შეხვედრაზე საუბარი გაერო-ს კონვენციის რატიფიცირებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობასაც შეეხო.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს ერთად აქტიურად მუშაობს, იმისთვის, რომ გაერო-ს კონვენცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ, რაც შეიძლება სწრაფად იყო რატიფიცირებული.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრის შემდეგ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან განცხადება გააკეთა: “ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, არამედ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის”, − აღნიშნა მან.
გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ამზადებს, ჩადებულია ისეთი ცნება, როგორიცაა, მაგალითად, “მრავალმხრივი დისკრიმინაცია”, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის კანონმდებლობაც კი არ იცნობს.
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტზე მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის იანვრიდან დაიწყო. კანონპროექტის მიზანია დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმის შექმნა, რომელიც დისკრიმინაციის მსხვერპლს დარღვეული უფლების აღდგენის რეალურ შესაძლებლობას მისცემს. კანონპროექტი არ ქმნის ახალ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას.
კანონპროექტი ითვალისწინებს თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი მექანიზმებით.