შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძეც ესწრებოდა.
საუბარი შეეხო გენდერულ თანასწორობას და საარჩევნოდ სავალდებულო კვოტებს პოლიტიკური პარტიებისთვის. როგორც მანანა კობახიძე აღნიშნავს, მუშაობა და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და კარგი იქნება, თუ ეს ადგილობრივი არჩევნებისთვის მოხერხდება.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ საკითხზე პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და დისკუსია დღემდე მიმდინარეობს.
“ძირითადი საკითხები ეხებოდა გენდერული თანასწორობის მდგომარეობას საქართველოში. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგია არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ყურადღება ეთმობა ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში. ასევე ტრეფიკინგის, ოჯახური და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება ქალთა ორგანიზაციებთან მნიშვნელოვანია. იყო საუბარი, პოლიტიკაში ქალთა აქტიურობის აუცილებელ ზომებზე და მათ შორის კვოტირების სისტემის ამოქმედებაზე. გარკვეული კონსულტაციები მივიღეთ, თუმცა, ეს არის თემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა არ თანხმდება. არის დისკუსია ამის თაობაზე, რომ სავალდებულო კვოტა გარკვეულ წინააღმდეგობებს შექმნის პარტიებში. თუმცა, საუბარი მიმდინარეობს, რომ გენდერული ბალანსი იყოს დაცული თუნდაც ადგილობრივი არჩევნებისთვის,” _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.