“პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
გელა მებონია: “თქვენ იცით, თუ რა სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა გუშინ სასამართლომ. სწორედ ამიტომ, როგორც ხალხის, ისე ჩვენს აღშფოთებას საზღვარი არ აქვს და ვსვამთ კითხვებს:
1. რატომ არ მუშაობს შესაბამისად გენერალური პროკურატურა?
2. რას აკეთებს იუსტიციის მინისტრი?
მე მივმართავ იუსტიციის მინისტრ, ქ-ნ თეა წულუკიანს. ქალბატონო იუსტიციის მინისტრო, არაერთხელ მითქვამს, რომ თქვენი ურთიერთობა ხალხთან და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან არ უნდა იყოს ტყუილზე აგებული. თქვენი განცხადება, რომ გაქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება, არ შეესაბამება სიმართლეს და სწორედ ამიტომ შეცდომაში შეიყვანეთ ქართველი ხალხი, პრემიერი, პარლამენტი და უკანონოდ დაიკავეთ თანამდებობა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვ, წარმოადგინოთ თქვენი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტი, როგორც წინათ, აგებული იყოს ერთი ადამიანის ხუშტურებზე. თქვენს უკანონოდ დანიშვნას მოჰყვა უმაღლესი რანგის გენერალური შტაბის უფროსის დაკავება. ხოლო გამოძიების შემდგომი პროცესი წარიმართა კანონდარღვევით. ამ ყველაფერმა საბოლოოდ გამოიწვია ის, რაც გუშინ ტელევიზიით მთელმა საქართველომ იხილა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოფილი გენერალური შტაბის უფროსი _ ბრჭყალებში “გენერალი” კალანდაძე მიიღო, როგორც გმირი. ჩვენ გვაინტერესებს, მას გენერლის წოდება რომელ ომში მიენიჭა _ სამაჩაბლოს, აფხაზეთის თუ რუსეთ-საქართველოს ომში?! ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გაგვაჩნია ინფორმაცია, თუ საიდან და როგორ მიიღო მან ეს წოდება. სამარცხვინოა, რომ ჩვენს ხალხს ჰყავდეს ასეთი გენერლები, ჩვენს ჯარს არ სჭირდება ასეთი “ფსევდო-გენერლები”!
თხოვნით მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონო პრემიერო!
გთხოვთ, გააანალიზოთ გუშინ მომხდარი ფაქტები და ამასთან დაკავშირებით მიიღოთ გადამწყვეტი ზომები. ჩვენ თუ ამ პრობლემას წავუყრუეთ, აუცილებლად გაიზრდება ხალხის უკმაყოფილება, რითაც ისარგებლებენ გარკვეული ძალები და მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ქმედება საჭიროა სწორი და კარგად გაანალიზებული გადაწყვეტილებების მიღება, ჩემი აზრით, აუცილებელია თქვენი მკაცრი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.”
პრესკონფერენციის დასასრულს მოძრაობის პრეზიდენტმა მიმართა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს და საზოგადოებრივ არხს, რათა მიიწვიონ პირდაპირ ეთერში და მისცენ საშუალება ისაუბროს ამ და სხვა სასწრაფოდ გადასაჭრელ პრობლემებზე.