ამ ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. აბსოლუტური უმრავლესობა ორგანიზატორებს უწუნებს იმ ფაქტს, რომ იმ დიდი “გურიის” წევრებმა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს. დავით უგრელიძე ყოველივეს გამგებლის პირად ინტერესებს უკავშირებს.
ლანჩხუთის გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა “გურიის” დირექტორის, კობა მირზაშვილის კომენტარი: “როცა ღონისძიების ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებდით, გამგებელმა მთხოვა ყველა იმ ფეხბურთელისთვის დამერეკა და დამეპატიჟებინა, ვინც ოდესმე “გურიაში” თამაშობდა. პირადად ვესაუბრე გია გილიგაშვილს, რომელიც თბილისში არ იმყოფებოდა, ვესაუბრე გიგლა იმნაძეს, რომელმაც მადლობა გადამიხადა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ჩამოსვლა. რამდენჯერმე დავურეკე დავით უგრელიძესა და მერაბ თევზაძეს, მათ ჩემს ზარებს არ უპასუხეს. ამჟამად ლანჩხუთში არ ვიმყოფები, როცა ჩამოვალ ყველა იმ შეკითხვას გავცემ პასუხს, რაც ლანჩხუთის “გურიას” ირგვლივ არსებობს,” _ აცხადებს დირექტორი.
ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძეც აცხადებდა, რომ ყველა დაპატიჟეს, ზოგმა ზარს არ უპასუხა, ზოგიც ვერ ჩამოვიდა: “კაცს რომ ათჯერ დაურეკავ და ერთხელ ყურმილს არ აიღებს, ჩვენ რა უნდა ვქნათ?” _ უკვირს გამგებელს.
მან თამაშის დღეს “გურია ნიუსთან” საუბარში ზვიად სიჭინავას დაუპატიჟებლობა იმით ახსნა, რომ სფფ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობა არ ჰქონია. ახლა იგი მზად არის, რომ სიჭინავას ბოდიშიც მოუხადოს: “პირადად სიჭინავასთან საუბარი არ მქონია. არც პირადად ვიცნობ. მე ველაპარაკე სპორტის მინისტრს და ვთხოვე, რომ დასწრებოდა ამ თამაშს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაკი სიჭინავას არ ვიცნობ, იმიტომ არ დავპატიჟე. რამდენიმეს მე თავად შევეხმიანე და კლუბის პრეზიდენტიც გავაფრთხილე, რომ ვინც კი იყო ფეხბურთთან დაკავშირებული, ყველა დაეპატიჟებინა. პირადად მე უნდა მომეწვია, ალბათ. სიჭინავას დავურეკავ და შეიძლება ბოდიშიც მოვუხადო. კი არ გამომრჩენია, უბრალოდ, კომუნიკაცია არ შედგა,” _ ასე პასუხობს ჩვენთან გამოქვეყნებულ თავისივე კომენტარს გამგებელმა.
პირველი გამოხმაურება მოვიდა უკრაინიდანაც, რომელსაც გამგეობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს: “შთაბეჭდილებები მრავალფეროვანია. ადამიანები – შესანიშნავი. ქართველები გულღია, თბილი, კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარენი არიან. ქვეყანა, სამწუხაროდ, დანგრეულია. დასანანია, რომ ასეთ შესანიშნავ ადამიანებს უწევთ ამ პირობებში ცხოვრება – ისინი ბევრად მეტს იმსახურებენ. რაც შეეხება ლანჩხუთის “გურიას”, ჩვენ ვეთამაშეთ ვეტერან ფეხბურთელებს. გუნდის ახალ შემადგენლობაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, ფაქტია, რომ ფეხბურთს ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანას, განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება. აუცილებელია აშენდეს კარგი სტადიონები, განვითარდეს ინფრასტრუქტურა და ა.შ. მაგრამ თუ ქვეყანაში არ იქნა აღმავლობა, ფეხბურთი ისე ვერ განვითარდება. საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვარ ნამყოფი. ძალიან მინდა, რაღაც დროის შემდეგ კვლავ ჩამოვიდე თქვენს ქვეყანაში და დავინახო როგორ შეიცვალა ბევრი რამ უკეთესობისაკენ. ქართველ ხალხს, მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას!” _ წერს კიეველთა მეკარე სვიატოსლავ სიროტა.
მეტად საინტერესო კომენტარი ვრცელდება ლანჩხუთის გამგებლისგანაც, რომელიც ზვიად სიჭინავას ნათქვამს, რომ ის არ დაუპატიჟებიათ, ერთგვარად ეჭვქვეშ აყენებს.
ზაზა ურუშაძე: “ითქვა ისიც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა თითქოს (თითქოს?! აკი, არ მაქვს ურთიერთობა და არ მოვიწვიეო? მერე კი, დავურეკავ და ბოდიშს მოვუხდიო?! რედ.) არ გვყავდა მოწვეული. მე ახლახან ტელეფონით ვესაუბრე მას. გაირკვა, იმ დღეს საქართველოში არ იმყოფებოდა (არადა, იმყოფებოდა, რადგან ჩვენ რომ ვესაუბრეთ თამაშის დღეს, საქართველოში იყო… ვერ გეტყვით, პრეზიდენტმა უხერხულობა ააცილა გამგებელს და უწყინარი ტყუილი უთხრა, თუ ბატონი ზაზა იცილებს უხერხულობას და თავად იტყუება “უწყინრად”, მაგრამ ფაქტია _ იყო თუ არა საქართველოში, ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს _ ეს ხომ მერე გამოჩნდა?! თან სფფ-ს პრეზიდენტს მობილურით არ პატიჟებენ _ ფეხბურთის ფედერაციაში უნდა მისულიყო მოპატიჟება _ ესაა წესი! ეს წესები კი ბატონმა ზაზამ, ვფიქრობთ, სხვებზე უკეთ იცის. რედ.). ბატონი ზვიადი პირიქით შეწუხებულია პრესაში გამოქვეყნებული მასალებით. მითხრა, რომ არ ვიცი, რა წერიაო… (საინტერესოა, ბატონი ზვიადი დაუპატიჟებლობამ შეაწუხა, თუ მედიაში გასულმა მასალებმა? ან თუ არ წაუკითხავს, როგორაა დაწერილზე შეწუხებული? რედ), ასეთი ღონისძიებები მისასალმებელია, იგი ხელს უწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებასო” (ბატონი ზაზა მოსაბოდიშებლად დარეკვას აპირებდა და ისე გამოყავს, “იქით მოუხდია” ბოდიში ბატონ ზვიადს _ კიდე კაი, რომ არ დამპატიჟე, თორემ აქეთ არ ვიყავი და “რაიონული მასშტაბით” ხო შევრცხვებოდიო? რედ.).
ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს საპატიო მიზეზი გააჩნდა _ კლუბის ლეგენდარული კაპიტანი იმ დღეს პარლამენტში სხდომას ესწრებოდა. ის კი, რატომ ვერ მოხვდნენ “გურიის” ვეტერანთა რიგებში გიგლა იმნაძე, კარლო მჭედლიძე, დავით უგრელიძე, გოჩა ტყებუჩავა, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, ოთარ კორღალიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მამუკა აბუსერიძე, ავთანდილ ქანთარია, ლევან ბარათაშვილი, დავით ცომაია და სხვები, კითხვებს ტოვებს.
ეს ადამიანები ყველა იმ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რაც “გურიასთან” არის დაკავშირებული. როგორც კულუარებში ითქვა, ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეული დაპირისპირება აქვს “გურიის” რამდენიმე წევრთან, რომლებიც საარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” და თემურ ჩხაიძეს ეხმარებოდნენ.
მათი დაუპატიჟებლობაც, სავარაუდოდ, ამის მიზეზია, ხოლო დანარჩენები იმიტომ არ ჩამოიყვანეს, რომ სკანდალი არ აგორებულიყო. “არავის დავუპატიჟებივარ, არც თამაშზე და არც სტუმრის რანგში,” _ გვითხრა 80-იანი წლების “გურიის” წევრმა, მერაბ თევზაძემ.
ჩვენ დავუკავშირდით “გურიის” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ოთარ კორღალიძეს.
_ ბატონო ოთარ, კიევის “დინამოსთან” ამხანაგურ თამაშზე არც თქვენ დაგპატიჟეს?
_ არა, არ დამპატიჟეს და ძალიან ნაწყენი ვარ. მერამდენედ აკეთებენ უკვე ამას. 5 წელიწადი მარტო კაპიტანი ვიყავი გუნდის, ლანჩხუთელი მეუღლე მყავს… ნუთუ იმდენი არ გამიკეთებია “გურიისთვის”, რომ ასეთ შეხვედრაზე მივეწვიე?! სირცხვილია, უბრალოდ! მაინტერესებს, ვინ არიან დაპატიჟებულები.
ბატონ ოთარს რამდენიმე მონაწილის გვარი ვუთხარით, რაზეც მის კომენტარს აქვე გთავაზობთ:
_ მაგ ხალხს ეკუთვნის მიპატიჟება და ოთარ კორღალიძეს არა? აწი, აღარ მიხსენონ “გურია”! უნამუსოები არიან!
გავარკვიეთ, რომ მიპატიჟება არ მიუღია ლანჩხუთის ყოფილ გამგებელ გია გოგუაძესაც, ვისაც კლუბის ბოლოდროინდელ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის და ორი წლის წინათ “გურიის” ვეტერანებს ლამაზი საღამო მოუწყო: “არავის დავუპატიჟებივარ. თუ მიხეილ ფომენკო ჩამოვიდოდა, მე ვალდებული ვიყავი დაპატიჟების გარეშეც მივსულიყავი და მენახა, რადგან ერთი კვირა მასთან ვცხოვრობდი სახლში. შარშანწინ ის მოვიპატიჟეთ, მაგრამ ვერც მაშინ ჩამოვიდა,” _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში გია გოგუაძემ.
ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის დირექტორი დურმიშხან ჩხაიძეც ამბობს, რომ მასაც არავინ დაუძახა. ცნობისთვის, მან ორჯერ მოაწყო “გურიის” ვეტერანთა გრანდიოზული საღამო _ ერთხელ მერაბ ჟორდანიას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მეორედ კი “გურიის” 80 წლის იუბილეზე.
როგორც გავიგეთ, მიპატიჟებულთა შორის არც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია იყო და არც ის ადამიანები, ვინც “გურია” უმაღლეს ლიგაში გადაიყვანეს.
ჩვენ კომენტარი გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძესაც ვთხოვეთ:
_ როგორც ვიცი, თქვენ თამაში შემოგთავაზეს.
_ კი, მაგრამ უარი ვთქვი. ორი კვირის წინათ გუნდიდან გაგვიშვეს მთელი შემადგენლობა და ახლა როგორ მივიღებდი მონაწილეობას?
_ ამბობენ, თემურ ჩხაიძესა და გამგებელთან შეხვედრაზე ამ მატჩში მონაწილეობაზეც შეთანხმდით.
_ მე არ ვესწრებოდი შეხვედრას, თუმცა, იმ შეთანხმებიდან ყველაფერი დაარღვიეს და რაღა მაინცდამაინც ეს უნდა შეგვესრულებინა?
_ გურიის ფედერაცია სტუმრის რანგში თუ დაპატიჟეს მაინც?
_ არა. აქვე ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაში მე ნამდვილად არ უნდა მიმეღო მონაწილეობა, რადგან იქ უნდა ყოფილიყვნენ იმ დიდი “გურიის” წევრები. როცა 80-იანი წლების “გურიას” არ პატიჟებ, ჩემი დაუპატიჟებლობა რა მოსატანია?!
_ თუმცა, ასევე ხართ გრფფ-ის პრეზიდენტი.
_ რა გითხრათ, რეგიონულ ფედერაციას არანაირი მოწვევა არ მიუღია. ასევე მეტად გასაოცარია ის, რომ ასეთ საფეხბურთო საღამოზე მიპატიჟება არ მიუღია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.
გარდა იმისა, რომ ასეთ საღამოზე ფედერაციის მიწვევა დაუწერელ კანონად ითვლება, ზვიად სიჭინავასთან გურულებს საპრეტენზიო არც უნდა ჰქონდეთ _ სწორედ ამ ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციამ დააგო ლანჩხუთში თანამედროვე მინდვრის საფარი, რომელსაც ხეირიანად ვერ უვლიან და შეუძინა რეგიონული ფედერაციის ოფისი, რომლის თავკაცობისთვის პოლიტიკური ბრძოლაა გამოცხადებული.
როგორც ხედავთ, ოფიციოზისა და ვეტერანების მოსაზრებები განსხვავებულია. ჩვენ აქ მტყუან-მართალს ვერ გავარკვევთ, ერთი რამ კი ცხადია _ მომხდარმა ფაქტმა მართლაც ლამაზი საფეხბურთო შოუ გააუფერულა.
ახლა კი კიდევ ერთი განაწყენებული ადამიანის პოზიციას გაგაცნობთ. ლანჩხუთურ შეხვედრაზე არ დაპატიჟეს ევგრაფ შევარდნაძის ოჯახი _ იმ ადამიანის ოჯახი, რომელმაც ლანჩხუთის ფეხბურთში მთელი ეპოქა შექმნა! ლანჩხუთში ხომ დღესაც ასეა: ამბობენ “გურიას” და გულისხმობენ ევგრაფ შევარდნაძეს და პირიქით. თამაშიც ხომ სწორედ ევგრაფ შევარდნაძის სახელობის იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც დღესაც არსებობს სკამი-რელიქვია, რომლიდანაც ბატონი ევგრაფი თვალყურს ადევნებდა საფეხბურთო მატჩებს.
რა თქმა უნდა, ყველაფერს გამგებელს ვერ დააბრალებ, მან მთავარი მოახერხა _ კიევის “დინამო” ჩამოიყვანა, მაგრამ იმ ხალხს მაინც უნდა გახსენებოდა შევარდნაძეების ოჯახი, ამ ორიოდ თვის წინ, სახლი რომ “აუტალახეს” გურიის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მხარდასაჭერად.
აი, რა გვითხრა სოფო შევარდნაძემ: _ ძალიან განაწყნებული ვარ. ჩვენი ოჯახი მაგის ღირსი არ იყო! ფეხბურთში და გუნდის ირგვლივ უცოდინარმა ხალხმა რომ მოიყარა თავი, ამის ბრალია ეს ყველაფერი. როდის ყოფილა, ლანჩხუთში რაიმე ჩატარდა საფეხბურთო კუთხით და ჩვენი ოჯახი დააკლდა?! მართალია, ინვალიდის ეტლში ვზივარ, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის “გურია” იმდენად შეუფასებელი რამეა, აუცილებლად ჩამოვიდოდი! როგორც ჩანს, აღარ ახსოვთ მამაჩემის და ჩვენი ოჯახის ღვაწლი…
_ ეს ასე არაა, ქალბატონო სოფო, ლანჩხუთელებს ევგრაფ შევარდნაძე არ და ვერ დაავიწყდებათ, ამაზე არ ინერვიულოთ.
_ როგორ არ ვინერვიულო, როცა არაფრად ჩაგაგდებენ?! უნამუსოები და ტუტუცები არიან _ ასე გადაეცით ჩემგან. აწი ჩემს ოჯახთან ფეხს ვერ მოდგამენ. ისეთ რამეს გავაკეთებ, შერცხვებათ მაგ უნამუსოებს!