მოსახლეობის თქმით, მათ ონკანებში ზოგჯერ ისეთი წყალი მოდის, მისი სასმელად კი არა, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებაც არ შეიძლება. წვიმიან ამინდში კი საერთოდ უწყდებათ წყლის მიწოდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორის, გიორგი კობერიძის თქმით, დიდი წვიმიანობის პირობებში წყალი იმღვრევა და ასეთ დროს სათაო ნაგებობიდან მოსახლეობის წყალმომარაგებას წყვეტენ. “ჩვენ გვირჩევნია მოსახლეობას არ მივაწოდოთ ამღვრეული და დაბინძურებული წყალი და ამას მოსახლეობა შეგნებით მოეკიდოს, ვიდრე უხარისხო წყალი მიუვიდეთ სახლებში”, _ ამბობს ის.
კობერიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჭიათურა შევიდა იმ 8 რეგიონში (იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი), სადაც მობილური ლაბორატორიები დადგეს: “ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, მოგვმართოს და დარწმუნდეს იმ წყლის ხარისხში, რაც მიდის მათ სახლებში”,_ აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი.
სასმელი წყლის ხარისხის გაუარესებას ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებაც უწყობს ხელს.
“ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მიმდინარეობს მოლაპარაკება “ჭიათურმანგანუმის” ხელმძღვალეობასთან და ვფიქრობთ, გარკვეულ შედეგებამდე მივალთ”, _ ამბობს კობერიძე.
ჭიათურის წყალმომარაგების პრობლემას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჭიათურის წყალმომარაგების საკითხი იმ 25 მუნიციპალიტეტის ნუსხაში ზის, რომელზეც თანხა უკვე მოზიდულია ევროპის საინვესტიციო ბანკიდან.
“ტექნიკური საკითხები შესწავლილია, პროექტი მზად არის და რეაბილიტაცია ჭიათურაში 25 მუნიციპალიტეტთან ერთად მოხდება”, _ აცხადებს ნარმანია.