_ ვცხოვრობ წითელმთაში, ვარ 47 წლის, 5 შვილის მამა, ყველაზე პატარა 4 წლისაა, უფროსი კი _ 23 წლის. შვიდი წლის წინ გამიჩნდა სურვილი, რომ სოფელში აშენებულიყო ეკლესია. წითელმთაში წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა ჩემი სახსრებით, სოფლის მოსახლეობის და კეთილი ადამიანების დახმარებით დავიწყე. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მივდივართ ნელი სვლით, მშენებლობა მიმდინარეობდა დღემდე. ჯერ არაა დამთავრებული. ბოლო ხანებში შემოგველია ყველანაირი სახსრები, ვეძიებდით რაღაც დახმარებებს. ის ეზო, სადაც ეკლესიის მშენებლობა დავიწყეთ, ყოფილი კოლმეურნეობისაა, სადაც ჯართის სახით ძველი რაღაცეები იყო დატოვებული. ჩავაბარეთ ეს ეკლესიის მოსახმარად. აქვე იყო სასწორი, რომელიც მე პირადად ავიღე და ჩავაბარე ორი თვის წინ. რა თქმა უნდა, იგივე ეკლესიის მშენებლობისთვის. ამის გამო დამაპატიმრეს და ჩემი მისამართით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეს სასწორი იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომელმაც აღიარა, რომ მის კუთვნილებას წარმოადგენდა. ჯარიმის სახით დამაკისრეს 1500 ლარის გადახდა. მომისაჯეს პირობით 4 წელიწადი, ეს არის ჩემი პრობლემა, _ გვიამბობს მალხაზ კუჭუღიძე.
გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს სოფელ წითელმთის მცხოვრებლების განცხადება, რომლითაც მათ ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართეს, ასლი კი რედაქციაში მოიტანეს:
“მოგახსენებთ, რომ 2006 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტის მეუფე იოსების კურთხევით დავიწყეთ სოფელ წითელმთის ეკლესიის მშენებლობა. ეკლესიის მდებარეობად გამოცხადდა ყოფილი კოლმეურნეობის ეზო, სადაც განთავსებული იყო ტვირთამწეობის სამანქანო სასწორი, წყობდან გამოსული, ეს ქონება იყო ჩვენი სააქციო საზოგადოება “წითელმთის“ კუთვნილება, რომელშიც გაწევრიანებული ვიყავით სოფლის მოსახლეობა. გამომდინარე იქედან, რომ სააქციო საზოგადოება გაუქმდა, ეს ქონება მივიჩნიეთ ჩვენს საკუთრებად და სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით თვირთამწეობის სამანქანო სასწორი ჩავაბარეთ ჯართში, მიღებული თანხა კი მოვახმარეთ ეკლესიის მშენებლობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ბრალი წაეყენა ჩვენი სოფლის მკვიდრს მალხაზ კუჭუხიძეს. “ ეკლსიის მშენებლობა დასრულების სტადიაშია, რომელიც შენდება მცირედი შემოწირულობით და სოფლის მოსახლეობის უანგარო მონაწილეობით, გვიკურთხეს მოძღვარიც,” _აღნიშნულია განცხადებაში.
2013 წლის 31 მაისს ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ, მალხაზ სირაძემ შუამდგომლობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, ბრალდებულ მალხაზ კუჭუხიძის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს 3 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ, იმ მოტივით, რომ მალხაზ კუჭუხიძემ თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას. აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა და უზრუნველყოფილი იქნას განაჩენის აღსრულება. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა:
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შოთა ჩხაიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და ბრალდებულ მალხაზ კუჭუხიძის მიმართ, აღმკვეთის ღონისძიების სახით, გამოყენებული იქნას გირაო 3000 ლარის ოდენობით.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი, შოთა ჩხაიძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ პროკურატურაში შემოვიდა განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით. გამოიკვეთა, რომ ეს სასწორი იყო სახელმწიფოს კუთვნილება, ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკის ბალანსზე, რომლის ოფიციალური ღირებულება 1500 ლარი. მან აანაზღაურა მ ზიანი, შეეფარდა გირაო 3000 ლარი და შემდეგ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. პირობით მსჯავრზე ის აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, აქედან გამომდინარე მას შეეფარდა საპროცესო,_ გვითხრა ჩხაიძემ.
ჩვენებური სამართალით შეწუხებული წითელმთის მცხოვრებლები ამბობენ, ჯართში ჩაბარებული კოლექტივის სასწორი, კაცს ცხოვრების ფასად დაუჯინეს, რისი იმედი უნდა გქონდეს, როცა კანონი ამის მეტად ვერ გიცავსო, _ ჩივიან ისინი.