“2013 წლის 20 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებოდ განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისის ღამის სპეცოპერაციის ყველა დეტალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალურ მონიტორებზე აკვირდებოდა FBI-ს ჯგუფი, რომელმაც მოგვიანებით დაწერა დასკვნა, რომ აქციის დაშლა კანონის სრული დაცვით განხორციელდა. ეს განცხადება ჩვენთვის, “სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებისათვის, ისევე როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისათვის, შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
სააკაშვილის ეს განცხადება ან მორიგ გამიზნულ ტყუილსა და საგანგებო დეზინფორმაციას წარმოადგენს, რაც მისგან უკვე დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას აღარ უკვირს, ან საქმე გვაქვს მართლაც რომ საგანგაშო ვითარებასთან.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ძირითადად საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ მხოლოდ მავნებლობითაა დაკავებული, ახლა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს სდებს ბრალს 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, რასაც ადამიანთა გარდაცვალება, აქციის ასობით მონაწილის დასახიჩრება, წამება, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა მოჰყვა და აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ეს სკანდალური განცხადება საჭიროებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა სერიოზულ რეაგირებასა და განმარტებებს, ვინაიდან აღნიშნული განცხადება პირდაპირ გამოიწვევს საქართველოში ანტიამერიკული განწყობების გაღვივებას.
“სახალხო კრების“ აღმასრულებელ საბჭო და 26 მაისის მონაწილენი ველით ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისაგან, ბატონი რიჩარდ ნორლანდისგან პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ამ უპრეცედენტო და სკანდალური განცხადების შეფასებას, _ აღნიშნულია განცხადებაში.