პირველი წიგნი, რომელიც “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” სტამბაში დაიბეჭდა, არის საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს შრომის კოდექსი”. პირველი გამოცემა სამენოვანია. ტექსტი ინგლისურად “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” მთარგმნელობით ცენტრში ითარგმნა, ხოლო ტექსტის რუსული თარგმანი საქართველოს პარლამენტში არსებულ მთარგმნელობით ცენტრში შესრულდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” ოფიციალური ბეჭდვითი გამომცემლობის აღდგენა იურიდიული ტექსტების ხელმისაწვდომობის გაზრდას, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ახალი შრომის კოდექსით მიღებულია გარკვეულწილად დაბალანსებული სისტემა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. შეიცვალა ტრადიცია, როდესაც დამსაქმებელს ყველანაირი უფლება ჰქონდა, დასაქმებულს კი, არანაირი.
_ “ახლა დასაქმებულს გაუჩნდა მნიშვნელოვანი და საბაზისო უფლებები. მაგალითად – იცოდეს, რატომ ათავისუფლებენ, შეეძლოს ეფექტიანად იჩივლოს სასამართლოში და ჰქონდეს თუნდაც ნორმირებული სამუშაო დღე, რაც არ არის ხელწამოსაკრავი უფლება”, _ განაცხადა წულუკიანმა.