მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს უნივერსიტეტის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დადგენილებას ხელი მაინც მოაწერა.
“არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნას) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტები _ აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს _ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.
_ საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ¬_ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი _ 204861970) სამართალმემკვიდრედ.
_ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,” _ ნათქვამია 29 ივლისით დათარიღებულ დადგენილებაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ფიქრობს, რომ მთავრობის აღნიშნული ინიციატივა უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევის მცდელობაა, რასაც მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.
ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემაში დეპუტატი ელისო ჩაფიძე იმასაც ამბობდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა უნივერსიტეტების არჩევანია და არა ვალდებულება:
“აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილების შედეგად, საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნის უფლება და არა ვალდებულება. ჩვენ ჩავეკითხეთ განათლების სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით და დავაზუსტეთ, რომ უნივერსიტეტები საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნებიან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შედეგად. ერთადერთი შეზღუდვა, რაც შეიძლება იყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ისეთი სამეწარმეო საქმიანობის უფლების შეზღუდვა, რომელიც არ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო ან სამეწარმეო საქმიანობასთან. სიმართლე რომ გითხრათ, ეს აჟიოტაჟი და ვეტოს დადების მოთხოვნა მგონია ხელოვნურად შექმნილი პრობლემა და გამოხატავს აღნიშნული უნივერსიტეტების ხელმძღვანელების დაპირისპირებულ დამოკიდებულებას განათლების სამინისტროსთან. ვფიქრობ, ეს არის გარკვეული თავდაცვის მექანიზმი იმისთვის, რომ არ შევისწავლოთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სიტუაცია,” _ განაცხადა ჩაფიძემ ინტერნეტგამოცემა www.sazogadoeba.ge-სთან.