ზაზა მეიშვილი _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 1989-1995 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2002 – 2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2003 წლიდან 2005 წლის ოქტომბრამდე ზაზა მეიშვილი თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2005 წლიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. 2006 წლის 17 მარტს კი ზაზა მეიშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი ხდება.
გახმაურებული საქმე
_ 2006 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში ზაზა მეიშვილმა ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.
მერაბ გაბინაშვილი _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. 1996 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1992 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 2005 – 2006 წლებში მერაბ გაბინაშვილი ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლად მუშაობდა. 2006 წლიდან 2012 წლამდე ის ჯერ გორის რაიონული სასამართლოს, შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ბოლოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2012 წლის 27 ნოემბრიდან იგი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.
გახმაურებული საქმე _ არ მოიძებნა
შოთა გეწაძე _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2004 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჯერ სხდომის მდივნის თანამდებობაზე, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწედ. 2006 წლიდან საქმიანობას გააგრძელა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად. 2006-2007 წლებში მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2007 წლიდან 2009 წლამდე კი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის უფლებამოსილებას ასრულებდა. 2011 წლის თებერვლიდან დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. იყო წინა მოწვევის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
გახმაურებული საქმე
_ 2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შოთა გეწაძემ ძალაში დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
_ 2012 წელს შოთა გეწაძე იხილავდა წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაჯარიმებების საქმეებს.
თამარ ალანია _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 1998 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000-2006 წლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჯერ ბრალდების სამმართველოს პროკურორის უფლებამოსილებას ასრულებდა, შემდგომ კი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლის დევნის სპეციალური სამსახურის პროკურორის თანამდებობა დაიკავა. 2006 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
გახმაურებული საქმე
_ 2010 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ მისი თავმჯდომარეობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი მუხროვანის სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა 2009 წელს მუხროვანის სამხედრო ნაწილში ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობაში სამხედრო და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს.
ილონა თოდუა _ 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტი. 1999 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასპირანტურაში. 2000-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად მუშაობდა, შემდგომ კი 2007 წლამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ. 2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე. 2007 წელს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახდა. ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2012 წლის 12 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად იყო არჩეული.
გახმაურებული საქმე
_ 2012 წელს მისი გადაწყვეტილებით დაჯარიმებულ იქნა 2 383 097 ლარით კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიები.
_ 2012 წელს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
_ 2007 წელს განიხილა ტელეკომპანია “იმედის” სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მისი დაჯარიმების ნაწილში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სახალხო დამცველის შეფასებით მოსამართლემ სარჩელის წარმოებაში მიღება გააჭიანურა.
პაატა სილაგაძე _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი. 1998 დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად. 1999-2004 თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწედ. 2004-2005 წლებში ასრულებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების განყოფილების კონსულტანტის უფლებამოსილებას. შემდგომ კი 2006 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი კონსულტანტის თანამდებობა დაიკავა. 2006 წელს ინიშნება მოსამართლედ მცხეთის რაიონულ სასამართლოში. 2008 წლამდე ამ სასამართლოში ეკავა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავჯდომარისა და შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. 2008 წლის ოქტომბრიდან გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
გახმაურებული საქმე
_ 2009 წელს განიხილა დავა ქიბარ ხალვაშის (ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორი და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი მესაკუთრე) კუთვნილი კერძო კომპანიების “არტი”, “პიზა”, “ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი” და “ლივო გრუპი” საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
ლევან მურუსიძე _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი. 1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 2000-2004 წლებში ეკავა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობას. 2004 წლიდან 2005 წლამდე იყო გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2005 წელს კი დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. 2006 წლის თებერვლიდან ივნისამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2006 წლის 14 აპრილს არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად.
გახმაურებული საქმე
_ 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში.
მოსამართლეთა კონფერენციამ მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში შემდეგი მოსამართლე წევრები აირჩია:
მერაბ ჯორბენაძე _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 1997 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის “იბერიის” იურიდიული ფაკულტეტი. 1998-2006 წლებში მუშაობდა ადვოკატთა კავშირ ”ვექილში” ადვოკატად, 2003 წლიდან იყო ამავე კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. 2006 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
გახმაურებული საქმე
_ 2013 წელს მისი გადაწყვეტილებით შსს გენერალური ინსპექციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს თენგიზ გუნავას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. თენგიზ გუნავას ბრალად ედებოდა საკუთარი მძღოლის დაჭრა და 49 500 ლარის მითვისება
_ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ახმედ ჩატაევის საქმე (2012 წელი). ჩატაევის დაკავება მოხდა 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში შემოსული იყო შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც გატარდა სპეციალური შეიარაღებული ოპერაცია. საბოლოო გადაწყვეტილებით ჩატაევი გამართლდა.
_ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის საქმე (2013 წელი). გიორგი კალანდაძეს ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. მოსამართლემ აღნიშნულ პროცესზე ბრალდების შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა.
_ წინასასამართლო სხდომა გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” გასხვისებას ეხება. (2013 წელი).
ნათია ქუთათელაძე _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 1998 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში წამყვანი სპეციალისტის, მთავარი სპეციალისტის და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებზე. 2005-2006 წლებში მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. 2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. 2008 წლიდან არის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2010 წლის აგვისტოში დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
გახმაურებული საქმე
_ 2012 წელს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის 21 მილიონამდე ლარით დაჯარიმების შესახებ და მიიღოგა დაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის 126 220 190 მილიონიანი ჯარიმის განახევრების შესახებ.
გიორგი ტყავაძე _ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2001 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. 2000-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში იურისტად (მთავარი სპეციალისტად). 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. 2007-2008 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. 2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2012 წლის მაისში დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
გახმაურებული საქმე
_ კომპანიების “ვაკე 5”-ის და “ალბატროს ჯგუფის”საქმე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომპანიების მესაკუთრემ 2012 წელს საქართველო დატოვა და ამავე წელს შვეიცარიის კონფედერაციაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მოსამართლემ კომპანიების მესაკუთრეს გირაო შეუფარდა. მოსამართლეთა კონფერენციამ ადმინისტრაციულ კომიტეტში შემდეგი მოსამართლე წევრები აირჩია:
ლევან თევზაძე _ 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2001-2002 წლებში მუშაობდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად. 2002 წელს (აპრილიდან ივნისამდე) მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილედ. 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო წარმოების სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოებათა განყოფილების უფროსად. 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსად. 2004 წელს (ივლისიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2005 წელს (იანვრიდან მაისამდე) მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი ინსპექტორად. 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმებისა და გამოძიების განყოფილების უფროს გამომძიებელად. 2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად. 2008 წელს მუშაობდა შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსად. 2008 წლის 29 აპრილს დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2008-2009 წლებში დაკისრებული ჰქონდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. 2009 წლის ნოემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. დაკისრებული ჰქონდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. დღეს იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.
გახმაურებული საქმე _ არ მოიძებნა
ბესიკ ბუგიანიშვილი _ 2002 წელს დაამთავრა თსუ სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წამყვანი სპეციალისტის, სხდომის მდივნის თანამდებობებზე. 2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2010 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2012 წელს (მაისიდან ნოემბრამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში.
გახმაურებული საქმე
_ 2013 წელს მიმდინარეობს მის მიერ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის და მტკიცებულების ფალსიფიკაციის ბრალდებით.
_ 2012 წელს განიხილა რესტორან “ძველ სახლში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა შსს ყოფილი მაღალჩინოსნების დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, სოსო თოფურიძის და გერონტი ალანიას მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. საქმე ეხება 2005 წელს შსს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რის შემდგომ დათა ახალაიამ, ოლეგ მელნიკოვმა, სოსო თოფურიძემ და გერონტი ალანიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შსს თანამშრომლებს მალხაზ აზარაშვილს და ზაზა მესხს. მოსამართლემ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დათა ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.