასკვნა გირგვლიანის საქმეზე, არ არის საკმარისი? 12 800 უკანონო ჩანაწერი არ არის საკმარისი?
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემს თავს უფლება მივეცი მოსამართლესთან მეჩხუბა და ლამის ჩემს თავს შეურაცხყოფის უფლება მივეცი, ეს მოსამართლე იყო კოტე კუბლაშვილი, ნამდვილად ვაღიარებ.
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროს, როდესაც მე გავიგე, რომ კოტე კუბლაშვილმა ვადამდე ადრე გაათავისუფლა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები. ეს არის საკმარისი კუბლაშვილის პასუხისმგებლობის დასაყენებლად?
_ შეხვდით მაშინ კოტე კუბლაშვილს?
_ არა, არ შევხვედრივარ. ზედმეტი პატივი იქნებოდა მისთვის ჩემი შეხვედრა, ტელეფონით ველაპარაკე. რაც ნაკლებად მიაკითხავენ სახლში კოტე კუბლაშვილს და დაუთბუნავენ ფეხებს, მით უკეთესი იქნება. აუტანელი ხდება ამის ყურება უკვე. კოტე კუბლაშვილის ფერება და ფეხების დათბუნვა, როდესაც კაცი ციხეშია ჩასასმელი.
ან მაშინ შეაბრუნონ ის 200 კაცი ჩემი ქმრის ჩათვლით ციხეში, რომელიც ამნისტიით გამოუშვეს, არავის არ ჭირდება მაგათი მოწყალება. თუ კოტე კუბლაშვილი და მისი სასამართლოა მართალი, მაშინ ეს ხალხი შეაბრუნონ უკან! ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით!